სესილია ნორმანდიელი

სესილია ნორმანდიელი (ინგლ. Cecilia of Normandy; დაახლოებით 1054, ნორმანდია - 30 ივლისი, 1126, კანი) — ინგლისელი პრინცესა ნორმანთა დინასტიიდან, უილიამ დამპყრობლისა და მატილდა ფლანდრიელის ასული, მეფეების უილიამ II და ჰენრი I და. 1112 წლიდან კანის წმინდა სამების მონასტრის წინამძღვარი.

სესილია ნორმანდიელი
ინგლ. Cecilia of Normandy
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი:

დაახლოებით 1054

ნორმანდია
გარდ. თარიღი: 30 ივლისი, 1126
დინასტია: ნორმანდების დინასტია
მამა: უილიამ I დამპყრობელი
დედა: მატილდა ფლანდრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

სესილია ნორმანდიელი დაიბადა დაახლოებით 1054 წელს და იყო უილიამ დამპყრობლის და მისი მეუღლის მატილდა ფლანდრიელის ერთ-ერთი ქალიშვილი. პრინცესას მამა წარმოშობით ნორმანდიის მმართველთა დინასტიიდან იყო, ნორმანდი როლოს შთამომავალი, რომელმაც 911 წელს საფრანგეთის მეფის ჩარლზ III-ისგან მიიღო მიწები სახელად ნორმანდია. პრინცესა დაიბადა მანამ, სანამ მამამისმა ინგლისი დაიპყრო. გოგონას დედა ფლანდრიელი გრაფ ბალდუინ V-ისა და საფრანგეთის მეფე რობერტ II-ის ქალიშვილის, ფრანგი ადელას ერთადერთი ქალიშვილი იყო[1].

სესილიას გარდა, ოჯახს ჰყავდა ოთხი ვაჟი და მინიმუმ ოთხი ქალიშვილი. დანამდვილებით არ არის ცნობილი, თუ რიგით მერამდე შვილი იყო სამეფო წყვილის ქალიშვილი, რადგან ისტორიკოსებმა ვერ დაადგინეს პრინცესების დაბადების რიგი[2]. უილიამ დამპყრობლის ნორმანდების მემკვიდრეობის შესახებ გენეალოგიურ გრაგნილზე სესილია გამოსახულია რიგით მეორედ[3], მაგრამ ისტორიკოსი ჯეიმზ პენტონი თვლის, რომ პრინცესა სამეფო წყვილის უფროსი ქალიშვილი იყო. ამავდროულად, მემატიანე ორდერიკ ვიტალიუსი, რომელსაც ჩამოთვლილი ჰყავს მეფის სახელგანთქმული ქალიშვილები, ურთიერთსაწინააღმდეგო მითითებებს იძლევა: ის სესილიას სამეფო წყვილის მესამე და მეხუთე ქალიშვილს უწოდებს[4]. უილიამ მალმსბერელი და მეთიუ პარიზელი სესილიას უილიამისა და მატილდას უფროს ქალიშვილს უწოდებდნენ.

პრინცესას ძმებს შორის იყვნენ ინგლისის მომავალი მეფეები უილიამ II და ჰენრი I, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში სესილია აშკარად ყველაზე ახლოს იყო ძმასთან რობერტთან, რომელიც მუდმივად სტუმრობდა თავის დას სააბატოში და ასევე მდიდრული ძღვენი გადასცა მის მონასტერს[4].

ადრეულ ბავშვობაში სესილია გადაეცა კანში მდებარე ყოვლადწმიდა სამების მონასტერს[2], რომელიც დააარსეს 1066 წელს გოგონას მშობლებმა. სესილიამ მიიღო კარგი განათლება: მან შეისწავლა ლათინური გრამატიკა, რიტორიკა და ლოგიკა - ფლემინგ არნულფ შოკის ხელმძღვანელობით, რომელიც მსახურობდა წმინდა სამების მონასტერში, როგორც მოძღვარი. მოგვიანებით გახდა სესილიას ძმის რობერტის კანცლერი[5]. 1075 წელს პრინცესა აკურთხეს მონაზვნად და შემდგომში 1112 წლიდან ამ მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. იმდროინდელი გვაროვანი ქალისთვის ასეთი პოზიცია იშვიათი არ იყო. გარდა ამისა, სამეფო წყვილს იმდენი შვილი ჰყავდა, რომ ერთ-ერთი ქალიშვილი გათავისუფლდა საქორწინო გეგმებისაგან და თავად დედოფალმა მატილდამ მოისურვა, რომ მის მიერ დაარსებულ მონასტერში ყოფილიყო მისი ერთგული ადამიანი. ორდერიკ ვიტალიუსი წერს, რომ სესილიამ შეცვალა თავისი და მატილდა, რომელიც გარდაიცვალა 1113 წლის 6 ივლისს[5].

სესილია ნორმანდიელი გარდაიცვალა 1126 წლის 30 ივლისს. ის კანის სამების მონასტერში დაკრძალეს.

სქოლიო რედაქტირება