სამურზაყანოს საბოქაულო

სამურზაყანოს საბოქაულო (რუს. Самурзаканское приставство), სამურზაყანოს ოკრუგი (რუს. Самурзаканский округ) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული 1840-1866 წლებში. თავის არსებობის მანძილზე, სამურზაყანოს ოკრუგიც და საბოქაულოც იმართებოდა ბოქაულების მიერ.

1840 წელს რუსეთის იმპერიას შეუერთდა სამეგრელოს სამთავროდან გამოყოფილი სამურზაყანო. თავდაპირველად სამურზაყანოს ბოქაული ექვემდებარებოდა შავიზღვის სანაპირო ზოლის უფროსს, ხოლო 1848 წლიდან ქუთაისის გუბერნიის ფორმირებისთანავე — ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს. თანდათან იზრდებოდა სამურზაყანოს ბოქაულის უფლებამოსილებები: მას გადაეცა უფლებები, რომელიც გააჩნდა ოკრუგის და მაზრის მმართველებს. 1857 წლიდან სამურზაყანოს ბოქაული დაექვემდებარა სამეგრელოს გამგებელს. 1859 წლიდან ბოქაულს ჰქონდა სასამართლო დევნის ფუნქციაც და აწარმოებდა სისხლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებს. სამურზაყანოს საბოქაულო გაუქმდა 1866 წლის 11აგვისტოს, მის ბაზაზე კი შეიქმნა ოქუმის ოკრუგი სოხუმის სამხედრო განყოფილების შემადგენლობაში[1].

XIX საუკუნის დასაწყისში რთული ვითარება იყო სამურზაყანოში. მას შემდეგ რაც მურზაყან შარვაშიძის ვაჟი, სამურზაყანოს მმართველი ხუტუნია შარვაშიძე გარდაიცვალა, მისი ადგილი დაიკავა მისმა უმცროსმა ვაჟმა (უფროსი ვაჟი სოლომონ შარვაშიძე იმ დროისათვის გარდაცვლილი იყო) ლევან შარვაშიძემ. ლევანი უკვე ხანში შესული იყო, როცა სოლომონ შარვაშიძის უმცროსმა ვაჟმა მანუჩარ შარვაშიძემ სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის დახმარებით შესძლო გამხდარიყო სამურზაყანოს მფლობელი. 1804 წლის 26 ნოემბერს მანუჩარ შარვაშიძე აღიარებს რა გრიგოლ დადიანის ქვეშევრდომობას (ქართული ტექსტით) თხოვნით მიმართავს პავლე ციციანოვს სამეგრელოსთან ერთად მიიღოს მისი ქვეყანა (სამურზაყანო) რუსეთის იმპერიის მფარველობაში[კ 1]. 1813 წელს მანუჩარ შარვაშიძე ვინმე მეგრელმა მაჯემ კორცხელიამ მოკლა ბედიაში, რომელსაც დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი ალექსანდრე და დიმიტრი. ლევან დადიანი, რომელიც იყო მანუჩარის ცოლის ძმა და მეურვე მისი მცირეწლოვანი შვილებისა, მანუჩარის უფროსი ძის ალექსანდრეს სახელით განაგრძო სამურზაყანოს მართვა-გამგეობა მის სრულწლოვანებამდე. 1829 წელს ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ალექსანდრე ლევან დადიანის დასმენით გადაასახლეს ციმბირში, რომელიც გზაში გარდაიცვალა. 1832 წელს ალექსანდრეს ძმა დიმიტრი მოიკლა ლევან დადიანის ხალხთან შეტაკების დროს. სამურზაყანოს მეპატრონეთა პრეტენტენტთა არარსებობის გამო ლევან დადიანი გახდა ამ უკანასკნელის ერთპიროვნული მმართველი, რის გამოც დაიწყო დაუსრულებელი დავა სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრებს შორის სამურზაყანოსათვის[2].

1840 წელს აღნიშნული დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, ამიერკავკასიის მთავარმართებლის ევგენი გოლოვინის განკარგულებით სამურზაყანო ჩამოართვეს სამეგრელოს მთავარს და მის ბაზაზე შექმნეს დამოუკიდებელი ერთეული — სამურზაყანოს საბოქაულო, რომელიც შავიზღვის სანაპირო ზოლის უფროსის დაქვემდებარებაში გადავიდა. 1845 წელს აღნიშნული „მშვიდობიანი დათმობის“ სანაცვლოდ სამეგრელოს მთავარს კომპენსაციის სახით 25 ათსი რუსული რუბლი გადასცეს[3].

სამურზაყანოს საბოქაულოს პირველ მმართველად შტაბს-კაპიტანი კირილოვი დაინიშნა. კირილოვმა აღადგინა მხარისთვის აპრობირებული მართვის ძველი მოდელი, დაქვემდებარებული რუსულ იმპერიას. მალევე კირილოვის მოწოდებით 700 სამურზაყანოელისაგან შეკრიბა სამხედრო შენაერთი, რომლითაც ის რეგიონში კონტროლს ამყარებდა. კირილოვის დროს აღსდგა მდივან-ბეგობის ინსტიტუტი, რომელიც სასამართლოს ფუნქციებს ითავსებდა. 1840 წლის ნოემბერში სამურზაყანოელი თავადების მიერ შეიქმნა ე. წ. „სიტყვიერი სასამართლო“, შემდგარი 4 მდივან-ბეგისაგან. მდივან-ბეგები ცხოვრობდნენ ბოქაულის შტაბ-ბინაში, ოკუმახში. იმჟამინდელ სამურზაყანოს სასამართლოში ყველაფერი წყდებოდა სიტყვიერად, ხოლო საბოლოო სასამართლო განჩინება იწერებოდა სპეციალურ წიგნში.

1840 წელს, მას შემდეგ, რაც სამურზაყანო სამეგრელოს სამთავროს გამოეყო, დადიანებმა საკონტროლოდ დაიტოვეს ენგურის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სოფელი ფახულანი. 4 ივნისს კაცია შარვაშიძემ და მასთან თანმხლებმა მისმა ნათესავებმა პაატა, მანუჩარ, ანტონ, ზურაბ და ნიკო შარვაშიძეებმა მურზაყანელ აფხაზებთან ერთად დაიკავეს აღნიშნული სოფელი და ყოფილი სამურზაყანოს ბოქაულის შტაბს-კაპიტანის გაბაევის მოთხოვნის მიუხედავად მაინც არ ხდებოდა დაკავებული სოფლის დატოვება. საბოლოოდ კაცია შერვაშიძე და მასთან თანმხლები პირები დანებდნენ. კაცია და მანუჩარი გადაასახლეს ვორონეჟში, ნიკო შარვაშიძე, როგორც ყველაზე ახალგაზრდა — დააბრუნეს აფხაზეთში, დანარჩენებს კი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს მეტეხის ციხეში[4][5].

1844 წელს, როდესაც შავიზღვის სანაპირო ზოლის უფროსმა გენერალ ბუდბერგმა რევიზიით მოიარა სამურზაყანო, მიმართა ნეიდგარტს, რათა სამურზაყანოს სასამართლო სისტემაში დაემატებინათ ახალი კადრი — სასამართლოწარმოების აღმწერის, ხოლო მდივან-ბეგებისათვის დაენიშნათ ჯამაგირი. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა 1846 წლის 23 დეკემბერს.

1848 წლის 21 მაისს მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით სამურზაყანოს ოკრუგი გამოვიდა შავიზღვის სანაპირო ზოლის უფროსის დაქვემდებარებიდან და შეუერთდა ქუთაისის გუბერნიას[6]. 1849 წელს სამურზაყანოს ოკრუგი დაიყო ოთხ (ოქუმის, საბერიოს, ნაბაკევისა და ბერიის) საპოლიციო უბნად.

1855 წელს ვითარება კარდინალურად შეიცვალა, როდესაც აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შერვაშიძემ მიიმხრო სამურზაყანოელები და მოაწყო ამბოხება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. რეგიონში წესრიგის დამყარების შემდეგ სამურზაყანოს საბოქაულო დაიყო 4 საპოლიციო უბნად, ხოლო თითოეულს თავისი მდივან-ბეგი დაენიშნა სასამართლო-საპოლიციო უფლებებით. ამის გარდა დაინიშნა მეხუთე მდივან-ბეგი, რომელიც უშუალოდ ასრულებდა „სიტყვიერი სასამართლოს“ ფუნქციებს[7].

1857 წლის 8 სექტემბერს სამეგრელო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა[8]. მოგვიანებით სამურზაყანოს ბოქაული, მაზრის ხელმძღვანელის უფლებებით, გადავიდა სამეგრელოს მმართველის დაქვემდებარებაში. 1859 წელს მ. პ. კოლიუბაკინის მოთხოვნით შეიქმნა რეგიონის მართვის ახალი სისტემა, შექმნილი ბარიატინსკის მიერ. ცვლილებები შეეხო მხოლოდ სასამართლო და საპოლიციო უფლებების გამიჯვნას[9].

1866 წელს ცარიზმმა სოხუმის სამხედრო განყოფილებაში საგლეხო რეფორმის გატარებისათვის მზადება დაიწყო, მაგრამ აფხაზეთის სოციალურ-საზოგადოებრივი წყობის თავისებურებების გაუთვალისწინებლობამ, ჩინოვნიკური აპარატის უხეშმა ჩარევამ აფხაზთა ცხოვრების წესში, აფხაზეთის მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყება დაიწყო 1866 წლის 26 ივლისს სოფ. ლიხნში და მალე თითქმის მთელი აფხაზეთი მოიცვა, რითაც საგრძნობლად შეაშფოთა კავკასიის რუსული ადმინისტრაცია. აჯანყებულმა აფხაზებმა 20 წლის გიორგი შერვაშიძე მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ, იმავე წლის აგვისტოში რუსებმა აფხაზეთში სასწრაფოდ გადაისროლა ჯარის ნაწილები ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის მეთაურობით, რომელმაც აჯანყება სასტიკად ჩაახშო.[10] ამ მოვლენებს აფხაზთა მასობრივი გადასახლება მოჰყვა თურქეთში, რასაც ისტორიოგრაფია "მუჰაჯირობის" სახელით იცნობს.[11]

აჯანყების ჩახშობის შემდეგ ცარიზმი მხარის ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმის მომზადებას შეუდგა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 1866 წლის 11 აგვისტოს ალექსანდრე II-ს მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად, სოხუმის სამხედრო განყოფილების ადმინისტრაციულ დაყოფაში რიგი ცვლილებები შევიდა[12]. გაუქმდა წებელდისა და სამეგრელოს მფლობელობაში შემავალი სამურზაყანოს საბოქაულოები და გაგრის ქედიდან ენგურამდე არსებულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ოთხი ახალი (ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის) ოლქი. ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სახით შევიდა მასში ქ. სოხუმი. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს სამხედრო გუბერნატორის უფლება მიენიჭა, თუმცა ნომინალურად ის ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა.

