Kid A: განსხვავება გადახედვებს შორის

Radiohead-ის ალბომი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''Kid A''' ინგლისური როკ-ჯგუფის რედიოჰედის პირვ...
(განსხვავება არ არის)

12:34, 17 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

Kid A ინგლისური როკ-ჯგუფის რედიოჰედის პირველი ალბომია, გამოსვლის თარიღი: 2000 წლის 2 ოქტომბერს გამოვიდა პროდუსერ Nigel Godrich-ის ხელმძღვანელობით.

ისტორია

1999 წლის ბოლოს რედიოჰედმა მომდევნო ალბომზე დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა რომ ხმის ჩამწერი სტუდიისგან არც ზეწოლას და არც დაწესებულ ვადებს ჰქონია ადგილი, დაძაბულობა მაინც დიდი იყო. რედიოჰედის მომავალთან დაკავშირებით ჯგუფის ყველა წევრს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. საბოლოოდ, უკლებლივ ყველა შეთანხმდა ახალ მუსიკალურ მიმდინარეობაზე, რომელიც თავიდან გადაანაწილებდა როლებს ინსტრუმენტების გამოყენების მიხედვით. თავდაპირველად რედიოჰედმა ცოცხალ შესრულებას დროებით თავი მიანება და პროდიუსერ ნაიჯელ გოდრიჩთან ერთად იზოლირებულად დაიწყო მოგზაურობა პარიზის, კოპენჰაგენისა და გლოჩესტერის სტუდიებში, სანამ, საბოლოოდ, ოქსფორდის ახალ სტუდიაში არ დასახლდა. აქ 40 ახლადჩაწერილი სიმღერა 30-მდე იქნა შემცირებული, რომლებიც შემდგომ ორ ალბომში და ბი-საიდებში იქნა წარმოდგენილი. OK Computer-ისგან განსხვავებით რედიოჰედის ახალ ტრეკებში ასახული მინიმალისტური სტრუქტურა (სასიმღერო ბგერათა გამეორება, ვიბრაცია) სრულიად განსხვავებულ სტილს სთავზობდა მსმენელს, სადაც გიტარის როლი ნაკლებად იყო წარმოჩენილი. სიმღერებს მრავალფეროვანი ინსტრუმენტალური დავირთვა აქვთ – ტრადიციული როკ-საშემსრულებლო კომპონენტების – გიტარის, ბასის, დოლისა და კლავიშების გვერდის ავლით რედიოჰედმა დაიწყო ორღანის, დაპროგრამებული ელექტრონული ბითების, სტრინგისა და ჯაზის ჩასაბერი ინსტრუმენტების გამოყენება. ჯონი გრინვუდმა – ჯგუფის ერთადერთმა წევრმა, რომელსაც თეორიულ მუსიკაში ჰქონდა მიღებული განათლება – სწორედ სტრინგის გამოყენებით ჩაწერა ცნობილი “How to Disappear Completely”, დორჩესტერის წმ. ჯონის სახელობის სააბატო ორკესტრის დახმარებით, სადაც თავად გრინვუდმა ორღანის პარტია შეასრულა. აღსანიშნავია თანამედროვე ჯაზისა და ელექტრონიკის მეტად ორიგინალური შეხამება ტრეკში “The National Anthem”, სადაც ტომის განზრახვით, ჩარლზ მინგესის მიმსგავსებით ჩასაბერი ინსტრუმენტების პარტია დომინირებს. მისივე ინიციატვით, ჯონიმ ამ სიმღერაში უკიდურესად თავისუფალი ჟღერადობის მუსიკა შექმნა, რომელიც “სატრანსპორტო საცობს” გავს. ასევეა “Idioteque” – ტრეკი სადაც ორივე გრინვუდმა ექსპერიმენტულ “სემპლინგს” (ამონაჭრები სხვადასხვა სტილის მუსიკიდან) მიმართა.

რაც შეეხება ლირიკას, ამ ალბომში ყველაზე ნაკლები შინაარსობრივი დატვირთვა სწორედ სიმღერის ტექსტებს აქვს. თავად იორკს ესიმპატიურებოდა აზრი, რომ მისი ხმა კიდევ ერთი ინსტრუმენტი იყო ჯგუფისთვის და ნაკლებად ენიჭებოდა წამყვანი როლი. შესაბამისად, ნაკლები აქცენტი გაკეთდა ტექსტებზე – ზოგი მათგანი სიზმრებისგან მოდიოდა, ზოგი ოცნებებისგან, ზოგიც თავად ჯგუფის წევრებისა და მათი მეგობრების რჩევებით იქმნებოდა (მაგალითად სიტყვები “If you try the best you can, the best you can is good enough” სიმღერიდან “Optimisticიორკს თავისივე მეგობარმა გოგონამ რეიჩელ ოუენმა შთააგონა). ალბომის სახელწოდებას “Kid A” მრავალი ქვეტექსტი შეუთავსეს, მაგრამ თავად ჯგუფის ლიდერის განცხადებით, ეს ნებისმიერი რიგითობის ამსახველი დეფინიციაა, რაც კი თავში სპონტანურად შეიძლება მოუვიდეს ადამიანს. რედიოჰედის ამ პირველ ფსიქოდელიურ ალბომს შესაბამისი გარეკანი ამშვენებს – ისევდაისევ სტენლი დონვუდისა და “თჩოკის” (ტომ იორკის მეტსახელი) ფანტაზიით, მასზე გამოსახულია შემთხვევითი კომპიუტერული წესით შერჩეული მთა, რომლის ძირიც აბდაუბდა ნახატით არის “გაფუჭებული”, შუაში კი წითელი გუბეც მოჩანს (გამოხატავს ტერორისტთა და ომის შედეგად დაღუპული ადამიანების სისხლს). ეს სიმბოლურად ასახავს კოსოვოს 1999 წლის ზამთრის ომს. ამ ალბომშიც ჩაიდო იორკისა და ჯგუფის დანარჩენი წევრების პოლიტიკური იდეოლოგია – დისკის ქვეშ მოთავსდა ბუკლეტი, რომელიც მოიცავდა პოლიტიკურ მოწოდებებსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისტონი ბლერის დემონურ პორტრეტს.

18 თვის შემდეგ, 2000 წლის აპრილში Kid A-ს ჩაწერა დასრულდა. იდუმალებისა და კლაუსტროფიული ელემენტების სინთეზმა შოკში ჩააგდო ინდუსტრიული სამყარო. მიუხედავად იმისა რომ ალბომის არც ერთი სინგლი არ გამოსულა, იქმნებოდა “ბლიფები” (ანიმაციური სახის კლიპები) და ე.წ. “ანტი-ვიდეოები” რეჟისორ კრის ბრანისა და ჯგუფის დიზაინერ სტენლი დონვუდის მიერ. ყოველივე ეს უფასოდ ვრცელდებოდა ინტერნეტით. მუსიკალური ინდუსტრიის ბოსები გაოცებას ვერ მალავდნენ, რადგან ეს ყველაფერი ალბომის გაყიდვების დონეს მკვეთრად შეამცირებდა. ტომს სთხოვდნენ, დაბრუნებოდა ალტერნატიულ როკს და კომერციული მუსიკა შეექმნა. ყველაფერი პირიქით მოხდა – როცა ჯგუფი ბარსელონაში მართავდა კონცერტს, სამი კვირის შემდეგ ისრაელის კონცერტზე ხალხი უკვე ზეპირად მღეოდა Kid A-ს სიმღერებს. ალბომმა ა.შ.შ-სა და ბრიტანეთის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ასევე მოწინავეთა შორის იყო საფრანგეთში, კანადაში, ირლანდიასა და ახალ ზელანდიაში. ამერიკული ბილბორდის სათავეში მოქცევამ კი რედიოჰედი იმ იშვიათი თანამედროვე ბრიტანული ჯგუფების გვერდით დააყენა, რომლებმაც ამერიკულ ბაზარზე შეღწევა მოახერხეს. 2001 წელს Kid A-მ გრემი აიღო საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის. მრავალმა კრიტიკოსმა აღიარა რედიოჰედი, უკვე როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ჯგუფი, თუმცა ახალი ალბომის წარმატებას მსოფლიო მასშტაბები არ მოუპოვებია. იყვნენ ისინიც ვინც რედიოჰედს მუსიკალური “ანდერგრაუნდის” სტილის მიმდევრებად მიიჩნევდა და ჯგუფის მიმართ გამოხატულ ქებას დაუმსახურებულად აფასებდა. რედიოჰედის თაყვანისმცემლებიც შესაბამისი ნიშნით დაიყვნენ – ისინი ვისაც თავზარი დასცა Kid A-მ და ისინი ვინც Kid A-ს რედიოჰედის საუკეთესო ნამუშევრად მოიაზრებდა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Kid_A&oldid=317211“-დან