კონსტანტინე გრძელიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კონსტანტინე კონსტანტინეს ძე გრძელიშვილი''' (დ. 13 სექტემბერი...
(განსხვავება არ არის)

08:22, 6 აპრილი 2015-ის ვერსია

კონსტანტინე კონსტანტინეს ძე გრძელიშვილი (დ. 13 სექტემბერი, 1902, თბილისი — გ. 13 სექტემბერი, 1970, იქვე) — ქართველი მხატვარი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია

1921 წელს დაამთავრა რეალური სასწავლებელი და სწავლა განაგრძო სამხატვრო აკადემიაში. პირველი სამი კურსი გაიარა გამოჩენილი მხატვრის, პროფესორ გ. ი. გაბაშვილის კლასში, 1925 წელს გადავიდა აკადემიკოს ევგენი ლანსერეს სახელოსნოში, ხოლო აკადემია დაამთავრა 1927 წელს. ჯერ კიდევ აკადემიაში შესვლამდე სრულიად ახალგაზრდა ხატვასა და ხაზვას ასწავლიდა თბილისის სამხატვრო ტექნიკუმში, საფაბრიკო საქარხნო სასწავლებელსა და პირველ საალო სკოლაში; თეატრებსა და კლუბებში მხატვრულად აფორმებდა სპექტაკლებს, გამომცემლობებში წიგნებს, თანამშრომლობდა ჟურნალებში. 1924 წლიდან სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს მხატვართა გამოფენებში, მისი ნამუშევრები იგზავნებოდა მოსკოვის, ლენინგრადის, ხარკოვისა და სხვა ქალაქების გემოფენებზე.

კ. გრძელიშვილი 1934 წლიდან პედაგოგობდა თბილისის სამხედრო-საშეფო სტუდიაში, სადაც მთელ თავის ნიჭსა და უნარს უშურველად ახმარდა ახალგაზრდა მხატვართა გამოვლენისა და აღზრდის საქმეს. 1943 წელს იგი საშეფო ხაზით გაგზავნეს ფრონტზე, სადაც მხატვრულ ტილოებზე აღბეჭდა ომის საინტერესო ეპიზოდები. თბილისის სამხატვრო აკადემიაში იგი პედაგოგად მუშაობდა 1943 წლიდან, იყო ფერწერის კათედრის დოცენტი, შემდეგ — პროფესორი.

კ. გრძელიშვილის შემოქმედების ძირითადი ჟანრია პეიზაჟი. მხატვარი დიდი სიყვარულით ასახავს მშობლიური მხარის სილამაზეს, ბუნების სიუხვეს, ადამიანთა გარჯას. მისი ნახატები რეალისტურია, გასაგები, მიმზიდველი, ღრმად ჩაფიქრებული და მარტივად გადმოცემული. ყურადღებას იპყრობს კომპოზიციის სისადავე, ფერთა სიუხვე, მუდამ იგრძნობა მზე, სინათლე, ჯანსაღი ოპტიმისტური განწყობა. ღვაწლმოსილი ხელოვანი დაჯილდოვებული იყო მედლებით და სიგელებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994