სოლომონ გეგელაშვილი

სოლომონ გეგელაშვილი (დ. 1 მაისი, 1885 — გ. 4 თებერვალი, 1972) — ქართველი სამხედრო პირი.

სოლომონ გეგელაშვილი
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1885
გარდაცვალების თარიღი 4 თებერვალი, 1972
ბუენოს-აირესი
საქმიანობა სამხედრო პირი

ბიოგრაფია რედაქტირება

სოლომონ გეგელაშვილი წარმოშობით ყარსის ოლქიდან იყო. სამხედროები იყვნენ მისი მამა და ბაბუაც. შესაბამისად სოლომონიც სამხედრო სასწავლებელში განამწესეს. დაამთავრა ვორონეჟის კადეტთა კორპუსი და მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი. გაანაწილეს ნოვგოროდში განლაგებულ 22-ე საარტილერიო ბრიგადაში პოდპორუჩიკის ჩინით. 1914 წელს სოლომონ გეგელაშვილი იმავე ბრიგადის შემადგენლობაში ჩაება პირველ მსოფლიო ომში, ოღონდ უკვე, როგორც ბრიგადის მეთაური. ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდა წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით მახვილებითა და ბაფთით და გიორგის ოქროს იარაღით. წარჩინებისთვის მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება. 1917 წლიდან პოლკოვნიკი გეგელაშვილი 22-ე საარტილერიო ბრიგადის დივიზიონს მეთაურობდა, სანამ 1918 წლის დასაწყისში არტილერისტები ფრონტიდან კვლავ ნოვგოროდში არ დაბრუნდნენ. ბრიგადის დაშლის შემდეგ იგი სამხრეთ რუსეთში გაემგზავრა ბოლშევიკებთან საბრძოლველად. თავდაპირველად მსახურობდა მოხალისეთა არმიის ოფიცერთა ბატალიონში. მოგვიანებით იყო II მსუბუქი საარტილერიო დივიზიონის II ბატარეის მეთაური სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. 1919 წლის 12 იანვრიდან ხელმძღვანელობდა სასწავლო–მოსამზადებელ საარტილერიო სკოლის ბატარეას, ხოლო შემდეგ II საარტილერიო ბრიგადას. 22 ივლისიდან ოქტომბრამდე იმავე ბრიგადის III დივიზიონის მეთაური იყო, ნოემბრიდან კი — კორნილოვის საარტილერიო ბრიგადის II დივიზიონის უფროსი. მონაწილეობდა „ბრედის ლაშქრობაში“ პოლონეთის ფრონტზე, ხოლო 1920 წლის მაისიდან ირიცხებოდა ყირიმში დისლოცირებული რუსული არმიის შემადგენლობაში.

1920 წლის ნოემბერში სოლომონ გეგელაშვილი კორნილოვის საარტილერიო ბრიგადის შემადგენლობაში ევაკუირებულ იქნა თურქეთში, გალიპოლის ნახევარკუნძულზე. გალიპოლის ბანაკიდან მოხალისეთა კორპუსის შემადგენლობაში გადავიდა ბულგარეთში. 1921 წლის თებერვალში მსახურობდა კორნილოვის საარტილერიო დივიზიონის II ბატარეაში. 1924 წელს სოლომონ გეგელაშვილი დედასთან, დებთან და დისშვილებთან ერთად ჩეხოსლოვაკიაში გადავიდა. ამ ქვეყნის მთავრობას სპეციალისტები სჭირდებოდა, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედრო განხრით. გენერალ ვრანგელის ნებართვით პოლკოვნიკი გეგელაშვილი ჩეხოსლოვაკიის არმიაში შევიდა. მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას, დივიზიონს, I საარტილერიო პოლკს. სულ მალე დაიმსახურა ჩეხ და სლოვაკ თანამებრძოლთა პატივისცემა. 1939 წლისთვის იგი უკვე ჩეხოსლოვაკიის არმიის მაიორი იყო. სოლომონ გეგელაშვილის მთელი ოჯახი გალიპოლელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მისი და, კლეოპატრა ასეევა ხელმძღვანელობდა „გალიპოლელთა საზოგადოების“ ქალთა კომიტეტს, ხოლო დედას, ქალბატონ ანას, პრაღის რუსი მოსახლეობა „პრაღის გალიპოლელთა ბებიას“ ეძახდა. თავად სოლომონ გეგელაშვილი იყო „რუსული საერთო-სამხედრო კავშირის” განყოფილების უფროსი, აგრეთვე, „გალიპოლელთა საზოგადოების“ თავმჯდომარე პრაღაში.

1939 წელს, გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის არმია დემობილიზირებულ იქნა. ჯარიდან განთავისუფლებულმა სოლომონ გეგელაშვილმა განაგრძო საქმიანობა რუს სამხედრო ვეტერანთა ორგანიზაციებში, რადგან ნაცისტები არ დევნიდნენ მათ, ვინც სამოქალაქო ომში ბოლშევიკების წინააღმდეგ იბრძოდა. 1944 წლის შემოდგომაზე ცხადი გახდა, რომ ჩეხოსლოვაკიაში მალე საბჭოეთის ძალები შევიდოდნენ. პოლკოვნიკმა გეგელაშვილმა შეძლო გერმანიის საოკუპაციო ხელმძღვანელობისგან პრაღის რუსი მოსახლეობისთვის მიეღო დოკუმენტები, რომელთა მეშვეობით 1945 წლის აპრილში გალიპოლელები ბავარიაში გაემგზავრნენ. სწორედ აქ მოუსწრო მათ ომის დამთავრებამ. მოკავშირეებმა ისინი ლტოლვილთა ბანაკში მოათავსეს, სადაც ბატონი სოლომონი მამასახლისად აირჩიეს და ისიც ძალ-ღონეს არ იშურებდა რუსი ვეტერანებისა თუ საბჭოთა ტყვედყოფილების მდგომარეობის შესამსუბუქებლად. 1945 წლის ბოლოდან იგი იყო „POBC“-ის განყოფილების უფროსი გერმანიაში. 1948 წელს არგენტინის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, მიეღო რუსი ემიგრანტები. რადაგანაც ომისშემდგომ ევროპაში ჭირდა სამსახურის შოვნა, იმავე წლის ოქტომბრის თვეში გეგელაშვილების ოჯახი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა. დასახლდნენ ბუენოს-აირესში. გარკვეული ხნის შემდეგ სოლომონ გეგელაშვილი გახდა „POBC“-ის სამხრეთ ამერიკის განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო შემდეგ უფროსი და „გალიპოლელთა საზოგადოების იქაური განყოფილების თავმჯდომარე“ მან აღადგინა კავშირი ჟურნალების – „Перекличка“ და „Часовой“, რედაქციებთან, აგრეთვე, გენერალ ა. ა. ფონ-ლამპესთან, რომელიც 1957 წლიდან თავმჯდომარეობდა „რუსულ საერთო–სამხედრო კავშირს“. სოლომონ გეგელაშვილი სიცოცხლის ბოლომდე რუსეთის საიმპერატორო არმიის ერთგული იყო. გარდაიცვალა ბუენოს-აირესში, 1972 წლის 4 თებერვალს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯავახიშვილი ნიკო. სოლომონ დავითის ძე გეგელაშვილი // ქართული დიპლომატია. 2004 გვ. 193-194

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება