საშაბუროს კოშკი
საშაბუროს კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროში. ეკუთვნოდა ფავლენიშვილებს. აგებულია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი ცილინდრულია (დიამეტრი ფუძის დონეზე 10 მეტრი, კედლის სისქე 2,5 მეტრი), ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია მხოლოდ სამი სართული (სიმაღლე 9 მეტრი). პირველი სართული უსარკმლოა, სკორკუთხა შესასვლელი (გვიანდელია) ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აქვს. კარის პირისპირ თახჩაა. კედელს 1,2 მეტრი სიმაღლის საფეხური გასდევს. გადახურვა ხის ხუთ კოჭს ეყრდნობა. ეს სართული დანარჩენებთან დაკავშირებული არ არის. მეორე სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი თაღოვანია. შესასვლელზე მიდგმული კიბე კოშკზე მიშენებულ ფარდულშია. ამ სართულზე ორი განიერი თაღოვანი ფანჯარა (ადრე არსებული თახჩის ადგილას) და ერთი თახჩაა. კედელში ჩაშენებულია ზედა სართულზე ასასვლელი კიბე. სართული გადახურულია დაბალი, გუმბათოვანი კამარით, რომელსაც განივკვეთში სამცენტრიანი თაღის ფორმა აქვს. მესამე სართულის შემორჩენილ კედელში მეორე და მეოთხე სართულებთან დამაკავშირებელი კიბის საფეხურების ნაწილები და მოგვიანებით გადაკეთებული რამდენიმე ღიობის ნაშთია. კოშკი გარედან კირის ხსნარითაა შელესილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კასრაძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 307-308.