პანდორა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|[[ჟიულ ჯოზეფ ლეფევრი „პანდორა“, 1882]] '''პანდორა''', ...
(განსხვავება არ არის)

14:04, 5 იანვარი 2012-ის ვერსია

პანდორა, პანდორე („ყველასაგან დასაჩუქრებული“) — მაცდური ციური ქალი, პირველი დედაკაცი. მიწისა და წყლისგან შექმნა ჰეფესტომ, თითქოს ათენაც ეხმარებოდა. მერე ყველა ღმერთმა თავისი წილი საჩუქარი უბოძა (ხმა, სილამაზე, მომხიბლაობა), რათა პრომეთეს ძმა ეპიმეთე მოეხიბლა და კაცთა მოდგმის დამღუპველი „საჩუქრებით“ სავსე პანდორას ყუთი ჩამოეტანა დედამიწაზე, — პრომეთეს მოტანილი ცეცხლისათვის სამაგიეროს მისაგებად. „ყოვლისმიმცემი“ პანდორა მიწასთანაც იყო გაიგივებული. მისი პითოსი კი შეცვალეს ყუთით. აფროდიტემ, პეითომ და ქარიტებმა ციური მიმზიდველობა უბოძეს, ჰერმესმა — მზაკვრობის, ცბიერებისა და ლამაზი მეტყველების უნარი, ჰორებმა ყვავილებით შეამკეს, ათენამ სამოსი მოუქსოვა, ზევსმა კი მისცა ჭურჭელი (პითოსი), რომელშიაც იყო ყველა მიწიერი უბედურება, ჭირი და კაეშანი. შურისმგებელი ზევსის ასეთი საჩუქრებით მიადგა გონებამოუქნელ ეპიმეთეს, რომელმაც ბრძენი ძმის პრომეთეს გაფრთხილებას ყური არ ათხოვა , ქალი მიიღო, შეირთო, შემდეგ ცნობისმოყვარე პანდორამ ყუთს თავი ახადა და ყველა უბედურება წამსვე ამოფრინდა, მთელს ქვეყნიერებაზე გაიფანტა. შეშინებულმა ქალმა ყუთს თავი დაახურა და შიგ ჩარჩა მხოლოდ იმედი, ცარიელი იმედი, ყველა საზრუნავის სამაგიერო, რაც ყველაზე დიდხანს ცოცხლობს. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც ეპიმეთეს პანდორა ჰერმესმა მიჰგვარა ზევსის დავალებით, ყუთი კი შემდეგ ჩაუტანა თვითონვე. ამ ყუთიდან ყველა უბედურება რომ გაფრინდა, სწრაფად დახურეს და ხმა შემოესმათ: „მეც ამომიშვით, რომ უბედურებაში ნუგეში გცეთ!“ ამოფრინდა ქალწული, პეპელასავით გაფრინდა, ფრთა გაჰკრა ცოლ-ქმარს, გაამხიარულა და თქვა: „მე ვარ იმედი!“ პანდორას ყუთი ზევსის ცბიერებისა და სისასტიკის ნაყოფია, ჩლუნგი ტირანების მსგავსად რომ კაცთაგან მსხვერპლს ითხოვდა და ცეცხლს კი ამადლიდა. პანდორა დედამიწაზე დარჩა და ეპიმეთესგან ეყოლა პირო.

ჟიულ ჯოზეფ ლეფევრი „პანდორა“, 1882
პანდორა, 1896, ჯონ უილიამ უატერჰაუსი


ხელოვნებაში

ათენა პართენოსის საკულტო სურათზე პანდორას შექმნაც ყოფილა გამოხატული. დახატა რუბენსმა, დრამა უძღვნა აგრიკოლამ, კომედია — ვილანდმა, მუსიკა — მენდელსონმა (გოეთეს ტექსტზე). წერდა ვოლტერიც.


ლიტერატურა

  • აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983