სოლომონ რაზმაძე (დ. 10 ნოემბერი, 1797 — გ. 18 მარტი, 1860) — ქართველი პოეტი.

სოლომონ რაზმაძე
დაბ. თარიღი 10 ნოემბერი, 1797(1797-11-10)
დაბ. ადგილი საქართველო
გარდ. თარიღი 18 მარტი, 1860(1860-03-18) (62 წლის)
გარდ. ადგილი პენზა
საქმიანობა პოეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

მამამისი ივანე ერეკლე II-ს ჯერ კიდევ მცირეწლოვანი მოუყვანია ყაბარდოდან, პირადი მზრუნველობით აღუზრდია და ბრძოლებში გამოჩენილი ვაჟკაცობისთვის აზნაურობა უბოძებია. სოლომონის ბედი არსებითად განსაზღვრა იმ ახლო ოჯახურმა ურთიერთობამ, რომელიც მის მშობლებს ერეკლე II-ის შთამომავლობასთან ჰქონდა, კერძოდ, გიორგი XII-სთან და მის მემკვიდრეებთან – დავით და თეიმურაზ ბატონიშვილებთან. ივანეს გარდაცვალების შემდეგ მისი ცოლ-შვილი მფარველობის ქვეშ აიყვანეს თეიმურაზ ბატონიშვილმა და მისმა მეუღლემ ელენემ. 1810 წლის ბოლოს თეიმურაზი ოჯახთან ერთად პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. მას თან გაჰყვნენ სოლომონი და დედამისი თამარი.

პეტერბურგში თეიმურაზი და მისი თანმხლები პირები 1811 წლის 12 იანვარს ჩავიდნენ. ამ დღიდან მოკიდებული მთელი 21 წლის მანძილზე, 1832 წლის თებერვლამდე, სოლომონ რაზმაძე თეიმურაზ ბატონიშვილის მზრუნველობითა და მეთვალყურეობით იღებდა განათლებას. პოეტს საფუძვლიანად შეუსწავლია რუსული და ფრანგული ენები. იგი ლიტერატურულ საქმიანობაში ეხმარებოდა თეიმურაზ ბატონიშვილს და ასრულებდა მისი მდივნის მოვალეობას. სოლომონს ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში მყოფ ქართველ ბატონიშვილებთან და ინტელიგენციის წარმომადგენლებთან. იცნობდა გრიგოლ ორბელიანს, სოლომონ დოდაშვილს, მწიგნობარ იონა ხელაშვილს და სხვებს. მათთან ურთიერთობამ დიდი გავლენა მოახდინა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. 1826 წლისათვის პეტერბურგში უკვე არსებობდა 1832 წლის შეთქმულების უჯრედი. სოლომონ რაზმაძე ამ უჯრედის წევრი გახდა და მუდმივად ესწრებოდა დიმიტრი იულონის ძის მიერ მოწყობილ შეთქმულთა შეკრებებს. იგი შედიოდა უმცირესობის ჯგუფში (ს. დოდაშვილი, ფ. კიკნაძე).

მთარგმნელობითი მოღვაწეობა სოლომონ რაზმაძეს ადრიდანვე დაუწყია. პირველ ხანებში თარგმნიდა სასულიერო და ფილოსოფიური ხასიათის ნაშრომებს. ასე, მაგალითად, 1820-იან წლებში უთარგმნია: „ვითარ საშიშო არს მეცნიერყოფად“, „ტიმოთე. გინა დამტკიცება, რომელ ჰსწავლათა განარყვნეს ზნენი“, „ტრიპოლური მართლმსაჯულება“ და სხვა. ისე როგორც მთელი იმდროინდელი მოწინავე ქართველი ინტელიგენცია, სოლომონ რაზმაძეც გატაცებული ყოფილა რუსული პოეზიითა და განსაკუთრებით პუშკინის შემოქმედებით. თეიმურაზის ხელნაწერებში შემონახულია ლამაზად გადაწერილი პუშკინის რამდენიმე ლექსი, რომელთა თარგმანი სოლომონს ეკუთვნის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მის მიერ თარგმნილი ორი ლექსი „განღვიძება“ და „ღიშპანური სიმღერა“ ან „მელოდია“ პუშკინის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა სოლომონ დოდაშვილის ხელმძღვანელობით არსებულ გაზეთებში – პირველი 1830, ხოლო მეორე 1832 წელს. რუსულიდან სოლომონ რაზმაძის მიერ შესრულებულ თარგმანებს შორის აღსანიშნავია აგრეთვე დ. ფონვიზინის ლექსი „პეტერბურხი“ ანუ, როგორც მას ორიგინალში ეწოდება: „Послание к слугам моим Шумилову, Ванъке и Петрушке“. ფონვიზინის ამ მკაცრ სატირაში მხილებულია იმდროინდელი უსამართლობა და ჩაგვრა. მისი თარგმანით სოლომონ რაზმაძემ გამოამჟღავნა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებრივ ინდიფერენტიზმთან და პროტესტანტული განწყობილება ბიუროკრატიული ჩინოვნიკური სისტემისადმი. თარგმანში შენარჩუნებულია ორიგინალის მწვავე, გესლიანი ტონი.

