საკმლის ხე

(გადამისამართდა გვერდიდან საღსაღაჯი)

საკმლის ხე, კევის ხე, საღსაღაჯი (ლათ. Pistacia mutica, Pistacia atlantica) — ზაფხულ-მწვანე ხე ფსტის გვარისა. იშვიათი რელიქტური ჯიშია. მისი სიმაღლე 2-10 (15) აღწევს. აქვს ფართოდ გადაშლილი და ხშირად მიწის პირამდე ჩამოსული მომრგვალო ვარჯი. ყვავილობს აპრილში, ფოთლების გამოტანამდე. ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება.

საკმლის ხე

Pistacia atlantica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  თუთუბოსებრნი
გვარი:  ფსტა
სახეობა:  საკმლის ხე
ლათინური სახელი
Pistacia mutica, Pistacia atlantica
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 19365844

გავრცელება

რედაქტირება

გავრცელებულია მცირე აზიიდან დასავლეთ ირანამდე. ყირიმსა და კავკასიის შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე (ანაპა, გელენჯიკი), აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიაში. საქართველოში იზრდება ქართლში, გარე კახეთსა და ქიზიყში. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი, კარგად შენახული კორომია შირაქის ზეგანზე (ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი). მეორე დიდი მასივი არის აზერბაიჯანში ყარაბაღის ველზე (სულთადის კორომი, ისიც ნაკრძალია).

საკმლის ხის კორომები ნათელი ტყის, საკმლისხიანის ან არიდული მეჩხერი ტყის სახელით არის ცნობილი და ვაკეებსა და მთისწინეთში გვხვდება. ხარობს მთის კალთებზეც, სადაც შერეულია სხვა ქსეროფილურ მერქნიან სახეობებთან (აკაკი, ბერყენა, ქართული ნეკერჩხალი, მუხა, თელა, ჯაგრცხილა, ღვია და სხვა). მთებში ზღვის დონიდან 1000 მ-მდე აღწევს. სინათლისა და სითბოს მოყვარულია, კარგად ეგუება ნიადაგისა და ჰაერის სიმშრალეს, იტანს ნიადაგის დამლაშებასაც. პერსპექტიული მშრალი და ხრიოკი ადგილების გასამწვანებლად. რგავენ აგრეთვე ბაღ-პარკებში ეულად და მცირე ჯგუფებად (თბილისის ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე ხეა).

იზრდება ძალიან ნელა (120 წლისა 5 მ სიმაღლეს აღწევს). ცოცხლობს დიდხანს, 250-300 წელს (გვხვდება 1000 წლისაც კი). აქვს მკვრივი, მაგარი და მძიმე მერქანი, რომელსაც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ. ღეროს ძივთში (გუმფისი) 75% ფისი და 25% ეთეროვანი ზეთებია. მშრალ ფისს ხმარობენ კევად. საღებავის დასამზადებლად, პარფიუმერიაში. ნაყოფი შეიცავს 60%-მდე ზეთს, რომელსაც ტექნიკური მიზნებისათვის იყენებენ, ფოთოლი — 20%-მდე ტანიდებს. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. ამიერკავკასიაში საკმლის ხეს იყენებენ ნამდვილი ფსტის (ლათ. Pistacia vera) საძირედ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება