სან-ტომე და პრინსიპი

სან-ტომე და პრინსიპი (პორტ. República Democrática de São Tomé e Príncipe) — კუნძულოვანი სახელმწიფო გვინეის ყურეში, აფრიკის სანაპიროსთან. სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის ორი ვულკანური წარმოშობის კუნძული – სან-ტომე და პრინსიპი, რომელთა შორის მანძილია 140 კმ. გარდა ამისა, ქვეყნის ფარგლებშია 6 მცირე კუნძული. ქვეყნის ფართობია 1001 კმ². 2012 წლის აღწერის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს – 187 356 ადამიანს,[1][2][3][4] დედაქალაქი – სან-ტომე.

სან-ტომესა და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა
პორტ. República Democrática de São Tomé e Príncipe
სან-ტომე და პრინსიპი
სან-ტომე და პრინსიპის
დევიზი: "Unidade, Disciplina, Trabalho", („ერთობა, დისციპლინა, შრომა“)
ჰიმნი: Independência total
სან-ტომე და პრინსიპის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სან-ტომე
0°20′ ჩ. გ. 6°44′ ა. გ. / 0.333° ჩ. გ. 6.733° ა. გ. / 0.333; 6.733
ოფიციალური ენა პორტუგალიური ენა
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ევარიშტუ კარვალიო
 -  პრემიერ-მინისტრი ჟორჟი ბომ ჟეზუში
ფართობი
 -  სულ 1 001 კმ2 (183-ე)
 -  წყალი (%) 0
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 157 000 (188-ე)
 -  2012 აღწერა 187 356 
 -  სიმჭიდროვე 187,17 კაცი/კმ2 (71-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $214 მილიონი (218-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1266 (205-ე)
აგი (2007) 0.654 (საშუალო) (123-ე)
ვალუტა დობრა (STD)
დროის სარტყელი UTC±00:00
ქვეყნის კოდი STP
Internet TLD .st
სატელეფონო კოდი 239

ისტორია რედაქტირება

ადრინდელი ისტორია რედაქტირება

1470 წელს მდიდარმა პორტუგალიელმა ვაჭარმა ფერნან გომიშ და მინამ (პორტ. Fernão Gomes da Mina) იყიდა უფლება პორტუგალიის მეფე აფონსუ V აფრიკელისგან საკუთარი ხარჯით ყოველწლიურად ეწარმოებინა დაზვერვითი გაცურვები აფრიკის სანაპიროს გასწვრივ და ახლად აღმოჩენილი მიწები გამოეცხადებინა პორტუგალიის სამფლობელოთ. ფერნან გომიშის სამსახურში მყოფმა კაპიტანმა ჟუან დე სანტარემმა (João de Santarém) და პერუ ეშკობარმა (Pêro Escobar)[5] 1471 წლის 21 დეკემბერს, წმინდა თომა მოციქულის დღეს, გვინეის ყურეში, ეკვატორთან სიახლოვეს აღმოაჩინეს დაუსახლებელი კუნძული, რომელსაც დაარქვეს სან-ტომეს (პორტ. São Tomé) კუნძული.

რამდენიმე კვირის შემდეგ, 1472 წლის 17 იანვარს, წმინდა ანტონ დიდის დღეს, მათვე აღმოაჩინეს მეზობელი დაუსახლებელი კუნძული, რომელსაც თავდაპირველად წმინდანის პატივსაცემად უწოდეს — წმინდა ანტონის კუნძული (პორტ. Santo Antão). 1502 წელს პორტუგალიის სამეფო გვირგვინის მემკვიდრის პატივსაცემად, რომლის სასარგებლოდაც ახდევინებდნენ კუნძულზე ნაწარმოები შაქრის გადასახადს, კუნძულს სახელად დაერქვა პრინცის (დღეისათვის პრინსიპი) კუნძული (პორტ. Ilha do Principe).

კუნძულ სან-ტომეს წარმატებული დასახლება დაიწყო 1493 წელს, როდესაც მეფე ჟუან II-მ ალვარუ დე კამინიას (პორტ. Álvaro de Caminha) გადასცა კუნძული. დე კამინიას მფლობელობაში გადაეცა პორტუგალიური ინკვიზიციის დროს პორტუგალიიდან კუნძულზე გადასახლებული მონათლული ებრაელები, კატორღელები და სხვა მიზეზებით გამოგდებულები. ამასთან დე კამინიამ კუნძულის დასახლებისათვის აფრიკის კონტინენტიდან მონების შესასყიდად მიიღო სპეციალური პრივილეგიები და სახელმწიფო მანიკონგოს და კუნძულ ფერნანდო-პოს (1778 წლამდე ეკუთვნოდა პორტუგალიას) სანაპიროებთან თავისუფალი ვაჭრობის უფლება. პირველი დასახლებული პუნქტი გახდა დასახლება ანა-დი-ჩავესის (Ana de Chaves) ყურეში იმავე დასახელების მქონე მდინარის შესართავში. დე კამინიას დროს საფუძველი ჩაეყარა შაქრის ლერწმის პირველ პლანტაციებს, რომლებმაც კუნძულის ნაყოფიერ ვულკანურ ნიადაგზე კარგი მოსავლის მიღება დაიწყო.

კუნძულ პრინსიპის დასახლება მოხდა ანალოგიური მეთოდებით 1500 წელს.

შაქრის ლერწმის მოყვანა საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო და პორტუგალიელებმა კუნძულებზე დაიწყეს დიდი რაოდენობით მონების შემოყვანა აფრიკის კონტინენტიდან. XVI საუკუნის შუა პერიოდში დასახლებულებმა სან-ტომე და პრინსიპი გადააქციეს შაქრის წამყვან ექსპორტიორად აფრიკაში.

პორტუგალიის კოლონიალური იმპერიის შემადგენლობაში რედაქტირება

1522 წლის დეკემბერში კუნძული სან-ტომე და 1573 წელს კუნძული პრინსიპი გამოცხადდა პორტუგალიის სამეფო გვირგვინის კოლონიებად, როგორც პორტუგალიელი მეფეების მფლობელობა დომენის (ლათ. dominium) შემადგენლობაში.

1530 წელს ბრმა ბელად იუნ გატუს მეთაურობით მოხდა მონების აჯანყება. იუნ გატუ ითვლება ქვეყნის პირველ ეროვნულ გმირად, მისი სახელი ჰქვია დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანს.

1533 წლის 31 იანვარს რომის პაპმა კლემენტ VII-მ ფუნშალის არქისაეპისკოპოდან გამოყო სან-ტომე და პრინსიპის საეპისკოპოსო, რომლის იურისდიქცია 1534 წლამდე ვრცელდებოდა ანგოლის და მოზამბიკის კათოლიკებზეც, ხოლო 1842 წლამდე — გვინეის ყურის მთელი სანაპიროს კათოლიკებზეც.

ახალი სამყაროს ევროპულ კოლონიებში შაქრის წარმოება იყო უფრო იაფი და ხელსაყრელი, ვიდრე სან-ტომე და პრინსიპში, რამაც დროთა განმავლობაში კოლონიის ეკონომიკა მიიყვანა დაქვეითებამდე. ამას გარდა, ძნელი გახდა დიდი რაოდენობის მონების მართვა, ხოლო პორტუგალიას არ სურდა ბევრი რესურსების დახარჯვა კოლონიის განვითარებისათვის. 1595 წელს ქვეყნის ისტორიაში მოხდა ყველაზე დიდი აჯანყება ამადორა ვიეირას ხელმძღვანელობით. აჯანყების მეთაური ადრე მსახურობდა პორტუგალიელ ოფიცერთან და მიიღო სამხედრო გამოცდილება. ვიეირას მომხრეები, გატუს აჯანყებულებისგან განსხვავებით არ მოითხოვდნენ მხოლოდ პირად თავისუფლებას, ისინი ცდილობდნენ დაეარსებინათ საკუთარი სახელმწიფო სან-ტომეს კუნძულზე. 1595 წელს მათი ბელადი მეფედ გამოცხადდა. «მეფის» ჯარი თავს ესხმოდა პლანტაციებს, კლავდა ყველაზე უფრო მეტად თავგამოდებულ კოლონისტებს. მაგრამ მალე პორტუგალიელებმა შეიპყრეს «მეფე ამადორი» და 1596 წლის 4 იანვარს სიკვდილით დასაჯეს. ეს თარიღი ქვეყანაში აღინიშნება, როგორც სამახსოვრო. აჯანყების ბელადის პატივსაცემად გამოშვებულია მარკა.

შაქრის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა და XVII საუკუნის შუა პერიოდში კუნძულების ეკონომიკის სტრუქტურა შეიცვალა — პირველ რიგში ისინი გახდნენ გემების ტრანზიტის მთავარი პუნქტი, რომლებიც დაკავებულები იყვნენ მონათა ვაჭრობით ახალ სამყაროსა და აფრიკას, ვესტინდოეთსა და ბრაზილიას შორის.

ნიდერლანდების შემადგენლობაში რედაქტირება

1599 წლის 18 ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით სან-ტომე დაიკავეს ნიდერლანდელებმა. ნიდერლანდების ხელისუფლება სან-ტომეს კუნძულზე უფრო მყარი გახდა 1641 წლის 16 ოქტომბერს, როდესაც მას დაეპატრონა ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანია. ნიდერლანდების მმართველობა გრძელდებოდა 7 წელზე უფრო მეტ ხანს, 1649 წლის 6 იანვრამდე.[6]

ახალი ერა და აგრარული მონოკულტურის შეცვლა რედაქტირება

1753 წელს კოლონია პრინსიპის კოლონია სან-ტომესთან შეერთების გზით შეიქმნა ერთიანი სან-ტომე და პრინსიპის კოლონია.

XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყო ორი ახალი სავაჭრო კულტურის — ყავის და კაკაოს გაშენება. მდიდარი ვულკანური ნიადაგი აღმოჩნდა საკმაოდ ნაყოფიერი მათთვის და მალე კაკაოს ხეების (პორტ. roças) ვრცელმა პლანტაციებმა, რომლებიც ეკუთვნოდა პორტუგალიურ კომპანიებს და მფლობელებს, დაიკავეს კუნძულ სან-ტომეს თითქმის მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომლებიც 1908 წლისთვის გახდა კაკაოს ყველაზე უფრო დიდი მწარმოებელი მსოფლიოში.

კაკაოს (roças) პლანტაციებში არსებული შრომის სისტემა მათ მფლობელებს აძლევდა დიდ ხელისუფლებას, რაც იწვევდა მისი ბოროტად გამოყენების შემთხვევებს სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულ აფრიკელების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიამ 1876 წელს ოფიციალურად გააუქმა მონობა, იძულებითი შრომის გამოყენების მეთოდების პრაქტიკა ჯერ კიდევ გრძელდებოდა. XX საუკუნის დასაწყისში საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა პორტუგალიელი პლანტატორების წინააღმდეგ მიმართულმა ბრალდებამ მათთან კონტრაქტით მომუშავე ანგოლელების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, რომლებსაც ძალდატანებით ამუშავებდნენ და ჰქონდათ არსებობის გაუსაძლისი პირობები. 1884 და 1909 წლებს შორის პლანტაციებში სამუშაოდ კუნძულებზე შეიყვანეს 70 000 მონა[7].

1935 წელს ანტონიუ დი სალაზარის რეჟიმის მიერ მიღებული კოლონიალური აქტით სან-ტომე და პრინსიპის, როგორც პორტუგალიის სხვა სამფლობელოების უმრავლესობას, მიენიჭა სტატუსი — პორტუგალიის კოლონია სან-ტომე და პრინსიპი (პორტ. Colónia portuguesa de São Tomé e Príncipe).

1951 წლის 11 ივნისს პორტუგალიის კოლონია სან-ტომე და პრინსიპიმ მიიღო ზღვისიქითა პროვინციის (პორტ. provincia ultramarinа) სტატუსი ოფიციალური სახელით — პორტუგალიის პროვინცია სან-ტომე და პრინსიპი (პორტ. Provincia portuguesa de São Tomé e Príncipe).

XX საუკუნის დასაწყისიდან პლანტაციის მუშებს შორის დაწყებულმა სპორადულმა მღელვარებამ უმაღლეს დონეს მიაღწია 1953 წლის ბუნტის დროს, რომელშიც პორტუგალიის ხელისუფლებასთან შეტაკებისას დაიღუპა რამდენიმე ასეული აფრიკელი დაქირავებული მუშა (ეს მოვლენა, ცნობილი, როგორც «ბატეპეს ხოცვა-ჟლეტა», ითვლება კოლონიალური პერიოდის ისტორიის მთავარ მოვლენად და ეს დღე ოფიციალურად აღინიშნება სან-ტომე და პრინსიპიში სახელმწიფო დონეზე). პორტუგალიის ხელისუფლებან დაიწყო კაკაოს პლანტაციებში ანგოლელი მუშების ლოიალური კაბო-ვერდელი მულატებით ჩანაცვლების პროგრამა, რომელთა რამდენიმე ათასი ადამიანი შეადგენდა პირველ ახალ სასოფლო-სამეურნეო დასახლებებს (პორტ. colonato). ამასთან კაბო-ვერდელებს ჰქონდათ უფრო მეტი უფლებები და უფრო კარგი შრომის პირობები, განათლების მიღების ჩათვლით. როგორც პორტუგალიის სხვა კოლონიებში კაბო-ვერდელი მულატები შეადგენდნენ ადმინისტრაციის, პოლიციის, სასწავლო დაწესებულებების დაბალ და საშუალო პერსონალს და მსახურობდნენ დაბალ სამეთაურო თანამდებობებზე პორტუგალიის არმიის კოლონიალურ ნაწილებში.[8]

გამანთავისუფლებელი მოძრაობა რედაქტირება

1960 წელს, როდესაც აფრიკაში ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა ანტიკოლონიურმა მოძრაობამ მიიღო ფართომასშტაბიანი ხასიათი, სან-ტომელების ჯგუფმა გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში შექმნა სან-ტომე და პრინსიპის განთავისუფლების კომიტეტი (CLSTP). მისი ლიდერი გახდა მანუელ პინტუ და კოშტა.

1972 წელს კომიტეტი გარდაიქმნა სან-ტომე და პრინსიპის განმათავისუფლებელი მოძრაობა/სოციალ-დემოკრატიული პარტიად (პორტ. Movimento de Libertação de São Tomé e Príncipe, MLSTP/PSD).

პორტუგალიის გვინეისაგან (დღევანდელი გვინეა-ბისაუ), ანგოლისაგან და მოზამბიკისაგან განსხვავებით, სან-ტომე და პრინსიპიზე, როგორც კაბო-ვერდეზე, არ ყოფილა შეიარაღებული გამანთავისუფლებელი ომები, რაც აიხსნება XV-XIX საუკუნეების განმავლობაში სან-ტომე და პრინსიპის პორტუგალიელ და ბანტუს სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლებს შორის შერეული ქორწინებების შედეგად მიღებული შთამომავლების — მულატი სან-ტომელების დიდი რაოდენობით, რომელთა დიდი ნაწილი იყო პორტუგალიის მოქალაქე და არ გრძნობდა საკუთარ ეთნიკურ ერთობას აფრიკის კონტინენტის ბანტუს მკვიდრ ხალხთან. ასევე დიდ როლს ასრულებდა ის მდგომარეობა, რომ სან-ტომე და პრინსიპის ტერიტორიაზე იმყოფებოდა პორტუგალიის კოლონიალური ჯარის ბაზები, საიდანაც ხდებოდა ანგოლაში მიმდინარე ანტიკოლონიალურ ბრძოლებში პორტუგალიის არმიის დახმარება.

1972 წელს სან-ტომე და პრინსიპის მიენიჭა ადგილობრივი ავტონომია: შეიქმნა საკანონმდებლო კრება და მთავრობა პორტუგალიელი გუბერნატორის ხელმძღვანელობით.

1974 წლის აპრილში პორტუგალიაში «მიხაკების რევოლუციის» გამარჯვების შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები MLSTP/PSD-ის წარმომადგენლებსა და პორტუგალიის ახალ ხელისუფლებას შორის, რომელიც 1974 წლის ნოემბერში ალჟირში დამთავრდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით სან-ტომე და პრინსიპისათვის 1975 წლის 12 ივლისს დამოუკიდებლობის მინიჭების და სან-ტომე და პრინსიპის ავტონომიური რესპუბლიკის გარდამავალი მთავრობის შექმნის თაობაზე, რომელიც 1974 წლის 21 დეკემბერს შეიქმნა პარიტეტულ საფუძველზე პორტუგალიის ხელისუფლებისა და MLSTP/PSD-ის წარმომადგენლებს შორის პორტუგალიის უმაღლესი კომისარის ხელმძღვანელობით.

1975 წლის ივნისში ჩატარებულ დამფუძნებელი კრების არჩევნებში MLSTP/PSD-მა მიიღო ყველა 16 ადგილი.

დამოუკიდებლობის პერიოდი რედაქტირება

1975 წლის 12 ივლისს დამფუძნებელმა კრებამ გამოაცხადა სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რომლის პირველი პრეზიდენტი გახდა MLSTP/PSD-ის გენერალური მდივანი მანუელ პინტუ და კოშტა, პრემიერ-მინისტრიმიგელ ტროვოადა. MLSTP/PSD გახდა ქვეყნის მმართველი და ერთადერთი პარტია (1990 წლამდე).

ურთიერთობა პრეზიდენტ მანუელ პინტუ და კოშტასა და პრემიერ-მინისტრ მიგელ ტროვოადას შორის თანდთან უარესდებოდა და თავის ნეგატიურ კულმინაციას მიაღწია 1979 წლის მარტში, როდესაც და კოშტამ გაათავისუფლა ტროვოადა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და დანიშნა მრეწველობის, მშენებლობის და თევზჭერის მინისტრად, ხოლო წლის ბოლოს მას ბრალი დასდო ანტისახელისუფლებო შეთქმულებაში და ციხეში ჩასვა. 21 თვე პატიმრობაში ყოფნის შემდეგ ტროვოადა ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში.

XX საუკუნის ბოლოს სან-ტომე და პრინსიპი გახდა აფრიკაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაადგა დემოკრატიული რეფორმების გზას. 1989 წლის ბოლოს MLSTP/PSD-ის პარტიულ კონფერენციაზე დისკუსიების შემდეგ განხორციელდა მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლა. 1990 წლის აგვისტოში საყოველთაო რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა MLSTP/PSD-ის ცენტრალური კომიტეტის მიერ წარმოდგენილ ქვეყნის ახალ კონსტიტუციას, რომლითაც მოღვაწეობის ნება ეძლეოდათ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და ადგენდა მრავალპარტიულ დემოკრატიულ სისტემას.

1990 წლის ოქტომბერში ჩატარებული MLSTP/PSD-ის ყრილობის გადაწყვეტილებით ამ პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე კარლუშ და გრასამ შეცვალა მანუელ პინტუ და კოშტა, პარტიამ შეიცვალა სახელი და ეწოდა სან-ტომე და პრინსიპის განთავისუფლების მოძრაობა / სოციალ-დემოკრატიული პარტია (პორტ. Movimento de Libertação de São Tomé e Príncipe / Partido Social Democrata, (MLSTP/PSD)).

პირველი თავისუფალი და გამჭვირვალე მრავალპარტიული არჩევნები ძალადობის გარეშე გაიმართა 1991 წელს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიგელ ტროვოადა დაბრუნდა ქვეყანაში კონსტიტუციაში შეტანილი დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ, არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და არჩეული იქნა ქვეყნის პრეზიდენტად.

1992 წლის ბოლოს გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში MLSTP/PSD-მ მიიღო ადგილების უმრავლესობა 7 რეგიონალური საბჭოდან ხუთში. 1994 წლის ოქტომბრის ეროვნულ სახალხო ასამბლეის არჩევნებში MLSTP/PSD-მა მიიღო ადგილების უმრავლესობა. ეს შედეგი განმეორდა 1998 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებშიც.

1996 წელს ქვეყნის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს მიგელ ტროვოადა, როგორც მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური პარტიის — დამოუკიდებელი დემოკრატიული მოქმედების (ADI) კანდიდატი.

2001 წლის ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა დამოუკიდებელი დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა — ფრადიკე დე მენეზეშმა და თანამდებობა დაიკავა 2001 წლის 3 სექტემბერს.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა 2002 წლის მარტში.

2003 წლის ივლისში, როდესაც დე მენეზეში ვიზიტით იმყოფებოდა ნიგერიაში, არმიამ ერთი კვირით ხელში ჩაიგდო ხელისუფლება, მას და ხელისუფლებას ბრალი დასდო კორუფციაში და ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების არასამართლიან განაწილებაში. მაგრამ მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე დე მენეზეში დაუბრუნდა თავის პოსტს.

გეოგრაფია რედაქტირება

 
სან-ტომე და პრინსიპის რუკა.
 
სან-ტომე და პრინსიპის ხედი ხელოვნური თანამგზავრიდან.

ფართობის მიხედვით (1001 კმ²) სეიშელის კუნძულების რესპუბლიკის შემდეგ სან-ტომე და პრინსიპი ყველაზე უფრო პატარა ქვეყანაა აფრიკის სახელმწიფოებს შორის. იგი ასევე ყველაზე უფრო პატარა ქვეყანაა პორტუგალიურენოვან ქვეყნებს შორის მსოფლიოში.

სან-ტომეს და პრინსიპის კუნძულები მდებარეობენ ატლანტის ოკეანეში ეკვატორთან ახლოს, გაბონის ჩრდილო-დასავლეთი სანაპიროდან შესაბამისად დაახლოებით 300 და 250 კმ-ში. ორივე კუნძულის რელიეფი მთიანია, რადგანაც ისინი ჩამქრალი ვულკანების ჯაჭვის (კამერუნის ხაზი) ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს კუნძულებს: ანობონი სამხრეთ-დასავლეთით და ბიოკო ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასევე ეკვატორული გვინეის ნაწილს და კამერუნის ვულკანს აფრიკის დასავლეთ ნაპირზე.

კუნძულ სან-ტომეს ზომები შეადგენს 48 კმ-ს სიგრძეში და 32 კმ-ს სიგანეში. ამ კუნძულზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი — სან-ტომე. კუნძულ პრინსიპის ზომებია — 6 კმ-ს სიგრძეში და 16 კმ-ს სიგანეში.

ეკვატორი გადის კუნძულ სან-ტომედან ცოტა სამხრეთით, თითქმის კუნძულ როლაშზე.

კუნძულები სან-ტომე და პრინსიპი ვულკანური წარმოშობისაა და აგებულია უმთავრესად ბაზალტით. შემორჩენილია ვულკანური კონუსები, კრატერებში პატარა ტბებია. კუნძულ სან-ტომეს ყველაზე უფრო მაღალი წერტილი მდებარეობს პიკუ-დე-სან-ტომეს მთაზე, რომელიც იმყოფება ზღვის დონიდან 2024 მეტრ სიმაღლეზე, კუნძულ პრინსიპის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი მდებარეობს პრინსიპის პიკის მთაზე, რომელიც იმყოფება ზღვის დონიდან 948 მეტრ სიმაღლეზე.

შიდა წყლები რედაქტირება

ქვეყნა დაქსელილია ხშირი მდინარეული სისტემით, მაგრამ ყველა მდინარე სიგრძეში მოკლეა და ძირითადად აქვთ ჩქარი დინება, მრავალრიცხოვანი კასკადებით და ჩანჩქერებით. კუნძულებზე არ არსებობენ ტბები, ხოლო მდინარეებზე ნაოსნობა შეუძლებელია. ხშირი და ძლიერი ნალექების გამო მდინარეები მდიდარია მტკნარი წყლით. ყველა მდინარე მთებიდან ჩაედინება ატლანტის ოკეანეში. მთების ფერდოებზე მიედინებიან მდინარეები, რომელთაგან ყველაზე უფრო დიდებია — აგუა-გრანდე და იო-გრანდე სან-ტომეს კუნძულზე, ასევე აგულიაში, ბანზუ და პაპაგაიუ პრინსიპის კუნძულზე.

ნიადაგი რედაქტირება

კუნძულებზე ნიადაგი ვულკანური წარმოშობისაა, ძირითადად შედგება ანდოსოლისაგან, მინერალების დიდი მარაგით. სან-ტომე და პრინსიპის ნიადაგის ზედაპირი თბილ, ნოტიო კლიმატთან ერთად ხელს უწყობს ვეგეტაციას, შესაბამისად სოფლის მეურნეობას, რომელიც ტურიზმთან ერთად ეკონომიკის მთავარი დარგია.

კლიმატი რედაქტირება

კუნძულ პრინსიპზე ჰავა ეკვატორულია, მუდმივნოტიო, კუნძულ სან-ტომეზე — ეკვატორულიდან ტროპიკულში გარდამავალი. წლის საშუალო ტემპერატურა — +26—27 °C. ცხელ თვეებში, განსაკუთრებით იანვარში, ტემპერატურა ჩვეულებრივ აჭარბებს +30 °C-ს, ხოლო ყველაზე უფრო ცივ თვეში (ივლისი) შეიძლება დაეცეს +20 °C-ზე დაბლა.

ყველაზე უფრო მეტი ნალექი (5000 მმ-მდე) მოდის კუნძულ სან-ტომეს სამხრეთ-დასავლეთში, ყველაზე უფრო ნაკლები (1000 მმ-მდე) — იმავე კუნძულის დაბლობში, ჩრდილოეთში. წვიმების სეზონი გრძელდება ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით.

ფლორა და ფაუნა რედაქტირება

ქვეყანაში ძუძუმწოვრების მრავალფეროვნება არ შეიმჩნევა, არსებობს მხოლოდ ერთი ენდემური სახეობა სან-ტომეს კბილთეთრა. კუნძულებზე ბინადრობს ღამურების რამდენიმე სახეობა, Chaerephon tomensis-ის ჩათვლით, სხვადასხვანაირი ვეშაპები, როგორიცაა კუზიანი ვეშაპი, რომელზეც ადრე ხშირად ნადირობდნენ. ზოგიერთი სახეობა შემოყვანილია ადამიანის მიერ, როგორებიცაა მონა მაიმუნი (ლათ. Cercopithecus mona), ვირთაგვა და გაველურებული ღორი.

კუნძულებზე ბუდობს ფრინველების სულ ცოტა 114 სახეობა, საიდანაც დაახლოებით 26 სახეობა ენდემურია. სულ ცოტა სამ სახეობას — სან-ტომეს მოკლეკუდა ბეღურა (Amaurocichla bocagei), სან-ტომეს კანარის ჩიტი (Crithagra concolor) და დორნის შაშვი (Horizorhinus dohrni) არ ჰყავს უახლოესი გვარი. კუნძულებზე ბუდობს მსოფლიოში ყველაზე დიდი მენექტრიასებრნთა სახეობის ფრინველი (გიგანტური მენექტრია) და ყველაზე პატარა ივეოსი (სან-ტომეს ივეოსი). პატარა კუნძულებზე არსებობენ ზღვის ფრინველების დიდი კოლონიები. ზოგიერთი ფრინველის სახეობა იმყოფება გაქრობის საფრთხის ქვეშ, ხოლო სამი მათგანი — სან-ტომეს ივეოსი, სან-ტომეს ღაჟო და დორნის შაშვი, გაქრობის საფრთხეს არ განიცდის.

სან-ტომე და პრინსიპიში ბინადრობს ამფიბიების 7 სახეობა, ყველა მათგანი ენდემურია: ბაყაყის 6 სახეობა (Leptopelis palmatus, Hyperolius molleri, Hyperolius thomensis, Phrynobatrachus dispar, Phrynobatrachus leveleve და Ptychadena newtoni) და 1 უფეხო ამფიბიაSchistometopum thomense.[9][10] ზუსტად ამ სახეობებმა შეძლეს კუნძულების კოლონიზება, რადგანაც ამფიბიებს ზღვის წყალთან გააჩნიათ დაბალი შემგუებლობა.

წვიმის ტყეები დაფარულია ქცეყნის ტერიტორიის დაახლოებით 74 %. ესაა ხელმეორედ შექმნილი ტყე, რომელიც გაიზარდა მიტოვებული პლანტაციების ადგილებზე. ტყის დიდი ფართობი უკავია ობოს ბუნებრივ პარკს. ტყეებით ასევე დაფარულია სავანები და მანგროს ტყეები.

კუნძულებზე იზრდება ძარღვოვანი მცენარეების დაახლოებით 895 სახეობა, რომელთაგან 95 სახეობა იზრდება კუნძულ სან-ტომეზე და 37 კი გვხვდება მხოლოდ კუნძულ პრინსიპიზე. ფართედაა გავრცელებული ჯადვარისებრნის, ენდროსებრნის და რძიანასებრნის ოჯახის სახეობები, როგორც თვითონ კალვოას და ბეგონიას გვარი. გიგანტურ ენდემურ ბეგონიებს — Begonia crateris და Begonia baccata შეუძლიათ მიაღწიონ სამ მეტრამდე სიმაღლეს. კუნძულები ასევე მდიდარია გვიმრებით. ერთადერთი შიშველთესლოვანი იზრდება კუნძულ სან-ტომეზე — ერთი ენდემური სახეობა Afrocarpus mannii.[11]

სხვა ენდემური მცენარეა — Leea tinctoria, ვაზი ვაზისებრნის ოჯახიდან.

სახელმწიფო წყობა რედაქტირება

1902 წლის 10 მარტს მიღებული და 1990 წლის 10 სექტემბერს ძალაში შესული კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის მმართველობის ფორმაა — მრავალპარტიული საპარლამენტო რესპუბლიკა.

კონსტიტუციაში ცვლილებები შედის ეროვნული ასამბლეის დეპუტატების ორი მესამედის თანხმობის შემდეგ. ინიციატივა შეიძლება შეიტანონ დეპუტატებმა და საპარლამენტო ჯგუფებმა.

ქვეყნის 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და იქნეს არჩეული მასში. ქვეყნის მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ გაერთიანებების შექმნის თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკურისაც, სიტყვის და პრესის თავისუფლება, კერძო საკუთრების, შრომის და პროფკავშირების შექმნის უფლება.

სახელმწიფოს და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ასევე შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია — პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა საყოველთაო არჩევნებზე 5 წლის ვადით. შეზღუდვა — ზედიზედ 3 ვადა.

პრემიერ-მინისტრი ირჩევა ეროვნული ასამბლეის მიერ, რომელსაც მხარს დაუჭერს პრეზიდენტი. მთავრობას პრემიერ-მინისტრის წარდგენით აყალიბებს პრეზიდენტი. ეროვნული ასამბლეა პრეზიდენტმა შეიძლება დაითხოვოს მასში წარმოდგენილი პარტიების აზრის მოსმენის შემდეგ. მთავრობა დათხოვნილი უნდა იქნეს ეროვნული ასამბლეის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ უნდობლობის შესახებ მიღებული რეზოლუციის შემთხვევაში.

საკანონმდებლო ინიციატივას ფლობენ დეპუტატები, საპარლამენტო ჯგუფები და მთავრობა. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისგან, მინისტრებისგან, სახელმწიფო მდივნებისგან და სახელმწიფო მდივნების მოადგილეებისგან. მთავრობა პასუხისმგებელია პრეზიდენტის და ეროვნული ასამბლეის წინაშე.

საკანონმდებლო ორგანო — ეროვნული ასამბლეა (Assembleia Nacional). ერთპალატიანი პარლამენტი. შედგება 55 დეპუტატისაგან. ირჩევა 4 წლიანი ვადით პირდაპირ საყოველთაო არჩევნებზე.

სასამართლო ხელისუფლება რედაქტირება

სან-ტომე და პრინსიპიში სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენენ:

  • საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც შედგება 13 მოსამართლისგან, საიდანაც 10 ინიშნება ეროვნული ასამბლეის მიერ, ხოლო 3 — ირჩევა ამ ათი მოსამართლის გადაწყვეტილებით. მოსამართლეები ინიშნება 9 წლის ვადით და მათი დანიშვნა მეორე ვადით დაუშვებელია.
  • უმაღლესი სასამართლო სასამართლოების იერარქიაში ყველაზე მაღალი ორგანოა, რომელიც არ ერევა საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში. პირველი და მეორე ინსტანციის საერთო იურისდიქციის მოსამართლეებს ნიშნავს ეროვნული ასამბლეა.
  • უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო სასამართლოების იერარქიაში ადმინისტრაციული და ფისკალური სასამართლოების უმაღლესი ორგანოა, რომელიც არ ერევა საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში. ადმინისტრაციული და ფისკალური სასამართლოების კომპეტენციაში შედის სარჩელების და საჩივრების სასამართლო განხილვები დავების დარეგულირების მიზნით, რომელიც წარმოიშვა ფისკალური და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში.

შეიარაღებული ძალები რედაქტირება

სან-ტომე და პრინსიპის შეიარაღებული ძალები (პორტ. Forças Armadas de São Tomé e Príncipe (FASTP)) ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის დანიშნულებაა სახელმწიფოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ქვეყანა მდებარეობს გვინეის ყურეში მდებარე მთავარ სტრატეგიულ საზღვაო გზებთან ახლოს და უკანასკნელ პერიოდში წარმოშობილ რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით, ნავთობგადამზიდავი ტანკერების უსაფრთხოების ჩათვლით, ამერიკულმა და სხვა უცხოურმა სამხედრო ფლოტებმა გააფართოეს ურთიერთობა სან-ტომე და პრინსიპის შეიარაღებული ძალებთან (FASTP-თან), ქვეყანას დაეხმარენ შეიარაღებული ძალების განვითარებაში და სასწავლო მისიებში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო და სადაზვერვო მონაცემების გაცვლის პროგრამებში.

სან-ტომე და პრინსიპის შეიარაღებული ძალები (FASTP) საკმაოდ მცირერიცხოვანია, შედგება 4 განყოფილებისაგან: სახმელეთო ჯარები (პორტ. Exército), სანაპირო დაცვა (პორტ. Guarda Costeira ასევე ეძახიან "ფლოტს"), საპრეზიდენტო გვარდია (პორტ. Guarda Presidencial) და ეროვნული გვარდია. სამხედრო-საჰაერო ძალები ქვეყანას არ ჰყავს. ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი განუწყვეტლივ მცირდება. მიუხედავად 2000-იან წლების შუა პერიოდში ნავთობის დიდი მარაგის აღმოჩენისა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია უცხოურ ფინანსურ დახმარებაზე და ის აფრიკაში ყველაზე უფრო ნაკლებად ფინანსირებადი დარგია.[12] 2005 საფინანსო წელს სამხედრო ხარჯებმა შეადგინა $581 729, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0,8 %. 2004 წლის შეფასებით ქვეყნის მთლიანი სამხედრო რესურსები შეადგენდა 38 347 ადამიანს (15-49 წლის ასაკის მამაკაცები), სამხედრო სამსახურში ვარგისი ადამიანების რაოდენობა შეადგენდა 20 188-ს.[13] 2009 წლის მდგომარეობით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 300 ჯარისკაცი.[14]

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით სან-ტომე და პრინსიპი იყოფა 2 პროვინციად: სან-ტომე და პრინსიპი.

პროვინციები თავის მხრივ იყოფიან 7 ოლქად: 6 სან-ტომეს პროვინციაში და 1 პრინსიპის პროვინციაში.

პროვინციები ადმ. ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2012)[1][2][3][4]
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 სან-ტომე სან-ტომე 859 179 814 209,33
2 პრინსიპი სანტუ-ანტონიუ 142 7542 53,11
სულ 1001 187,356 187,17
სან-ტომე და პრინსიპის ადმინისტრაციული დაყოფა ოლქებად
 

რუკაზე
ოლქები ადმ. ცენტრი პროვინციები ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1][2][3][4]
ად. (2012)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 აგუა-გრანდე სან-ტომე სან-ტომე 17 73 091 4299,47
2 კანტაგალუ სანტანა სან-ტომე 119 18 194 152,89
3 კაუი სან-ჟოზე-დუშ-ანგოლარეში სან-ტომე 267 6887 25,79
4 ლემბა ნევეში სან-ტომე 230 15 370 66,83
5 ლობატა გვადალუპე სან-ტომე 105 20 007 190,54
6 მი-სოჩი ტრინდადი სან-ტომე 122 46 265 379,22
7 პაგუი სანტუ-ანტონიუ პრინსიპი 142 7542 53,11
სულ 1001 187 356 187,17

დემოგრაფია რედაქტირება

  • მოსახლეობის რაოდენობა — 187 356 ადამიანი (2012)[1][2][3][4].
  • წლიური ზრდა — 1,84 % (2015 წელი).
  • ქალაქის მოსახლეობა — 119 781 ადამიანი 67,0 % (2012 წელი).[1]
  • სოფლის მოსახლეობა — 58 958 ადამიანი 33,0 % (2012 წელი).[1]
  • შობადობა — 34,23 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 4,54 დაბადებული ერთ ქალზე) (2015 წელი).
  • სიკვდილიანობა — 7,24 % (2015 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 47,88 % (2015 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 64,58 წელი (2015).
  • საშუალი ასაკი — 18,0 წელი
    • მამაკაცები — 17,5 წელი
    • ქალები — 18,4 წელი (2015 წელი).
    • 0-14 წელი: 43,04 %
    • 15-64 წელი: 54,08 %
    • 65 წელზე უფროსები: 2,88 % (2015 წელი).
  • განათლება — 74,9 % (81,8 % მამაკაცებში, 68,4 % ქალებში (2015 წლის შეფასება)).[15]
  • შიდსის ვირუსით დაავადება — 100 ადამიანი (2014 წელი).[15]

ეთნიკური ჯგუფები რედაქტირება

 
მოსახლეობის რაოდენობის ზრდა 1961 წლიდან 2006 წლის ჩათვლით

2012 წელს ქვეყანაში მცხოვრები 187 356 ადამიანიდან დიდი უმრავლესობა (179 814 ადამიანი) ცხოვრობს კუნძულ სან-ტომეზე; მხოლოდ 7542 ადამიანი ცხოვრობს კუნძულ პრინსიპიზე. გამოჰყოფენ მოსახლეობის შემდეგ ძირითად ჯგუფებს:

  • კრეოლები (მეტისები; პორტ. Mestiço): პირველი პორტუგალიელი კოლონისტების და კუნძულებზე ბენინიდან, გაბონიდან და კონგოს სამეფოდან ჩამოყვანილი აფრიკელი მონების შთამომავლები (ასევე ცნობილია, როგორც filhos da terra — «მიწის ბავშვები»).
  • Angolares: 1540 წელს გემის ჩაძირვისას გადარჩენილი მუშების შთამომავლები ანგოლიდან. დღეისათვის პირველ რიგში დაკავებული არიან თევზჭერით.
  • ფორუში (პორტ. Forros): მონებით ვაჭრობის გაუქმების შედეგად განთავისუფლებული მუშების შთამომავლები.
  • Serviçais: კუნძულებზე კონტრაქტით დროებით მომუშავე მუშები ანგოლიდან, მოზამბიკიდან და კაბო-ვერდედან.
  • Tongas: კუნძულებზე დაბადებული კონტრაქტით მომუშავეთა ბავშვები.
  • ევროპელები (პირველ რიგში — პორტუგალიელები).
  • აზიელები: ძირითადად უმცირესობაში მყოფი ჩინელები, მაკაოდან ჩამოსული პორტუგალიელი და ჩინელი ნაჯვარი ხალხის შთამომავლების ჩათვლით.

ენები რედაქტირება

სან-ტომე და პრინსიპის ენები (2012 წელი)[1]
ენა: პროცენტი:
პორტუგალიური
  
98.4%
ფორუ
  
36.2%
კაბუვერდიანუ
  
8.5%
ფრანგული
  
6.8%
ანგოლარი
  
6.6%
ინგლისური
  
4.9%
პრინსიპის კრეოლური
  
1%
სხვა
  
2.4%

სან-ტომე და პრინსიპის ოფიციალური ენაა პორტუგალიური, რომელსაც 2012 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით ფლობს 170 223 ადამიანი ანუ მთლიანი მოსახლეობის 98,4 %, ძირითადად როგორც მეორე ენას. ძირითადი სალაპარაკო ენაა გვინეის ყურის პორტუგალიურ-კრეოლური ენა, რომლის სამი დიალექტია ძირითადად წარმოდგენილი ქვეყანაში: ფორუ; (62 707 ადამიანი ანუ 36,2 %), ანგოლარი (კუნძულ სან-ტომეს სამხრეთში; 11 377 ადამიანი ანუ 6,6 %), პრინსიპის კრეოლური (იგივე ლუნგუი, კუნძულ პრინსიპიზე; 1753 ადამიანი ანუ 1 %). ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, რომლებიც საუბრობენ კაბუვერდიანუს ენაზე; (კაბო-ვერდელი მულატების შთამომავლების ენა, 14 654 ადამიანი ანუ 8,5 %). ქვეყანაში ასევე ცხოვრობენ ფრანგულ (11 697 ადამიანი ანუ 6,8 %) და ინგლისურ (8556 ადამიანი ანუ 4,9 %) ენაზე მოლაპარაკე ხალხი. სხვა ენებზე ლაპარაკობს 4184 ადამიანი ანუ 2,4 %.

რელიგია რედაქტირება

რელიგია სან-ტომე და პრინსიპიში (2012 წელი)[1]
რელიგია: პროცენტი:
კათოლიკები
  
55.7%
ადვენტისტები
  
4.1%
ღმერთის ასამბლეა
  
3.4%
ახალაპოსტოლური ეკლესია
  
2.9%
მანა
  
2.3%
ღმერთის სამეფო
  
2.0%
იეჰოვას მოწმეები
  
1.2%
სხვები
  
5.0%
ათეისტები
  
21.2%
ვერ გაერკვა
  
0.7%
არ ამბობს
  
0.3%

2012 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით სან-ტომე და პრინსიპის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მიეკუთვნება შემდეგ რელიგიურ აღმსარებლობას: კათოლიკები — 99 570 ადამიანი ანუ 55,7 %, ადვენტისტები — 7239 ადამიანი ანუ 4,1 %, ღმერთის ასამბლეა — 5991 ადამიანი ანუ 3,4 %, ახალაპოსტოლური ეკლესია — 5177 ადამიანი ანუ 2,9 %, მანა — 4191 ადამიანი ანუ 2,3 %, ღმერთის სამეფო — 3568 ადამიანი ანუ 2,0 %, იეჰოვას მოწმეები — 2202 ადამიანი ანუ 1,2 %, სხვები — 8990 ადამიანი ანუ 5,0 %, ათეისტები — 37 935 ადამიანი ანუ 21,2 %, ვერ გაერკვა — 1268 ადამიანი ანუ 0,7 %, არ ამბობს — 488 ადამიანი ანუ 0,3 %.

ქვეყანაში ასევე არსებობს მცირერიცხოვანი, მაგრამ სწრაფად მზარდი მუსულმანური მოსახლეობა.

ეკონომიკა რედაქტირება

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის მეურნეობის მართვას მიეცა ცენტრალიზებული ხასიათი, ამასთან წარმოების საშუალებების დიდი ნაწილი იმყოფებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში. თავდაპირველი კონსტიტუცია «შერეული ეკონომიკის» გარანტიას იძლეოდა, რომლის დროსაც ერთდროულად არსებობდა კერძო კოოპერატივები და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი წარმოების საშუალებები.

1980-იან — 1990-იან წლებში სან-ტომე და პრინსიპის ეკონომიკა შეეჯახა მნიშვნელოვან სიძნელეებს. ეკონომიკური განვითარება დამუხრუჭდა. პლანტაციური მიწების გადანაწილების მცდელობებმა გამოიწვია მოყვანილი კაკაოს რაოდენობის შემცირება. ამავე დროს კაკაოს ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად დაეცა. სახელმწიფოს გადახდის ბალანსის დეფიციტი იზრდებოდა ყოველწლიურად.

ეკონომიკური ვარდნის შეჩერებისა და შეწყვეტის მიზნით ხელისუფლებამ განახორციელა მთელი რიგი რეფორმები. 1987 წელს ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით დაიწყო რეგულირების სტრუქტურული პროგრამის განხორციელება და გააფართოვა კერძო სექტორის მონაწილეობა ნახევრადსახელმწიფო საწარმოების მართვაში, ასევე სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, საბანკო და ტურისტულ სექტორებში. 1990-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური რეფორმების ბაზა გახდა მასობრივი პრივატიზაცია (განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საწარმოების).

სან-ტომე და პრინსიპის ხელისუფლება რეგულარულად იღებს დახმარებებს სხვადასხვა სახელმწიფოებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა, მსოფლიო ბანკი, ევროპის კავშირი, პორტუგალია, ტაივანი, აფრიკის განვითარების ბანკი).

2007 წლის 27 მარტის მდგომარეობით სახელმწიფო ფულადი შენატანის გადახდის მხრივ შედის გაეროს მოვალეების სიაში.

შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.

სოფლის მეურნეობა რედაქტირება

XIX საუკუნიდან სან-ტომე და პრინსიპის ეკონომიკა დაფუძნებული იყო პლანტაციურ მეურნეობაზე. დამოუკიდებლობის მიღწევის მომენტისათვის პორტუგალიის პლანტაციებს ეკავათ დამუშავებული მიწების 90 %. 1975 წლის შემდეგ ეს პლანტაციები გადავიდა სხვადასხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მმართველობის ქვეშ, ხოლო შემდეგ მოხდა მათი პრივატიზაცია. ქვეყანაში მოყვანილი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა კაკაო, რომლის წილი ექსპორტში შეადგენს გატანილი პროდუქციის მთლიანი მოცულობის 80 %-ზე მეტს[16]. მცირე რაოდენობით ექსპორტზე ასევე გადის ყავა, კოპრა, ბანანი, ლათ. Cínchona-ს ქერქი, პალმის ზეთი. ამას გარდა, ქვეყანაში მოჰყავთ პურის ხე, ფეტვი, მანიჰოტი, სიმინდი, იამსი. ექსპორტირებული საქონლის 30 %-ზე მეტი მიეწოდება დიდ ბრიტანეთს, 25 %-ზე მეტი — ნიდერლანდებს, 20 %-ზე მეტი — ბელგიას[16].

მრეწველობა რედაქტირება

საკვები პროდუქტების წარმოების მოცულობა საკმაოდ მცირეა და ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებებს, ამიტომ საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთიდან იმპორტის სახით შემოდის. ბოლო დროს საკვები მრეწველობის გასავითარებლად მთავრობა დიდ ძალისხმევას იღებს, მათ წამოიეყეს რამდენიმე პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად ფინანსირდება უცხოური ორგანიზაციების მიერ. დღეისათვის კუნძულებზე საქონლის ძირითად მომწოდებლად რჩება პორტუგალია: მის წილზე მოდის ქვეყნის იმპორტის თითქმის 60 %[16].

სოფლის მეურნეობის გარდა, ქვეყნის ეკონომიკის მთავარი დარგებია თევზჭერა და ნაკლებადგანვითარებელი სამრეწველო სექტორი (სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება და სახალხო მოხმარების ძირითადი საქონლის წარმოება). კუნძულებს აქვს ტურიზმის განვითარების მშვენიერი პოტენციალი და მთავრობა ცდილობს გააუმჯობესოს ტურისტული ინფრასტრუქტურა. ეკონომიკის სახელმწიფო სექტორში დაკავებული მოსახლეობის წილი შეადგენს დაახლოებით 11 %-ს.

ნავთობის წარმოება რედაქტირება

1999 წელს ExxonMobil-ის კორპორაციამ დაიწყო ნავთობის მარაგის დაზვერვა ოკეანის შელფზე, რის შედეგადაც აღმოჩენილი იქნა 10 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობი. 2001 წელს ნიგერიისა და სან-ტომე და პრინსიპის მთავრობებმა მიაღწიეს შეთანხმებას რეგიონში არსებული ნავთობის მარაგის ერთობლივი მფლობელობის შესახებ. განვითარების ერთობლივი ზონა დაიყო 9 სექტორად. 2004 წელს ნავთობის მოპოვების უფლება 1 სექტორში მიიღეს კომპანიებმა ChevronTexaco, ExxonMobil და ნორვეგიულმა ფირმა Equity Energy-მ. შეთანხმების თანახმად შემოსავლების 60 %-ს იღებს ნიგერია, ხოლო 40 %-ს — სან-ტომე და პრინსიპი.

ტრანსპორტი რედაქტირება

სან-ტომე და პრინსიპის ტრანსპორტის ძირითადი დარგებია ადგილობრივი დანიშნულების საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ასევე საერთაშორისო დანიშნულების საავიაციო აეროპორტები და საზღვაო პორტები. ქვეყანაში არ არსებობს რკინიგზა.

2006 წლის მდგომარეობით ქვეყანაში ფუნქციონირებს 320 კმ ავტოგზა, აქედან 218 კმ მყარი საფარითაა და 102 კმ გრუნტიანი საფარით.

საზღვაო პორტები არსებობს სანტუ-ანტონიუში, სან-ტომეში. 1999 წელს ქვეყნის საზღვაო სავაჭრო ფლოტის შემადგენლობაში ირიცხება 9 გემი (1000 რეგისტრირებული ტონა (GRT) და მეტი) საერთო მოცულობით 43 587 რეგისტრირებული ტონა (GRT)/34 802 ტონა დიდვეიტი (DWT) — 4 სატვირთო გემი, 1 კონტეინერმზიდი, 1 სარეფრეჟერატორო გემი და 3 როლკერი.

სან-ტომე და პრინსიპის ემსახურება სან-ტომეს საერთაშორისო აეროპორტი. ფუნქციონირებს ორი ასფალტირებული ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, მთლიანობაში: ერთი 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე სიგრძის, ხოლო მეორე 914 მეტრიდან 1523 მეტრამდე სიგრძის.

საგარეო ვაჭრობა რედაქტირება

2012 წლის ექსპორტი — 11,7 მილიონი დოლარი — კაკაო, ყავა, კოპრა, პალმის ზეთი.

ძირითადი მყიდველები — ნიდერლანდები (32,7 %), ბელგია (21,4 %), ესპანეთი (10,8 %), ნიგერია (5,7 %), აშშ (5,0 %).[17]

2012 წლის იმპორტი — 121,6 მილიონი დოლარი — მანქანები, ელექტრომოწყობილობები, ნავთობპროდუქტები, საკვები პროდუქტები.

ძირითადი მომწოდებლები — პორტუგალია (63,0 %), გაბონი (6,0 %).[18]

სოციალური სფერო რედაქტირება

ჯანდაცვა რედაქტირება

სან-ტომე და პრინსიპის ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მალარია. რამდენიმე წლის წინ მალარიით დაავადების მასშტაბები საკმაოდ დიდი იყო,[19] მაგრამ უკანასკნელ წლებში, ტაივანის და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ტექნოლოგიური და მატერიალური დახმარების შედეგად, დაავადებულთა რიცხვი შემცირდა 60 %-ით.

ქვეყანაში შეიმჩნევა აიდ ვირუსით და შიდსით დაავადებულთა რიცხვის კატასტროფული ზრდა. სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, ხოლო სახელმწიფოს არ გააჩნია თანხები სამედიცინო პრეპარატების შესასყიდად.

ჯანდაცვის სფეროში ქვეყანას აფრიკულ ქვეყნებთან პარტნიორობის პროგრამის საფუძველზე გარკვეულ დახმარებას უწევს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული ხელმძღვანელობა, რის შედეგადაც ამაღლდა სამხედრო ექიმების კვალიფიკაცია, შეკეთდა საავადმყოფო დედაქალაქ სან-ტომეში და სხვა.

შვიდი ადამიანისგან შემდგარი კუბელი სამედიცინო ბრიგადა, რომელთა შორის არიან ექიმები, მედდები და სხვა სამედიცინო მუშაკები, ძირითადად მუშაობს მთავარ კუნძულზე, თუმცა პერიოდულად ჩადიან პრინსიპის კუნძულზეც.[20]

2009 წლის მონაცემებით ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $90,73 აშშ დოლარს.[21]

განათლება რედაქტირება

განათლება სან-ტომე და პრინსიპიში სავალდებულოა ოთხი წლის განმავლობაში.[22] 2001 წლიდან ინფორმაცია ქვეყანაში დაწყებითი კლასების მოსწავლეების რაოდენობაზე და მათი გაკვეთილებზე დასწრების დონეზე არ მოიპოვება.[22]

განათლების სისტემა განიცდის საკლასო ოთახების უკმარისობას, მასწავლებლების არასაკმარის კვალიფიკაციას და დაბალ ხელფასს, სასწავლო წიგნების არასრულფასოვნებას, გამეორების მაღალ დონეს, განათლების დაბალ დაგეგმვას და მართვას, ასევე სკოლების მართვაში საზოგადოების არასაკმარის მონაწილეობას.[22] არასაკმარისია სასკოლო სისტემის შიდა დაფინანსება, რის შედეგადაც სისტემა საკმაოდ დამოკიდებულია გარედან დაფინანსებაზე.[22]

უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებია ეროვნული ლიცეუმი და სან-ტომე და პრინსიპის უნივერსიტეტი.

მასმედია რედაქტირება

სან-ტომე და პრინსიპიში ტელევიზია და რადიო ეკუთვნის სახელმწიფოს. ქვეყანაში ფუნქციონირებს სახელმწიფო ტელეკომპანია და მისი კუთვნილი სახელმწიფო ტელეარხი TVS (Televisão Santomense — «სან-ტომეს ტელევიზია»), სახელმწიფო რადიოკომპანია და მისი კუთვნილი სახელმწიფო რადიოსადგური RNSTP (Rádio Nacional de São Tomé e Príncipe — «სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული რადიო»). დამოუკიდებელი ელექტრონული მასმედია ქვეყანაში არ არსებობს; ის აკრძალული არ არის, მაგრამ არც იქმნება (ეკონომიკური სიძნელეების გამო). ამასთან ოპოზიციურ პარტიებს ეძლევათ საეთერო დრო (3 წუთიდან) სახელმწიფო არხებზე.

ოპოზიციური ბეჭვდითი საშუალებების გამოცემები და მათი გავრცელება აკრძალული არ არის.

Freedom House სან-ტომე და პრინსიპის პრესას თვლის თავისუფლად. ამ ორგანიზაციის 2006 წლის მიმოხილვაში 48 სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებს შორის სან-ტომე და პრინსიპიმ დაიკავა მე-5 ადგილი სიტყვის თავისუფლების მხრივ. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტის პრაქტიკაშია თვითცენზურა.

ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორებიცაა: «რეპორტიორები საზღვრებს გარეშე», პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი, ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი სან-ტომე და პრინსიპის არ რთავენ საკუთარ ყოველწლიურ მოხსენებებში.

კულტურა რედაქტირება

ქვეყნის აფრიკულმა კულტურამ კოლონიალურ პერიოდში განიცადა ძლიერი პორტუგალიური გავლენა და დღემდე დაკავშირებულია მასთან.

მუსიკა რედაქტირება

კუნძულ პრინსიპიზე გავრცელებულია რიტმი «დექსა» (პორტ. dêxa). ქვეყანაში ცნობილია ისეთი რიტმები, როგორებიცაა სამბა; კაბო-ვერდედან შემოტანილი პუიტა (პორტ. puita); სოკოპე (პორტ. socopé), რომელიც ძველად იყო კოლონიალური ელიტის ცეკვა; დანსუ-კონგუ (პორტ. Danço Congo). ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ ტრადიციულ მუსიკალურ-საცეკვაო წარმოდგენას ჰქვია «ჩილოლი» (პორტ. tchiloli).

XX საუკუნეში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული მუსიკალური ჯგუფი იყო Leoninos, რომელიც დაარსდა 1959 წელს. ყველაზე უფრო წარმატებულ პერიოდში ჯგუფის გამოსვლა აიკრძალა სიმღერა «Ngandu»-ს გამო, რომელშიც გაკრიტიკებული იყო კოლონიური ხელისუფლება. Leoninos დაიშალა 1965 წელს, მაგრამ იგი შეცვალა სხვა შემსრულებლებმა: Os Úntués (ამ ჯგუფმა პირველად გამოიყენა ელექტრო გიტარა), Quibanzas, Africa Negra, Mindelo. ამ ჯგუფების ხელოვნებაში გაძლიერდა ანგოლის, ამერიკული, არგენტინის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, კუბის კულტურის გავლენა.

XX საუკუნის ბოლოს ქვეყანაში პოპულარულები იყვნენ მომღერლები Zarco, Manjelegua, ხოლო ისეთი ჯგუფები, როგორებიცაა Juka და Açoreano გამოდიოდნენ პორტუგალიაში. თანამედროების ერთ-ერთი პოპულარული ჯგუფია — Grupo Tempo, რომლის წევრი — გილერმე კარვალიუ — ამავე დროს მხატვრული ხელმძღვანელიცაა.

ლიტერატურა რედაქტირება

სან-ტომე და პრინსიპის ლიტერატურა პირველ რიგში იქმნება პორტუგალიურ ენაზე, თუმცა არსებობს ადგილობრივ ფოროს ენაზე შექმნილი ნაწარმოებებიც.

ქვეყნის პოეზიას საძირკველი ჩაუყარა კაეტანუ და კოშტა ალეგრემ (1864—1890), მისი კრებულის — «ლექსების» (1916 წელი) თემა იყო თეთრკანიანთა საზოგადოებაში მოხვედრილი აფრიკელი ადამიანის მდგომარეობა, რასობრივი გამოვლინებების წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტი. თავის წინამორბედებად ალეგრე ასახელებს ლუიშ დი კამოენსის, დანტე ალიგიერის, ვიქტორ ჰიუგოს, ბრაზილიელ კასტრო ალვეშს. აფრიკის პორტუგალურენოვანი პოეზიის მთავარი ეტაპია ტენრეირუ ფრანციშკუ ჟოზე დი ვასკიშის კრებული «წმინდა სახელის კუნძული». ტენრეირუს პოეზიაში გაისმის შავკანიანი მოსახლეობის გენეტიკური ერთიანობის აღქმა, მათი ტრაგიკული დაქსაქსულობის მოტივი. ის თავის თანამოსაზრეებად თვლის ლენგსტონ ჰიუზს, ლუი არმსტრონგს, სენეგალელებს ბირაგო დიოპს და ლეოპოლდ სედარ სენგორს. მის შემოქმედებაში იგრძნობა კუბელი ნიკოლას გილენ ბატისტას, პორტუგალიელი ფერნანდუ ანტონიუ ნოგეირა პესოას, ბრაზილიელი ჟორჟი დე ლიმას გავლენა. მაგრამ პოეტი არ გამოდიოდა პორტუგალიური კოლონიალიზმის წინააღმდეგ, იყო დეპუტატი სან-ტომედან ანტონიუ დი სალაზარის პარლამენტში. ტენრეირუ წერდა რომანსებს, რომანსეიროებს, სოკოპეს (სიმღერა-ცეკვის ხალხურ ნაირსახეობას), ტექსტში შეჰყავდა სიტყვების შერწყმა და ფრაზები ფოროს კრეოლურ ენაზე. ანგოლელმა პოეტმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ მარიო დე ანდრადიმ მას უწოდა «მთელი მსოფლიოს შავკანიანი მოსახლეობის საყვირი».

1950—1960-იანი წლების ლიტერატურა იძენდა რევოლუციურ ხასიათს. მწერლები ალდა ნევეშ და გრასა დუ ეშპირიტუ სანტუ და ალბერტინუ მეირუში იყვნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის აქტიური წევრები, ისინი ფოლკლორულ ტრადიციებს უთავსებდნენ მხატვრული გამოსახვის თანამედროვე ფორმებს.

ქვეყნის ეროვნულ პროზას საძირკველი ჩაუყარა ფ. ვ. დი ალმეიდამ, მის ნაწარმოებებს შორისაა — მონათხრობთა კრებული «მარია ქალაქში» (1937 წელი). პორტუგალიელი ფერნანდუ რეიში ესწრაფოდა გამოესახა პლანტაციების სპეციფიკური სამყარო: რომანი «პლანტაცია» ასახავს პორტუგალიელი კოლონისტის ადაპტაციას აფრიკაში. რეიში — პიესების, ნოველების ავტორია, სან-ტომეს ფოლკლორის კრებულების შემდგენია. მწერალი უარყოფითად უყურებს აფრიკულ ნაციონალიზმს და დეკოლონიზაციას. თანამედროვე მწერლებიდან შეიძლება აღინიშნოს ფრანსიშკუ კოშტა ალეგრე, ალბერტინუ ბრაგანსა, კარლუშ დუ ეშპირიტუ სანტუ (რომანი «აწმყოს გახსენება», 2001 წელი). მწერლების ახალგაზრდა თაობას ეკუთვნიან ოლინდა ბეჟა და რაფაელ ბრანკუ.

სან-ტომეს კუნძულზე ადგილობრივი ოსტატები ხისგან აკეთებენ ქანდაკებებს.

სამზარეულო რედაქტირება

სან-ტომე და პრინსიპის სამზარეულოს კვების ძირითადი პროდუქტების მთავარი კომპონენტებია თევზი, ზღვის პროდუქტები, პარკოსანი კულტურები, სიმინდი, მოხარშული ბანანი, ტროპიკული ხილი, როგორებიცაა ანანასი, ავოკადო და ბანანი.[23][24] ქვეყნის სამზარეულოს კერძებში ფართედ გამოიყენება ცხარე სანელებლები.[23] ყავას იყენებენ სხვადასხვა საკვებში სანელებლების სახით.[23] საუზმეზე ხშირად მიაქვთ წინა დღის საუზმის შემდეგ დარჩენილი კერძები გაცხელებული სახით, ასევე პოპულარულია ომლეტი.[24]

უალკოჰოლო სასმელებიდან გავრცელებულია ლიმონის კანისგან და ცხელი წყლისგან დამზადებული წვენი Carioca de limão, ქოქოსის წყალი, ყავა და ჩაი.[24]

ქვეყანაში ასევე ამზადებენ ალკოჰოლიან სასმელებსაც. Aquardenteდისტილიცებული სასმელია, შაქრის ლერწმისგან დამზადებული. ქვეყნის ეროვნული ლუდია Criollo, თუმცა პორტუგალიიდან ასევე შემოდის Super bock-ის და Sagres lager-ის მარკის ლუდი. ქვეყანაში შაქრის ლერწმისგან მზადდება რომი Gravana. პალმის ღვინო ითვლება ეროვნულ სასმელად სან-ტომე და პრინსიპიში. კოქტეილი Ponche მზადდება თაფლისაგან და სასმელ Aquardente-საგან. ღვინო როგორც წესი შემოდის პორტუგალიიდან.[24]

სპორტი რედაქტირება

სან-ტომე და პრინსიპის სპორტსმენები მონაწილეობას იღებდნენ ექვს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მათი დებიუტი შედგა 1996 წლის ატლანტის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქვეყნის სპორტსმენებს მონაწილეობა არასდროს არ მიუღიათ. სან-ტომე და პრინსიპის სპორტსმენებს ოლიმპიური მედალი არასდროს არ მოუპოვებიათ.

დღესასწაულები რედაქტირება

სან-ტომე და პრინსიპიში სადღესასწაულო დღეებია:

თარიღი ქართული დასახელება ადგილობრივი დასახელება
1 იანვარი ახალი წელი Ano Novo
3 თებერვალი მოწამეთა დღე Dia dos Mártires
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე Dia do trabalhador
12 ივლისი დამოუკიდებლობის დღე Dia da Independência
6 სექტემბერი შეიარაღებული ძალების დღე Dia das Forças Armadas
30 სექტემბერი აგრარული რეფორმის დღე Dia da Reforma Agrária
1 ნოემბერი ყველა წმინდანის დღე Todos os santos
21 დეკემბერი თომა მოციქულის დღე
25 დეკემბერი შობა Natal

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 2012 წლის მოსახლეობის აღწერა (Instituto Nacional de Estatística de São Tomé e Príncipe)[მკვდარი ბმული]
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2012 წლის მოსახლეობის აღწერა (statoids)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 2012 წლის მოსახლეობის აღწერა (geohive)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 2012 წლის მოსახლეობის აღწერა (citypopulation)
  5. (2011) Exorcising Devils from the Throne: São Tomé and Príncipe in the Chaos of Democratization. New York, USA: Algora Publishing, გვ. 24. ISBN 9780875868486. 
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-11. ციტირების თარიღი: 2017-01-10.
  7. ფიცჯერალდი, უ., აფრიკა. სოციალური, მისი მთავარი რაიონების ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფია = Africa. A social, economic and political geography of its major regions / მაგიდოვიჩი ი. კ., თარგი:М.: უცხოური ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა, 1947, ISBN 978-5-458-54617-1.
  8. Alexander Keese, The Role of Cape Verdeans in War Mobilization and War Prevention in Portugal’s African Empire, International Journal of African Historical Studies, 2007[მკვდარი ბმული]
  9. Frost, Darrel R.. (2014)Amphibian Species of the World: an Online Reference. Version 6.0. American Museum of Natural History. ციტირების თარიღი: 19 June 2014.
  10. Measey, G. J.; Vences, M.; Drewes, R. C.; Chiari, Y.; Melo, M.; Bourles, B. (2006). „Freshwater paths across the ocean: Molecular phylogeny of the frog Ptychadena newtoni gives insights into amphibian colonization of oceanic islands“. Journal of Biogeography. 34: 7–20. doi:10.1111/j.1365-2699.2006.01589.x.
  11. Figueiredo Estrela (December 1994), "Diversity and endemism of angiosperms in the Gulf of Guinea islands", Biodiversity and Conservation 3 (9): 785–793, , ISSN 1572-9710
  12. Sao Tome and Principe. Jane's Sentinel Security Assessment – Central Africa (subscription required). IHS. ციტირების თარიღი: 18 October 2016.
  13. Coutsoukis, Photius. Sao Tome and Principe Military – 2004. ციტირების თარიღი: 17 October 2016.
  14. Sao Tome Sparks American Military Interest (28 October 2009). ციტირების თარიღი: 17 October 2016.
  15. 15.0 15.1 São Tomé and Príncipe დაარქივებული 2015-09-18 საიტზე Wayback Machine. // The World Factbook. — Central Intelligence Agency, 2015. ISSN 1553-8133. (ინგლისური)
  16. 16.0 16.1 16.2 CIA World Factbook დაარქივებული 2015-09-18 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  17. Export Partners of São Tomé and Príncipe. CIA World Factbook (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-12. ციტირების თარიღი: 2013-07-28.
  18. Import Partners of São Tomé and Príncipe. CIA World Factbook (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-06. ციტირების თარიღი: 2013-07-28.
  19. (2010) World Malaria Report 2010, გვ. 42, 111–113. ციტირების თარიღი: March 25, 2012. 
  20. DEPARTAMENTO DE COOPERAÇÃO BILATERAL. Santomense Ministério dos Negocios Estrangeiros, Cooperação e Comunidades on international cooperation
  21. World Development Indicators and Global Development Finance – Google Public Data Explorer. ციტირების თარიღი: March 25, 2012.
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 "São Tomé and Príncipe". 2001 Findings on the Worst Forms of Child Labor. Bureau of International Labor Affairs, U.S. Department of Labor (2002). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  23. 23.0 23.1 23.2 The Recipes of Africa. Dyfed Lloyd Evans, გვ. 174–176. 
  24. 24.0 24.1 24.2 24.3 Kathleen Becker (23 July 2008). Sao Tome and Principe. Bradt Travel Guides, გვ. 74–79. ISBN 978-1-84162-216-3.