სეფისკვერიზიარებისათვის განკუთვნილი ლიტურგიული პური. საბას მიხედვით, „დიდებულთ კვერი“. ზიარებისას სეფისკვერის ჭამა და ღვინის შესმა განასახიერებდა ქრისტეს ხორცთან სა სისხლთან მორწმუნის სიმბოლურ შერწყმას.

სეფისკვერი აფუებულ ცომზე რედაქტირება

 
ორფენიანი სეფისკვერი

დიოფიზიტების სეფისკვერს, მონოფიზიტების სეფისკვერისაგან განსხვავებით, საფუვრიანი ცომისაგან ამზადებდნენ. მართლმადიდებლური სეფისკვერი შეიძლება იყოს, როგორც ერთი ასევე ორ ფენიანი (ნაწილიანი). ერთ ფენიანი სეფისკვერი უფრო არქაულია, ხოლო ორ ფენიანი თანამედროვე. ორ ფენიანი სეფისკვერი გულისხმობს ქრისტეს ორ ბუნებას და წირვალოცვის დროს გამოიყენება ხუთი სეფისკვერი (ოთხი ჯვრიანი და ერთი ღვთისმშობლის გამოსახულებით), ხოლო აღდგომის მარხვაში, პირველშეწირულისთვის შვიდი სეფისკვერი (ექვსი ჯვრიანი და ერთი ღვთისმშობელი). ერთფენიანი სეფისკვერი თავისთვაში მოიცავს ხუთ სეფისკვერს და მასზე გამოსახულება ერთი დიდი ბეჭდით დაიტანება. ბეჭდები, მზადდება როგორც ხისგან (ძირითადად ბზისაგან), ასევე ქვისგან, პლასტმასისაგან და ლითონისაგან.

სეფისკვერის ზედა ნაწილზე გამოსახულების დასადებად ედება სპეციალური სეფისკვერის ბეჭედი, რომელზედაც გამოსახულება სარკისებურად არის ამოტვიფრული. მართლმადიდებლურ ეკლესიაში ლიტურგიისას გამოიყენება ხუთი სეფისკვერი, აქედან ოთხი ჯვრიანია, ხოლო მეხუთე ღვთისმშობლის გამოსახულებიანი. ჯვრიან სეფისკვერს მის ოთხ ადგილას აწერია ასომთავრული ქარაქმიანი წარწერა — Ⴈ~Ⴣ Ⴕ~Ⴄ Ⴛ~Ⴊ Ⴅ~Ⴢ (იესუჳ ქრისტე ძლევაჲ) ან „იესო ქრისტე ღმრთისა“.

XI საუკუნიდან საქართველოში სირიულ-პალესტინური (წმინდა იაკობის) ლიტურგია ბიზანტიური (იოანე ოქროპირის) ლიტურგიით შეიცვალა. ამ უკანასკნელის საწესო ქმედებისას პირველი სეფისკვერის გულიდან იღებენ კვადრატ ნაჭერს-საუფლოს ანუ ტარიგს, რომელიც სიმბოლურად ქრისტეს სხეულს განასახიერებს და დებდნენ შუა ფეშხუმში. მეორე (ღვთისმშობლის გამოსახულებიანი) სეფისკვერიდან ჭრიან აგრეთვე ტოლფერდა სამკუთხედის ფორმის ნაჭერს, რომელიც სიმბოლურად ნიშნავდა ღვთისმშობლის ღვაწლს ქრისტეს განხორციელებაში, და ათავსებდნენ საუფლოს მარჯვნივ. მესამე სეფისკვერიდან მის მარცხნივ დებდნენ 9 სამკუთხედ ნაწილს, რომლებიც ანგელოზთა 9 დასს განასახიერებდა, ქვემოთ კი მეოთხე და მეხუთე სეფისკვერებიდან ამოკვეთილ კვადრატის ფორმის ნაწილაკებს, რომლებიც მიცვალებულთა და ცოცხალთა მოსახსენიებლად იყო განკუთვნილი.

ლიტერატურა რედაქტირება