ოცდაათიან წლებში, კერძოდ 1831 წლის იანვარში, რაზმაძემ თარგმნა 1830 წლის საფრანგეთის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მონაწილის ოდილიონ ბაროს (1791–1873) პოლიტიკური ხასიათის მოწოდება: „წიგნი ფენელონისა ლუდოვიკ XIV-სთან მიწერილი და ერთი სიტყვა, რომელი ჰრქვა ოდილიონ ბარრო პარიჟისა ერსა ოქტომბრის 19 1830 წ.“ აღნიშნული მოწოდება ოცდაათიანსავე წლებში ფრანგულიდან ითარგმნა რუსულად და იგი მაშინვე აიკრძალა. 1831 წლის დამლევს სპარსეთში რუსეთის ელჩად დაინიშნა გენერალ-მაიორი ივანე სიმონიჩი – თეიმურაზ ბატონიშვილის ქვისლი. თეიმურაზის შუამდგომლობით მან რაზმაძე წაიყვანა მთარგმნელად. 1832 წლის თებერვალში პეტერბურგიდან გამოსული რაზმაძე მოსკოვისა და თბილისის გავლით სპარსეთს გაემგზავრა.

თბილისში ჩამოსვლისთანავე რაზმაძე შეხვდა სოლომონ დოდაშვილს, ელიზბარ ერისთავს და სხვებს. იგი დაუახლოვდა შეთქმულებს, გაეცნო ფილადელფოს კიკნაძის მიერ შედგენილ „აქტი გონიურს“ და თბილისში ყოფნის სულ რაღაც ოთხიოდე თვეში თავადაზნაურთა 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი გახდა. შეთქმულთაგან მას დაევალა კავშირი დაემყარებინა სპარსეთში გადახვეწილ ალექსანდრე ბატონიშვილთან და, საერთოდ, ხელი მოემართა განზრახულებისათვის. პეტერბურგში ყოფნის პერიოდშივე დაუწერია სოლომონ რაზმაძეს პოლიტიკური ხასიათის არაკი „დათვი და ცხვარი“, რომელიც მეტად გავრცელებული და პოპულარული იყო შეთქმულთა შორის. ამ არაკმა საგამომძიებლო კომისიის ყურადღებაც მიიქცია, რამდენადაც იგი ალეგორიულად გამოხატავდა შეთქმულთა წრის პოლიტიკურ შეხედულებებს, პოლიტიკურ მრწამსს, ანტიცარისტულ სულისკვეთებას.

სპარსეთში გამგზავრების წინ, 1832 წლის მაისის ბოლო რიცხვებში, ელიზბარ ერისთავმა სოლომონ რაზმაძის პატივსაცემად გამართა გამოსათხოვარი სადილი, რომელზედაც მოპატიჟებულნი იყვნენ სოლომონ დოდაშვილი, ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანები, გიორგი ერისთავი, დიმიტრი ყიფიანი და სხვა.

თავრიზში სოლომონი მხოლოდ წლის ბოლომდე იმყოფებოდა. 1832 წლის 9 დეკემბერს შეთქმულება გაცემულ იქნა და დაიწყო ფარული ორგანიზაციის წევრთა დაპატიმრება. შეთქმულების ჩაშლა რაზმაძემ დაპატიმრებამდე ორი კვირით ადრე გაიგო და სავარაუდოა, რომ მან წინასწარ ზომები მიიღო საეჭვო წერილებისა თუ სხვა რამ მამხილებელი მასალების მოსასპობად. ამის შემდეგი იყო, რომ მას განჩხრეკისას ეჭვმისატანი ბევრი ვერაფერი უპოვეს. იგი მაინც დააპატიმრეს და თავრიზიდან თბილისში გამოგზავნეს. სასამართლოს განაჩენით სოლომონ ივანეს (გივის) ძე რაზმაძეს მიესაჯა რუსეთის იმპერიის რომელსამე შიდა გუბერნიაში სამუდამოდ გადასახლება და იქ სამოქალაქო სამსახურის დაბალ მოხელედ განწესება. სასამართლოს განაჩენი იმპერატორმა 1834 წლის 20 აპრილს დაამტკიცა, ხოლო საქართველოს მთავარმართებელმა ბარონმა როზენმა გადასახლების ადგილად ქალაქი პენზა დაუნიშნა. 1834 წლის 24 ივნისს თბილისიდან გადასახლების შორსა და მძიმე გზას გაუდგა ქართველი ინტელიგენციის ორი საუკეთესო წარმომადგენელი სოლომონ დოდაშვილი (ცოლ-შვილით) და სოლომონ რაზმაძე, რომელთაც მწარე ბედმა არგუნა სამშობლოდან შორს, ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს მოშორებულთ დაელიათ მრავალტანჯული სული. იმავე წლის 17 ივლისს ისინი ჩავიდნენ პენზაში. სადაც სამუდამოდ გამოეთხოვნენ ერთმანეთს, სოლოლომონ რაზმაძე პენზაში დარჩა, ხოლო სოლომონ დოდაშვილი 21 ივლისს ვიატკისაკენ გაამგზავრეს.

განაჩენის თანახმად, სოლომონს შესაძლებლობა ეძლეობა სამსახური დაეწყო გუბერნიის სამოქალაქო უწყებაში დაბალ მოხელედ საერთო უფლებებით, ამასთან, პოლიციას დაევალა მასზე ფხიზელი მეთვალყურეობა. დაახლოებით ჩასვლიდან ერთი თვის შემდეგ რაზმაძე განაწესეს პენზის გუბერნიის მმართველობაში სამოქალაქო გუბერნატორის კანცელარიის საქმეთა გადამწერად. გონიერებითა და სიბეჯითით მან მალე მოიპოვა უფროსის (გუბერნატორი ალექსანდრე ფანჩულიძე) ყურადღება, რის გამოც 1835 წლის 30 ივნისს „პოდკანცელარისტობა“, ხოლო მომდევნო 1836 წლის 3 იანვარს „კანცელარისტობა“ ებოძა. 1837 წლის მაისში სოლომონ რაზმაძე უკვე „გუბერნსკი რეგისტრატორია“, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო იძულებული ხდება 1839 წლის 22 ივნისს თავი გაანებოს სამსახურს.

დაახლოებით ამავე პერიოდში სოლომონი დაქორწინდა ელისაბედ მეშკოვაზე, პენზის მაზრის სოფლების პურის სამარქაფო მაღაზიათა მზრუნველის, „კოლეჟსკი ასესორის“ ივანე მეშკოვის ქალიშვილზე. 1845 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი – ალექსანდრე, შემდეგში ცნობილი მუსიკოსი, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, კომპოზიტორი, ლიტერატორი და მთარგმნელი. 1842 წლის ბოლოს სოლომონმა საგუბერნიო მმართველობისაგან მიიღო პასპორტი, რაც მას საშუალებას აძლევდა რუსეთის იმპერიის მასშტაბით, სადაც სურდა იქ ეცხოვრა (გარდა საქართველოსა და რუსეთის ორივე დედაქალაქისა), მაგრამ რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა, იგი პენზაშივე დარჩა. გადასახლების შემდეგ სოლომონ რაზმაძის პოეზიას რომანტიკული მოტივები მიეძალა - სევდა, უიმედობა, წუხილი სამშობლოს ბედის გამო, სოფლის სამდურავი. მან მწარედ განიცადა ბედის უკუღმართობა. თუმცა ამავე პერიოდში მის შემოქმედებაში სიყვარულის თემაზე დაწერილი ლირიკული ლექსებიც გვხვდება.

1842 წლის ივნისში სოლომონ რაზმაძემ დაიკავა არქივარიუსის ადგილი პენზის სათავადაზნაურო საკრებულოში, სადაც სხვადასხვა დროს ეგზეკუტორის მოვალეობასაც ასრულებდა. ამავდროულად, 1845–1853 წლებში იგი გუბერნიის საჯარო ბიბლიოთეკა – სამკითხველოს ბიბლიოთეკარად მსახურობდა; 1853–1854 წლებში, სანამ ავადმყოფობამ კვლავ არ შეახსენა თავი, პოეტი მუშაობდა სახაზინო პალატაში კანცელარიის ჩინოვნიკად. 1849 წლის აგვისტოში სოლომონ რაზმაძეს ნამსახურობისთვის ებოძა „კოლეჟსკი რეგისტრატორობა“, 1853 წლის სექტემბერში – „გუბერნსკი სეკრეტარობა“, ხოლო 1857 წლის მაისში – „კოლეჟსკი სეკრეტარობა“. სამწუხაროდ, სოლომონ რაზმაძის ლიტერატურული მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი დაკარგულია. პირველი პერიოდის ლექსები, საფიქრებელია, რომ სიფრთხილის გამო თვითონვე მოსპო, გადასახლებაში დაწერილი ლექსები და პოეტის სხვა ლიტერატურული მასალა კი დაიკარგა მისი შვილის, ალექსანდრე რაზმაძის არქივთან ერთად. სოლომონ რაზმაძე გარდაიცვალა 1860 წლის 18 მარტს პენზაში, დაკრძალულია იქვე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. ქართული ემიგრანტული მწერლობა. ქთ., 2006 გვ 272-295
  • ალანია, ნოდარ.სოლომონ რაზმაძე: [ცხოვრება და მოღვაწეობა]. თბ., 1968 გვ 80
  • ვახანია, ნანა. სოლომონ რაზმაძე // ჩვენი XIX საუკუნე: ლექციები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან / ნ. ვახვნია; ალ. ორბელიანის საზ-ბა, სოხუმის უნ-ტი. თბ., 2012 გვ 550-562

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება