სიმონ (სიმონიკა) ბერეჟიანი (ნამდვილი გვარი — თაყაიშვილი; დ. 1897 ― გ. 1942) — ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწე, პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და მხატვარი-კარიკატურისტი.

სიმონ ბერეჟიანი
დაბადების თარიღი 1897
გარდაცვალების თარიღი 1942
საქმიანობა მწერალი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ქუთაისში, ერმილე თაყაიშვილის მრავალშვილიან ოჯახში. დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1917). 1918-1920 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი და მონაწილეობა მიიღო ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში, რომელთა გადატანა მოუხდა პირველ ქართულ რესპუბლიკას.

1920 წელს სიმონ ბერეჟიანი უმაღლესი განათლების მისაღებად გაიგზავნა გერმანიაში. სამი წლის მანძილზე სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში.

1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია. ამიტომ, ს. ბერეჟიანი იძულებული გახდა სამუდამოდ დარჩენილიყო ემიგრაციაში. 1923 წლის დამლევს იგი ჩავიდა პარიზში, სადაც ჩაება ქართული ემიგრაციის საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

1924 წელს იგი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგის“ დაარსებაში და სიცოცხლის ბოლომდე იყო მისი თვალსაჩინო წევრი. 1926 წელს მისივე უშუალო მონაწილეობით დაარსდა აღნიშნული ორგანიზაციის გაზეთი „თეთრი გიორგი“.

პარიზში გადასვლისთანავე სიმონ ბერეჟიანი შეუდგა მეტად ნაყოფიერ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. „სიმონ ბერის“ ფსევდონიმით მისი ლექსები და პუბლიცისტური წერილები სისტემატურად ქვეყნდებოდა ხსენებულ გაზეთში და ჟურნალში „ქართლოსი“ (რომელიც ასევე პარიზში გამოდიოდა). მისი რამდენიმე წერილი გამოქვეყნებულია, აგრეთვე, ჟურნალში „კავკასიონი“ (რედაქტორ-გამომცემელი: დოქტორი ვიქტორ ნოზაძე, რუსთველოლოგი და საზოგადო მოღვაწე). ს. ბერეჟიანის პუბლიცისტური წერილებიდან და ფელეტონებიდან აღსანიშნავია: „ილია ჭავჭავაძე“ (გაზ. „თეთრი გიორგი“, #9, 1927), „მოხსენება შოთა რუსთაველზე“ („თეთრი გიორგი“, #38, 1931), „ემიგრანტის დღიურიდან“ („თეთრი გიორგი“ 1927), 1924 წლის ამბოხებისადმი მიძღვნილი წერილი („თეთრი გიორგი“, #7, 1927), „ჭირსა შიგან გამაგრება“ („თეთრი გიორგი“, #98, 1936), „ქართული კონცერტი პარიზში" (ჟურნ. „ქართლოსი“, #16-18, 1939) და ა.შ. გარდა ლექსებისა და პუბლიცისტური წერილებისა, „თეთრი გიორგის“ და „ქართლოსის“ ფურცლებზე ხშირად ქვეყნდებოდა სიმონ ბერეჟიანის შესანიშნავი კარიკატურები, რომელთა დიდი ნაწილი პოლიტიკურ თემებზეა შექმნილი. იგი სამართლიანად ითვლება ქართული პოლიტიკური კარი კარიკატურის ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატად.

1941 წელს სიმონ ბერეჟიანი ჩავიდა გერმანიაში და „სიმონ ბერგერის“ სახელით ჩაირიცხა ვერმახტის ქართულ ლეგიონში, რომელსაც მეთაურობდა ვერმახტის ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული ლეგიონი ემსახურებოდა არა ნაცისტურ იდეოლოგიას, არამედ საქართველოს საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან დახსნას. იმავდროულად, სიმონიკა ბერეჟიანი აქტიურად მონაწილეობდა გერმანიაში მოქმედი ქართული სამოკავშირეო შტაბი-ს მუშაობაში.

იგი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1942 წლის დამლევს. მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.

1943 წელს ვიქტორ ნოზაძის რედაქციით და დოქტორ მარკოზ ტუღუშის ვრცელი წინასიტყვაობით ბერლინში გამოიცა სიმონ ბერეჟიანის ლექსების კრებული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება