სეხნია ჩხეიძე (XVIII საუკუნე)

სეხნია ჩხეიძე (დ. დაახლოებით 1670 ― გ. 1745) — XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი ისტორიკოსი, ქართლის სამეფოს კარის მოლარეთუხუცესი.

სეხნია ჩხეიძე
დაბადების თარიღი 1670
გარდაცვალების თარიღი 1745
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ქართველი ისტორიკოსი, ქართლის სამეფოს კარის მოლარეთუხუცესი.

XVII საუკუნის დასასრულს და XVIII საუკუნის I მეოთხედში ჩხეიძე არაერგთგზის ახლდა ქართლის პოლიტიკურ მოღვაწეებს ირანში და მონაწილეობდა ირანელთა ომებში. მას ეკუთვნის საისტორიო თხზულება "ცხოვრება მეფეთა", რომელიც მოიცავს 1653-1739 ისტორიას (გადმოცემულია ქართლ-კახეთის მეფეთა თავგადასავალი და ირანის სახელმწიფოში მიმდინარე ამბები). ჩხეიძეს, როგორც თვითონ აღნიშნავს, ისტორიული ამბები გადმოუცია "თვალნახულითა" და "მნახავთაგან სმენითა". თხზულება შინაარსობრივად ერთფეროვანია (მეფეთა პოლიტიკური და სალაშქრო თავგადასავალი) და უმთავრესად ომებსა და რაინდულ ვაჟკაცობას ასახავს. ავტორს ნაკლებად აღელვებს ქვეყნის პოლიტიკური უკუღმართობა. თხზულებას ეტყობა ძველი ქართული საისტორიო ტრადიციის (დავითისა და თამარის ისტორიკოსები) გავლენა, განსაკუთრებით თხრობის მანერაში.

ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დაახლოებით 1670-1745 წლებში. იგი იყო ქართლის სამეფო კარის მოლარეთუხუცესი, ხშირად ახლდა ირანში ქართლის პოლიტიკურ მოღვაწეებს და ირანელთა ომებშიც იღებდა მონაწილეობას. სეხნია ჩხეიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ცნობები ძირითადად მოიპოვება მის ერთადერთ თხზულებაში “ცხოვრება მეფეთა”. სეხნია გიორგი XI-ის ძმის ლევანის აღზრდილი იყო. მის ნაწარმოებში ასახულია ქართლ-კახეთის მეფეთა თავგადასავალი და ირანში მიმდინარე ამბები 1653-1739 წლებში[1].

1687 წელს სეხნია მონაწილეობას იღებდა გიორგი XI-ის ლაშქრობაში არაგვის საერისთავოს დასამორჩილებლად, რომლის ერისთავმა იასონმა მეფის დაუკითხავად არაგვის ერისთავობა ირანის შაჰს გამოსთხოვა. გიორგი მეფემ საბოლოოდ შეძლო იასონ ერისთავის დამარცხება. სეხნია ჩხეიძე დაწვრილებით აღწერს ამ ლაშქრობას, ჩანს, იგი თვით იყო ბრძოლის მონაწილეც, როგორც მეფის ერთ-ერთი ერთგული თავადთაგანი. სეხნია ახლო დამოკიდებულებაში იმყოფებოდა მეფის ძმასთან ლევან ბატონიშვილთან და მისი ოჯახის წევრებთან. 1696 წელს სეხნია ჩხეიძე, სპარსეთში მიმავალი ქაიხოსრო ბატონიშვილის ამალის წევრი, ჩავიდა ისპაჰანში, სადაც 7 წელი დაჰყო[2]. თავდაპირველად იგი კარგ პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ მალე სპარსეთის ხელისუფალნი შემოსწყრნენ ქაიხოსრო ბატონიშვილს და სეხნიას სამშობლოში დაბრუნება შესთავაზეს. სეხნიამ არ ისარგებლა ამ ნებართვით და დარჩა ბატონიშვილთან. 1697 წელს ისპაჰანში სეხნია დაესწრო შაჰისა და მეფე გიორგის შეხვედრას, რომელიც შეურიგდა შაჰს და მოინახულა თავისი ძმები და ძმისწულები.

1699 წელს სეხნია ქირმანში თან ახლდა ლევან ბატონიშვილს ბელუჯების წინააღმდეგ ბრძოლის მონაწილედ. სეხნიას დიდი ვაჟკაცობა გამოუჩენია ყანდაარის ქვეყანაში, ქანუდინარში, სადაც ლევანი სიკვდილს გადაარჩინა. ბატონიშვილის დავალებით სეხნიამ მანიჟავის ღელეზე ორასკაციანი თათართა რაზმით გზა გადაუჭრა ბელუჯთა სარდალს მირ-ხოსროს და სძლია მას. 1700 წლის თებერვალში სეხნია ლევან ბატონიშვილთან ერთად დაბრუნდა ქირმანში, სადაც მალე გიორგი XI ჩასულა[3]. 1700 წლის ივნისში ქაშანის ქვეყანას ავღანელები და ბელუჯები შეესივნენ, დაამარცხეს შაჰის ჯარები და ეს მხარე დაიპყრეს. მათ წინააღმდეგ გალაშქრება შაჰმა მეფე გიორგის უბრძანა. გიორგიმ მრავალი ბრძოლა გადაიხადა აჯანყებული ავღანელების წინააღმდეგ და ყველა ბრძოლაში სეხნია თან იახლა. 1703 წელს სეხნია მცირე ხნით საქართველოში დაბრუნდა. ამ წელს შაჰმა გიორგი მეფეს ქართლი კი დაუბრუნა, მაგრამ საქართველოში არ გამოუშვა და კვლავ ავღანთა წინააღმდეგ საბრძოლველად ყანდაარში გაგზავნა. გიორგი მეფის ჯანიშინად ლევან ბატონიშვილი გამოისტუმრეს, რომელსაც გამოჰყვა სეხნია ჩხეიძე. იგი დაესწრო ტაშირში ლევან ბატონიშვილის შეხვედრას ვახტანგ ბატონიშვილთან და მათ შემოსვლას თბილისში[4].

1704 წლის აპრილში ლევან ბატონიშვილმა სეხნია ირანში გააგზავნა და ქირმანში მყოფ გიორგი მეფისათვის საჩუქრების ჩატანა დაავალა. გიორგი მეფე ქირმანიდან ყანდაარს გაემგზავრა სეხნიას თანხლებით, რომელმაც იქ სამი წელი დაჰყო. ამ დროს შაჰმა ლევან ბატონიშვილიც ირანში გაიწვია და ქართლის ჯანიშინად მისი შვილი ვახტანგი დანიშნა. 1707 წლის თებერვალში გიორგი მეფემ ყანდაარიდან ლევანს საშუქრები გამოუგზავნა სეხნიას ხელით. ამ დროს ისპაჰანში შიმშილობა დაიწყო, რამაც ხალხის მღელვარება გამოიწვია. მის ჩასაქრობად შაჰმა ისპაჰანს გაგზავნა ქაიხოსრო ბატონიშვილი, რომელმაც სეხნია ჩხეიძე ჩაფრად წაიყვანა. მღელვარება სასტიკად ჩააქრეს. ამ ამბების შემდეგ სეხნია საქართველოში დაბრუნდა და ვახტანგ მეფის სამსახურში ჩადგა, როგორც ქართლის მოლარეთუხუცესი[5].

1712 წელს სეხნია ჩხეიძე ირანში გაჰყვა ვახტანგ მეფეს. მასაც მიუღია საჩუქრები შაჰთან შეხვედრისას. როცა გამაჰმადიანებაზე უარის თქმის გამო ვახტანგი დააპატიმრეს და ქირმანში გაგზავნეს, სეხნია ჩხეიძე საართველოში დაბრუნდა. ქართლში იესე ბატონიშვილის გამგებლობის დროს (1714-1716 წწ.) სეხნია კვლავ აგრძელებდა მოლარეთუხუცესის მოვალეობის შესრულებას. ბაქარის მმართველობისას მეფის სამსახურში ჩანს სეხნია ჩხეიძის შვილიც. როდესაც 1719 წელს ვახტანგი ქართლში დაბრუნდა, სეხნია ჩხეიძემ კვლავ განაგრძო სამეფო კარზე სამსახური. 1722 წელს ვახტანგსა და კახეთის ბატონ კონსტანტინეს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოების მოსაგვარებლად ვახტანგმა კონსტანტინესთან მოსალაპარაკებლად სეხნია ჩხეიძე გაგზავნა. შეთანხმდნენ, რომ ვახტანგი უნდა შეხვედროდა კონსტანტინე მაჰმადყულის, მაგრამ კონსტანტინემ უღალატა და არ შეხვდა მეფეს[6]. იმავე წელს, ავღანელთა მიერ ისპაჰანის აღებისა და ირანის ტახტზე შაჰ-თამაზის ასვლის შემდეგ, ვახტანგმა ახალ შაჰთან ყაზვინში სეხნია ჩხეიძე გაგზავნა და მილოცვა შეუთვალა. სეხნია შაჰმა თავრიზში წაიყვანა. შაჰ-თამაზმა თავრიზიდან ვახტანგსა და ბაქარს საჩუქრები გაუგზავნა, თან მასთან ჯარით გამოცხადება მოსთხოვა ავღანელების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვახტანგი არ ეახლა შაჰს, რის გამოც თამაზმა მას ქართლი ჩამოართვა და კახეთის მმართველს კონსტანტინეს გადასცა. სეხნია ჩხეიძე კი მისი ბრძანებით 1723 წ. 10 იანვარს თავრიზში დააპატიმრეს[7].

სეხნია ჩხეიძის გარდაცვალება XVIII საუკ-ის 40-იანი წლების დასაწყისში ივარაუდება, ვინაიდან მისი თხზულება 1739 წლამდე მოდის. აკად. ივ. ჯავახიშვილის სამართლიანი შენიშვნით, სეხნია ჩხეიძეს “ქართული საუკეთესო საისტორიო თხზულებები წაკითხული ჰქონია, მეტადრე დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ისტორია[8] უეჭველია მას ხელთ ექნებოდა უკვე შესწორებული და შევსებული “ქართლის ცხოვრება” და ამ წყაროს ს. ჩხეიძის თხზულებაზე თავისი კვალი დაუჩნევია. მის ნაწარმოებს განსაკუთრებით დავით აღმაშენებლის ისტორიის ზეგავლენა ეტყობა... ქრონოლოგიური ცნობების სიუხვე შეადგენს სეხნია ჩხეიძის ისტორიის ღირსებას”.

როგორც ქართულ ისტორიოგრაფიაშია აღნიშნული, სეხნია ჩხეიძის თხზულება შინაარსობრივად ერთფეროვანია და უმთავრესად ომებსა და რაინდულ ვაჟკაცობას ასახავს, მაგრამ, მასში გადმოცემული ფაქტები თვითმხილველის მიერ გადმოცემული, მაღალ ნდობას იმსახურებს.[9]

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი 12 ტომად, ტ. 8, თბ., 1977;

სქოლიო რედაქტირება

  1. ცხოვრება მეფეთა, ქართლის ცხოვრება დ. ჩუბინაშვილის გამოცემა. ნაწ. 2. სპბ, 1854.
  2. საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, თბილისი, 1913.
  3. ივ, ჯავახიშვილი, თხზულებანი 12 ტომად, ტ, VIII, თბ, 1977.
  4. ივ, ჯავახიშვილი, თხზულებანი 12 ტომად, ტ, VIII, თბ, 1977.
  5. ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ისტორია, საისტორიო მოამბე, II, თბილისი, 1924.
  6. შ. ხანთაძე, ქართული ისტორიოგრაფია XVIII საუკუნეში, თბილისი, 1985.
  7. დ. გვრიტიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, III თბილისი, 1968.
  8. .მ. გობეჯიშვილი, სეხნია ჩხეიძის “ცხოვრება მეფეთა’ როგორც წყარო სეფიანთა სახელმწიფოს ისტორიისათვის, ქართული წყაროთმცოდნეობა, IV, თბილისი, 1973.
  9. შ. ხანთაძე, ქართული ისტორიოგრაფია XVIII საუკუნეში, თბილისი, 1985.