დიდებული: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''დიდებული''', პრივილეგირებულ წოდებათა (აზნაური, თავადი, ვაჭარი...
(განსხვავება არ არის)

11:46, 26 აპრილი 2007-ის ვერსია

დიდებული, პრივილეგირებულ წოდებათა (აზნაური, თავადი, ვაჭარი) უმაღლესი სოციალური ფენის წარმომადგენელი ფეოდალური ხანის საქართველოში. "დიდება " მეფის მიერ აზნაურისათვის დიდი სახელოსა (თანამდებობა) და მისი სესაფერისი ყმა-მამულის ბოძებას ერქვა. დიდებამინიჭებულ აზნაურს დიდებული აზნაური ეწოდებოდა. აზნაური იმთავითვე ცდილობდა სახელო და ყმა-მამული სამემკვიდრეოდ ექცია. XI-XII საუკუნეებში დიდებულთა ცნობილი საგვარეულოების (კალმახელი, ჯაყელი, სურამელი, არიშიანი, ვარდანისძე, კახაბერისძე და სხვა) წარმომადგენლები დიდმოხელეობას თაობიდან თაობამდე ფლობდნენ. მაგ., ქართლის ერისთავობა XII საუკუნის 70-იანი წლებიდან მთელი XIII საუკუნის მანძილზე სურამელების ხელში იყო; რაჭა-არგვეთ-თაკვერის ერისთავებად XI საუკუნის დასაწყისიდან XIII საუკუნის 80-იან წლებამდე კახაბერისძენი იყვნენ; სამცხის ერისთავთ-ერისთავად და სპასალარად XI-XIII საუკუნეებში ჯაყელთა სახლის წევრები ჩანან. ზოგი ერისთავი ამავე დროს სამეფო კარის მოხელეც იყო. მაგ., სვანთა ერისთავი ვარდანისძე თამარის დროს მეჭურჭლეთუხუცესიც იყო. ბექას სამართლით, დიდებული აზნაურის სისხლი 40 ათ. თეთრად იყო შეფასებული, მაშინ, როცა ტაძრეული აზნაურის სისხლი 20 ათ. ღირდა, ხოლო აზნაურთა შორის ქვედა საფეხურზე მდგომი უციხო-უმონასტრო აზნაურისა - 12 ათ. თეთრი. ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების მიზნით მონღოლები ხელს უწყობდნენ დიდებულების პარტიკულარულ მისწრაფებებს, მათი შემწეობით დიდებულებმ,ა დაიმკვიდრეს სახელოები და ყმა-მამული. ერისთავი უკვე მთავრად იწოდებოდა. ზოგმა დიდებულმა მთავარმა მეფისაგან სრულ ან ნაწილობრივ დამოუკიდებლობასაც მიაღწია (ათაბაგი, გურიელი, დადიანი).

გვიანდელ საუკუნეებში დიდებულების წრიდან შეიქმნა თავადთა სოციალური წოდება. თავადთა შორის უპირატეს მდგომარეობაში მყოფთ "დიდებული თავადი" ეწოდებოდა. XVII-XVIII საუკუნეებში ქართლის სამეფოში დიდებული თავადი ერქვა ისეთი გაუყრელი სახლის მეთაურს, რომელიც დიდ ყმა-მამულსა და სამოხელეო თანამდებობას ფლობდა (ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი, ციციშვილი, ამილახვარი, ორბელიანი და სომხითის მელიქის სახლის მეთაური). ვახტანგის სამართლით, დიდებული თავადის სისხლი 1536 წელს თუმნად იყო შეფასებული. ამავე სამართლის ვაჭართა უმაღლესი ფენის წარმომადგენელს დიდებული ვაჭარი ეწოდებოდა.