სერგი დურმიშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

ქართველი ბიოქიმიკოსი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მეცნიერი | სახელი = სერგი დურმიშიძე | მშობლი...
(განსხვავება არ არის)

11:11, 17 ივნისი 2014-ის ვერსია

სერგი დურმიშიძე — ქართველი ბიოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნეირებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1952), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), სსკპ წევრი 1939 წლიდან. იგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბიოქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო მრავალი საპრობლემო საბჭოს, კომისიის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და წევრი, სამეცნიერო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-მხატვრული ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი და საყურადღებო ნაშრომების ავტორი. მსოფლიო აღიარება ჰპოვა მისმა გამოკვლევებმა სპირტული დუღილის ბიოქიმიაში, ორგანული მჟავებისა და ამინომჟავების ცვლაში, ფლავონოიდების ქიმიასა და ბიოქიმიაში, ფენოლური ბუნების ქიმიური რეგულატორების მეტაბოლიზმში, ქსენობიოქიმიაში.

სერგი დურმიშიძე
დაბ. თარიღი 27 თებერვალი, 1910(1910-02-27)
დაბ. ადგილი საჩხერე, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 29 მაისი, 1989(1989-05-29) (79 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ბიოქიმიკოსი
ალმა-მატერი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

1931 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი. 1935-1960 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე (1944-1945 წლებში კათედრის გამგე). 1943-1954 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1954-1955 წლებში საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრი, 1955-1971 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი. ამავე დროს 1957 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, 1971 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ამ ინსტიტუტის დამაარსებელი). დურმიშიძე აკადემიკოსების ოპარინისა და კურსანოვის სკოლის წარმომადგენელი იყო.

მუშაობდა მეორეულ და უცხო ნაერთთა ბიოქიმიის დარგში. დაადგინა სპირტის დუღილის ძირითადი, მეორეული და გარეშე პროდუქტების გარდაქმნის ბიოქიმიური გზები; საფუძველი ჩაუყარა ვაზისა და ღვინის ფენოლურ ნაერთთა ბიოქიმიას; დაამუშავა არომატული ნაერთების უჯრედშიგა ცვლის თეორიული საფუძვლები; წამოაყენა ჰიპოთეზა უჯრედში ფენოლურ და უცხო ნაერთთა ღრმა ჟანგვითი გარდაქმნებისა და დეტოქსიკაციის შესახებ; გამოავლინა ატმოსფეროს, ნიადაგისა და წყლების ბიოლოგიური გასუფთავების ახალი გზები. 5 მონოგრაფიის, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 4 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

მან ბიოქიმიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას - ალკოჰოლური დუღილის ბიოქიმიას მრავალი ორიგინალური გამოკვლევა მიუძღვნა. პირველმა შეისწავლა რძემჟავის გენეზისი ალკოჰოლური დუღილის პროცესში. დაადგინა, რომ დუღილის პროდუქტებს შორის გამოვლენილი კორელაციური დამოკიდებულება პირობით ხასიათს ატარებს და მადუღარ არეში არსებული დუღილის ძირითადი და მეორეული პროდუქტები რთულ და მრავალმხრივ გარდაქმნებს განიცდის საფუვრების სხვადასხვა გენერაციების მიერ, გამოავლინა ამ გარდაქმნების ძირითადი გზები. მისი კვლევის ეს შედეგები საყოველთაოდ აღიარებულია და შეტანილია მრავალ ადგილობრივ თუ უცხოურ სახელმძღვანელოში. დუღილის ბიოქიმიაში ჩატარებულმა ამ გამოკვლევებმა თეორიული საფუძვლები შეუქმნეს ამ პროცესზე დამყარებულ ტექნოლოგიებს. დადგენილი ვაზის მთრთიმლავ ნივთიერებათა ქიმიური ბუნება, იდენტიფიცირებულია მრავალი პრინციპული მნიშვნელობის ინდივიდუალური ნაერთი. შრომები, რომლებიც ვაზის მთრთიმლავი ნივთიერებების და ანთოციანების ქიმიას მიეძღვნა, შევიდა მსოფლიოს სპეციალურ ლიტერატურაში. სერგი დურმიშიძის ამ შრომებმა დიდი გავლენა მოახდინა ვაზისა და ღვინის ბიოქიმიურ და ტექნოლოგიურ გამოკვლევებზე.

1955 წელს გამოიცა აკადემიკოს ს. დურმიშიძის მონოგრაფია: "ვაზისა და ღვინის მთრთიმლავი ნივთიერებანი და ანთოციანები". დღესაც ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნს წარმოადგენს ფენოლურ ნაერთებზე მომუშავე მკვლევართათვის. უცხოელი მეცნიერების მიერ ამ წიგნის ძირითადი შინაარსი გადაითარგნა და გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიასა და პორტუგალიაში.

1954-1955 წლებში საქართველოს კპ ცკ-ის წევრი. საქართველოს სსრ 4-9 მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სერგი დურმიშიძე საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეა.