მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია''' — არქიტექტურული და არქ...
(განსხვავება არ არის)

17:55, 6 მაისი 2017-ის ვერსია

მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მთიულეთში, დაბა ფასანაურის სამხრეთ მიმართულებით მდებარე სოფელ ბუჩიანის სამხრეთით მდებარე ტყით დაფარულ მთის წვერზე, მდინარე არაგვის მარცხენა სანაპიროზე.

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

არქიტექტურული აღწერა

მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია, რომლებსაც სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ერთიანი, ვიწრო გარშემოსავლელი ეკვრის (ძირითადი ზომებია 13.3X12 მ). გარშემოსავლელს ორი სწორკუთხა შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან (მოგვიანებით ამოუშენებიათ) და დასავლეთიდან. მათგან სამხრეთისა შესაბამისი კედლის შუა ნაწილშია, ხოლო დასავლეთისა გარშემოსავლელის ჩრდილო–დასავლეთ კუთხესთან. მოგვიანებით ამ უკანასკნელისათვის გარედან მიუდგამთ გეგმით ტრაპეციის მაგვარი მცირე (4.2X2.2 მ) სადგომი; რომელსაც ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. როგორც ჩანს, იგი კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა. გარშემოსავლელი ეკლესიას უკავშირდება ორი სწორკუთხა შესასვლელით, რომლებიც ერთმანეთის მოპირდაპირედ, ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი ისე, რომ ინტერიერის მხრიდან ისინი შესაბამისი კედლების კიდეებში აღმოჩნდნენ. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლითაა დასრულებული. საკურთხევლის აღმოსავლეთ ნაწილში ფართო სარკმელია გაჭრილი, რომელსაც რაფა საფეხურებად აქვს დამუშავებული. სარკმელი შიგნით ბრტყლადაა გადახურული, ხოლო გარედან თაღოვანია. მსგავსი თითო სარკმელია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ღერძზე. მოგვიანებით დასავლეთ სარკმლის ქვემოთ (იატაკიდან 1.2 მ სიმაღლეზე) ფართო სწორკუთხა ღიობი მოუწყვიათ, რომელიც გარშემოსავლელის დასავლეთ ნაწილის სივრცეში გადის. საკურთხევლის გვერდის კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. სამხრეთის ნიშის ზემოთ კიდევ ერთი მცირე სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელზე, სარკმლის ქვემოთ, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურებითაა შემაღლებული, რომელზედაც (საკურთხევლის მხრების ხაზზე) შემორჩენილია კვადრატული (1.1X1.1 მ) შემაღლება, რომელიც ტრაპეზის ან ჯვრის საყრდენი პოსტამენტის ნაწილი უნდა იყოს. საკურთხეველი გადახურულია ერთიანი კამარით, რომელსაც დარბაზის კამარის მსგავსად, განიკვეთში ოდნავ გაშლილი ნახევარწრის ფორმა აქვს. დარბაზის გრძივ კედლებზე შირიმით ნაწყობი თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრებს მარტივპროფილიან კაპიტელებს კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეს კონსტრუქცია დარბაზის სივრცეს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს, რომელთაგანაც დასავლეთისა თითქმის ორჯერ აღემატება აღმოსავლეთისას, ორივე პილასტრში (იატაკიდან 2მ სიმაღლეზე) თითო, მცირე სწორკუთხა ნიშია. დარბაზის კედლებს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს. ინტერიერი შელესილი და მ ო ხ ა ტ უ ლ ი ა. მოხატულობა XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება.

საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრების რთული რედაქცია. აფისიდის ქვემოთა რეგისტრში გამოსახულია რვა წმინდა მამის ფრონტალური ფიგურა, რომელთა შორის განთავსებულია ანთებულ სანთლებიანი ორი შანდალი. დანარჩენ სამ კედლეზე მოხატულობა (ფრაგმენტულადაა შემორჩენილი) ორ რეგისტრადაა წარმოდგენილი. კედლებზე გაირჩევა შემდეგი კომპოზიციები: სამხრეთ კედლის ზედა რეგისტრის დასავლეთის ნაწილში – იერუსალიმში შესვლა. ქვედა რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში – ნათლისღება, დასავლეთ ნაწილში ფერისცვალება. დასავლეთ კედლის ზედა რეგისტრის სამხრეთ ნაწილში – ლაზარეს აღდგინება, ჩრდილოეთ ნაწილში – მირქმა. ამავე კედლის ქვედა რეგისტრის სამხრეთ ნაწილში – წმ. გიორგის ციური კურთხევა, ჩრდილოეთ ნაწილში – სულიწმინდის მოფენა. ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრის დასავლეთ ნაწილში – ღვთისმშობლის მიძინება. აღმოსავლეთ ნაწილში წარმოდგენილია საერო პირი, რომელსაც ხელში უჭირავს (ალბათ მინდატუხუცესი ჭიაბერი, რომელიც ფლობდა „შიდა მთიულეთს“ 1191–1205/8 წლებში).პილასტრებზე განირჩევა ცალკე მდგომ ფიგურათა ფრაგმენტები. საკურთხეველში და კედლებზე მოხატულობის ქვემოთა საზღვარი გამოყოფილია ფართო დეკორატიული ზოლით, რომლის ქვემოთ, იატაკის დონემდე, კედლის სიბრტყეთა დარჩენილი ნაწილები დაფარულია ტეხილი ხაზებით შედგენილი პანელით. მხატვრობის ფერთა გამაში ჭარბობს წითელი, ცისფერი და ფორთოხლისფერის კაშკაშა და ნათელი ტონები. სახეთა დამუშავებაში გამოყენებულია ვარდისფერი ტონი, რომელიც მოდელირებულია მომწვანო ტონებით. ზოგიერთ კომპოზიციაზე შემორჩენილია შავი საღებავით შესრულებული ასომთავრული განმარტებითი წარწერები. ორ კომპოზიციაზე (მირქმა, ღვთისმშობლის მიძინება) წარწერები ნუსხურია, რომელშიც ჩართულია ასომთავრული გრაფემები. გარშემოსავლელის კედლები ეკლესიის კედლებს წყობით არ უკავშირდება, მაგრამ მისი ნათადროულია. გარშემოსავლელის ორივე გვერდითი ნაწილის აღმოსავლეთ კიდეში განივი კედლით გამოყოფილია თითო თანაბარი ფართობის სწორკუთხა სათავსი. ორივე მათგანს აღმოსავლეთით თითო სწორკუთხა სარკმელი აქვს და გარშემოსავლელის დანარჩენ სივრცესთან დაკავშირებულია თითო ვიწრო სწორკუთხა კარით. ჩრდილოეთის სათავსის ჩრდილო კედელში (ერთ სიმაღლეზე), სამი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. სადგომებს სხმული კამარა ხურავს. გარშემოსავლელის დანარჩენი სივრცის განათებისათვის სამხრეთ–დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია, რომლებსაც ბრტყელი გადახურვა აქვთ. გარშემოსავლელის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების შესაბამის კედლებში თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის ფასადები სადაა. სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის მეტ–ნაკლებად რეგულარული წყობით ამოყვანილი საფასადო წყობისათვის, ინტერიერთან შედარებით, მოზრდილი ქვებია გამოყენებული. ფასადები ერთ საფეხურიანი ლავგარდნითაა დასრულებული, რომელსაც ფრონტონის ძირებთან ჰორიზონტალური შემონაკეცები ჰქონია. ამჟამად ლავგარდნის ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოცვენილია. შენობა ფიქლითაა გადახურული.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო