სოდევეს სამების ეკლესიის კომპლექსი
სოდევეს სამების ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლის დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სოდევეს სამხრეთ-დასავლეთით 2 კილომეტრზე. ქედზე, კომპლექსში შედის სამების ეკლესია, სამრეკლო, რამდენიმე ნაგებობა და გალავანი. ეკლესია დარბაზულია, განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კარ-სარკმელთა ღიობები შირიმის ქვითაა გამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლეთით, შებრტყელებულ აფსიდში, მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი და ორი თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. კონქის, მხოლოდ ქუსლის წყობის ნაწილია შემორჩენილი. სამხრეთით და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთისა სწორკუთხაა, დასაველთისა-თაღოვანი და საფეხურებიანი რაფა აქვს. კამარა კონსოლებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. ფასადები სადაა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის თითო ქვა.
ეკლესიის სამხრეთის ფასადის დასავლეთ კიდეზე მოგვიანებით ნატეხი ქვით ნაგები ორსართულიანი შენობა მიუდგამთ, რომელსაც შესასვლელი I სართულზე, აღმოსავლეთიდან აქვს. სამხრეთ კედელში მცირე სიღრმის მაღალი ნიშია. II სართული ყრუკედლებიანი სამალავია. სართულები ერთმანეთს ვიწრო ხვრელით უკავშირდებოდა, შენობას ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს. ეკლესიის დასავლეთით, 7 მეტრზე დგას მცირე ზომის სწორკუთხა ნაგებობა, რომლის კედლები გალავანს წყობის გადაბმით უკავშირდება. შესასვლელი აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ნაგებობას სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან გვიანდელი ტლანქად ნაგები თითო პატარა სადგომი ეკვრის. სადგომთა დიდი ნაწილი ამჟამად დანგრეულია. სამრეკლო ორსართულიანია, ჩართულია გალავნის აღმოსავლეთ კედელში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ნაგებია ნატეხი ქვით. სამრეკლოს I სართული თაღოვანი გასავლელია ოთხწახნაგა ფანჩატურია, რომლის თითოეულ წახნაგში თითო ვიწრო ღიობია გაჭრილი. გალავანი წრიული ფორმისაა, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი მას დასავლეთიდან აქვს, რომელზედაც მოგვიანებით გარედან მიუშენებიათ მოზრდილი შენობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 311.