პოლ გოგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ამოვიღე საგაზეთო ტექსტი
ხაზი 24:
 
1873 წელს, მატერიალურად სავსებით უზრუნველყოფილი და მაღალ საზოგადოებაშიც საკმაოდ დაფასებული 25 წლის გოგენი ჯვარს იწერს პარიზში დროებით ჩამოსულ 23 წლის კოპენჰაგენელ აღმზრდელ ქალზე- მეტე სოფი გადზე. პოლსა და მეტეს ხუთი შვილი შეეძინათ: ემილი, ალინა (დედის სიყვარულით დარქმეული სახელით), კლოვინი (მამის მოსახელე), ჟან-რენე და პოლ-როლონი. ქორწინებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში ოჯახი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს. ხუთი შვილი, სამსახურებრივი წარმატება, კარგი რეპუტაცია უკეთეს პერსპექტივას უსახავდა მას მომავალშიც და უცებ, სრულიად მოულოდნელად, მეუღლეს ამცნობს თავის პრინციპულ გადაწყვეტილებას: სამსახურს ვტოვ, რადგან ვირწმუნე, ჩემი ჭეშმარიტი მოწოდება მხატვრობააო.</span>
 
==მოღვაწეობა==
 
ყველაფერი ლაფტის ქუჩიდან დაიწყო, რომელიც განთქმული იყო სამხატვრო სავაჭროებით. დაწესებულება, რომელშიც გოგენი მსახურობდა, იმ ქუჩაზე მდებარეობდა და იქვე, სხვადასხვა ბედის მხატვრებთან და მათ ქმნილებებთან ყოველდღიურმა შეხვედრებმა სადღაც მის სულშიც წლების მანძილზე მიძინებული მხატვარი გააღვიძა. განსაკუთრებით იმპრესიონისტებმა მიიპყრეს მისი ყურადღება. იგი სისტემატურად იძენდა მათ საუკეთესო ნიმუშებს და თვითონაც, თითქოს ისე, სასხვათაშორისოდ, ხატვასა და ფერწერაში ხელს ავარჯიშებდა.
 
მისი მხატვრული ნიჭი პირველად კამილ პისარომ აღმოაჩინა. მისგან მიიღო პოლმა პირველი გაკვეთილები და, ბუნებრივია, თავდაპირველ ფერწერულ ქმნილებებსაც, იმპრესიონისტებისათვის იმ ძვირფასი წინაპარი მხატვრების გარდა, რომელთა შესწავლასაც პისარო ურჩევდა, თვით პისაროს ზეგავლენაც ემჩნევა. მხატვრობის პროფესიული დაუფლების მიზნით, ბანკის თანამშრომელ და მისებრ ხატვით გატაცებულ მეგობართან-ემილ შუფენეკერთან ერთად ,,კოლაროსის აკადემიის" ე.წ. უპროფესორო გაკვეთილებსაც ესწრება (სხვათა შორის, კოლაროსის ამ აკადემიაში 1924 წ. ელენე ახვლედიანი და ქეთევან მაღალაშვილიც მეცადინეობდნენ).
 
ასე გვიან, მაგრამ ძალზე ნაყოფიერად წარიმართა მისი შემოქმედებითი გზა დილეტანტური გატაცებიდან პროფესიული მხატვრობისაკენ და უკვე ის ფაქტი, რომ 1876 წ. მისი ერთი ფერწერული სურათი მიიღო და გამოფინა პარიზის სალონმა, ადასტურებდა მის ნიჭიერებას და პერსპექტიულობას ხელოვნებაში. ხოლო, როდესაც მან თავისი ტილო ედუარდ მანეს ანახა და თანაც მოკრძალებით დასძინა: მე მხოლოდ მოყვარული ვარო, მანემ მისთვის ჩვეული პირუთვნელობით მიუგო: ,,ო, არა მოყვარულები მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც ცუდ ფერწერას ქმნიან..." ამან გოგენი კიდევ უფრო გაამხნევა და საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენაც განუმტკიცა.
 
1880 წლის აპრილში კრიტიკოსი გეისმანსი ყურადღებას ამახვილებს (იმპრესიონისტების მე-5 გამოფენასთან დაკავშირებით) გოგენის ფერწერულ ნამუშევრებზე (,,ერმიტაჟის ვაშლოვანი", ქალაქგარეთა ბაღები", ,,თოვლის ეფექტი"...), აგრეთვე მის მარმარილოს ბიუსტზე და განსაკუთრებით გამოყოფს შიშველი ქალის ეტიუდს, რომელსაც ოსტატობის თვალსაზრისით კურბესთან ათანაბრებს. ერთხანს გოგენი კიდევ განიცდის იმპრესიონისტების ზეგავლენას, ამავე დროს ეძებს ასახვის საკუთარ განსხვავებულ ფორმებსაც... გართულებული ცხოვრების პირობები კი ამის საშუალებას არ იძლეოდა. გარკვეული დროით იგი ოჯახითურთ რუანში გადადის, სადაც პისაროსთან ერთად ღრმად ეუფლება სინათლისა და ჩრდილის ახალ იმპრესიონისტულ მიღწევებს. ცხოვრების იმ უზრუნველყოფილ ვითარებაში ასპარეზი ეძლეოდა დამოუკიდებელ, თავისუფალ შემოქმედებასაც, მაგრამ, თანდათან იცლებოდა რესურსები და იზღუდებოდა შემოქმედებითი თავისუფლებაც, იკლებდა კაპიტალი და მატულობდა აქამდე მშვიდი მეტეს ჭირვეულობაც. გოგენის ყოველგვარი შემდგომი ცდა მძიმე ოჯახური მდგომარეობის გაუმჯობესებისა კრახით დამთავრდა. ვერც მეტეს მშობლიურ ქალაქ კოპენჰაგენში ეწია ბედს. მეტეს მშობლებისა და ნათესავების თვალში იგი მხოლოდ ზედმეტ ტვირთს წარმოადგენდა. დანიური მკაცრი საზოგადოებაც მეტისმეტად ცივი აღმოჩნდა მისი მხურვალე ტემპერამენტისთვის. საბოლოოდ იძულებული ხდება, კოპენჰაგენში დატოვოს ოჯახი, თვითონ კი პარიზში დაბრუნდეს, სადაც მას არაერთ გასაჭირთან შერკინება ელოდა. სრულიად ჯიბეცარიელი, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი გოგენი ერთხანს პარიზის ქუჩებში აფიშების გამკვრელადაც კი მუშაობს და ოდნავადაც არ გრძნობს თავს დამცირებულად იმის გამო, რომ ასეთ გასაჭირშია ჩავარდნილი მაშინ, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ პარიზში ერთ-ერთი შეძლებული კაცის პატივით სარგებლობდა.
 
მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, მაინც ახერხებს 1886 წ. 19 სურათით წარსდგეს იმპრესიონისტების, უფრო სწორედ, თითქოსდა იმპრესიონისტების მერვე, უკანასკნელ გამოფენაზე და ცნობილი კრიტიკოსის, ფელიქს ფენეონის საუკეთესო შეფასებასაც იმსახურებს. 1886 წ. ზაფხულში იგი პატარა ბრეტონულ ქალაქ პონტ-ავენში ცხოვრობს და საკმაოდ ნაყოფიერადაც მუშაობს ფერწერაში. ზამთარში კი ისევ პარიზშია და კვლავ შიმშილის, სიცივისა და აუტანელი სიღატაკის ტყვეობაში იმყოფება. აქვე ხვდება იგი ვინსენტ ვან გოგს, რომელიც ბელგიური ბორინაჟიდან ჩამოვიდა, სადაც მას არანაკლები ტანჯვა და მწუხარება გადაუტანია.
 
გოგენის შემოქმედებითი ცხოვრების ეს პერიოდი მკვეთრი გარდაქმნებით ხასიათდება. უკვე პონტ-ავენში ყოფნის დროს იქ ჩასული ახალგაზრდა ფრანგი მხატვრები მას თავიანთ წინამძღოლად და ე.წ. პონტ-ავენის ანუ ,,კლუაზონიზმის " (,,სინთეზიზმის") სკოლის თავკაცად თვლიან.
 
1887 წ. აპრილში მის მიმდევარ ახალგაზრდა მხატვარ შარლ ლავალთან ერთად მიემგზავრება პანამაში, სადაც მეგობრები იძულებულნი ხდებიან, ლუკმაპურის საშოვნელად ბედი სცადონ პანამის არხის მშენებლობაზე და უმძიმეს სამუშაოზე ციებ-ცხელებითაც ავადდებიან. გამოჯანმრთელების შემდეგ ისინი მარტინიკის კუნძულზე მიდიან, სადაც გოგენი რამდენიმე ტილოს ქმნის. შემდეგ ისევ პარიზი, ისევ პონტ-ავენი, ხოლო 1888 წ. ოქტომბრიდან 1889 წ. დასაწყისამდე ვან გოგის მიწვევით არლში იმყოფება, მაგრამ ფერწერაში მათი ერთობლივი თანამშრომლობის ცდა მარცხით დამთავრდა, ისევე, როგორც მათი შეხვედრა პირდაპირი მნიშვნელობით: მწვავე ფსიქიკური შეტევისას ვან გოგი ქუჩაში მოულოდნელად თავს დაესხა გოგენს და თუ არა ყოველი მოსალოდნელი საფრთხისაგან თვით გოგენისავე თავის დაღწევის საოცარი უნარი, სულ ადვილად შეიძლებოდა, მსხვერპლი გამხდარიყო მისი ბასრი სამართებლისა.
 
1889 წ. პარიზში საერთაშორისო გამოფენის დროს, გოგენი და მისი მიმდევრები ვოლპინის კაფეში აწყობენ ,,იმპრესიონისტებისა და სინთეზისტების ჯგუფის" სახელწოდებით თავიანთი სურათების გამოფენას, რომელსაც მათ მიერ ნავარაუდევი წარმატება სულაც არ მოჰყოლია. თანამედროვეთა უმრავლესობისათვის უმალვე გასაგები და მისაღები როდი აღმოჩნდა მათი ნოვატორული ხელოვნება.
 
მაყურებელთა გულგრილობით, ლუკმაპურისათვის გამუდმებული ხეტიალითა და სხვა უამრავი გასაჭირით დაღლილი გოგენი ოდილონ როდენს ატყობინებს: ,,მივემგზავრები ტაიტზე და ალბათ სიცოცხლესაც იქ დავამთავრებ". მთელი ის დრო, რომელიც მან ტაიტზე 1891-93 წწ. გაატარა, აღინიშნებოდა დრამატიზმით, იმედის გაწბილებით, კოლონიურ სინამდვილესთან მძაფრი კონფლიქტით. თუმცა შემოქმედებითად ის მეტად ნაყოფიერია. უდიდესი ფანტაზიით აღსავსე, მუშაობისას იყენებს კუნძულზე არსებულ ბუნებრივ მასალას, ხატავს ტაიტიზე დამზადებულ უხეშ ტილოზე, რომელსაც ,,ჰესიანი" ეწოდება...ტაიტიდან იგი ორიოდე წლით ისევ პარიზში ბრუნდება, თუმცა მაინც თავისი იდეალების ერთგული რჩება და 1895 წ. ისევ თავისი საოცნებო კუნძულებისაკენ მიეშურება. 1901 წლამდე გოგენი იქვე რჩება, იქიდან მარკიზის კუნძულებზე, დაბა დომენიკზე გადადის, სადაც 1903 წლის 8 მაისს, თითქოსდა, ყველასაგან მივიწყებულმა და მარტოსულმა, სინამდვილეში - საყოველთაოდ აღიარებულმა და ვალმოხდილმა, სამუდამოდ დატოვა ამქვეყნად თავისი უკანასკნელი სამყოფელი.
 
სიცოცხლის იმ უკანასკნელ წუთებშიც მას უთუოდ თავისი უერთგულესი მეგობრის - დანიელ დე მონფრედის სიტყვები ანუგეშებდა: ,,...შენ ახლა უნიკალური, ლეგენდარული მხატვარი ხარ, რომელიც შორეულ სამხრეთის ზღვებიდან დიდი მხატვრის განსაცვიფრებელ, განუმეორებელ და სრულყოფილ ქმნილებებს გვიგზავნი... შენი მტრები სდუმან, ისინი ვეღარც გიბედავენ შემოტევას, ამის გაფიქრებაც კი აღარ ძალუძთ... შენ უკვე ყველა დიდი ადამიანივით მიუწვდომელი ხარ და ხელოვნების ცოცხალ ისტორიას ეკუთვნი".
 
== გალერეა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პოლ_გოგენი“-დან