მართველები

რედაქტირება
  • 1847 — ქუთაისის გუბერნიის სამურზაყანოს ოკრუგის უფროსი — შტაბს-კაპიტანი კირილოვი[13];
  • 1848 — ქუთაისის გუბერნიის სამურზაყანოს ოკრუგის უფროსი — კაპიტანი კნიაზი ეგორ მიქელაძე[14];
  • 1850 — ქუთაისის გუბერნიის სამურზაყანოს ოკრუგის ბოქაული — კნიაზი გიორგი აბაშიძე[15];
  • 1852 — ქუთაისის გუბერნიის სამურზაყანოს ოკრუგის ბოქაული — პოდპოლკოვნიკი პეტრე ივანოვი[16];
  • 1854 — ქუთაისის გუბერნიის სამურზაყანოს ოკრუგის ბოქაული — პოდპოლკოვნიკი პეტრე ივანოვი[17];
  • 1855 — ქუთაისის გუბერნიის სამურზაყანოს ოკრუგის ბოქაულის მოვალეობის შემსრულებელი — მაიორი კნიაზი მიხეილ მიქელაძე[18];
  • 1856 — ქუთაისის გუბერნიის სამურზაყანოს ოკრუგის ბოქაული — მაიორი კნიაზი მიხეილ მიქელაძე[19];
  • 1857 — ქუთაისის გუბერნიის სამურზაყანოს ოკრუგის ბოქაული — მაიორი კნიაზი მიხეილ მიქელაძე[20];
  • 1858 — ქუთაისის გუბერნიის სამურზაყანოს ოკრუგის ბოქაული — მაიორი პეტრე ჩერნიავსკი[21];
  • 1859 — ქუთაისის გუბერნიის სამეგრელოს სამფლობელოს სამურზაყანოს საბოქაულოს ბოქაული — მაიორი პეტრე ჩერნიავსკი[22];
  • 1860 — ქუთაისის გუბერნიის სამეგრელოს სამფლობელოს სამურზაყანოს საბოქაულოს ბოქაული — მაიორი პეტრე ჩერნიავსკი[23];
  • 1861 — ქუთაისის გუბერნიის სამეგრელოს სამფლობელოს სამურზაყანოს საბოქაულოს ბოქაული — მაიორი პეტრე ჩერნიავსკი[24];
  • 1864 — ქუთაისის გუბერნიის სამეგრელოს სამფლობელოს სამურზაყანოს საბოქაულოს ბოქაული — კაპიტანი კონსტანტინე ძეუშინსკი[25];

კომენტარები

რედაქტირება
  1.  
    „ადრითგანვე უფლის დადიანის გრიგოლის დამორჩილებული ვიყავ და ბრძანებითა მისითა პუნკტსა თქვენ მიერ წარმოდგენილსა ჴელი მოვაწერე უფლის მაინოვისგან თქვენ მიერ წარმოვლენილსა და მწადს, სადაცა უფალი დადიანი გრიგოლ საფარველსა უმაღლესსა შინა შევიდა, თქვენ ძალით მეცა ვიყო მასვე მფარველობასა ქვეშე. ვინაითგან ქვეყანა ჩვენი იყო ზედ-მოკიდებულ დადიანისა კერძო ვიდრე აშლილობისა ჟამამდე და არა აქვნდა უფება, არცა უწინარეს და არცა ამას ჟამსა, არცა პორტსა ათმანსა და არცა ქელაშ-ბეგსა, და მაქვს წადილი, რათა ქვეყანა ჩვენი დავამორჩილო თქვენსა ბრძანებასა, თანა დადიანისა სამფლობელოსა, და ამის ძლით ვითხოვ თქვენისა უღრმესისა კაცთ-მოყვარებისაგან, რათა პატივ-მცე მე მფარველობითა შენითა, და მაქვნდეს იმედი თქვენისა უღმესისა განმგებლობისა აღნიშვნითა ყოვლად-უმოწყალესისა ჴელმწიფისა მოწყალებისა ნიშნითა, რომელსაცა ჰაზრი ჩემი გამოუცხადე მე უფალს სტაცკი სოვეტნიკს პეტრე მაქსიმოვიჩს და მითვე გვარითა ვითხოვ, რათა თქუჱნ მიერ შეწყალებულ ვიქმნე.“
  1. В.Н. Мальцев, А.Ю. Чирг, Институт приставства на Кавказе: создание, деятельность, эволюция (вторая половина XVIII века – 1860 год)
  2. Очерк устроиства Абхазии и Самурзакани, «Сборник сведений о кавказских горцах». Вып., III, Тифлис, 1870, ст. 23-24
  3. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. X, №256, Тифлис, 1885, ст. 248-249
  4. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. X, №257, Тифлис, 1885, ст. 249-250
  5. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. X, №258, Тифлис, 1885, ст. 250
  6. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXIII, указ 22284, ст. 351
  7. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. XII, №289, Тифлис, 1904, ст. 330-335
  8. Утверждение русскаго владычества на Кавказе. К столетию присоединения Грузии к России. 1801-1901, Т. XII, Тифлис, 1901, ст. 499
  9. Утверждение русскаго владычества на Кавказе. К столетию присоединения Грузии к России. 1801-1901, Т. XII, Тифлис, 1901, ст. 417-429
  10. Г. А. Дзидзария, Восстание 1866 года в Абхазии, Сухуми, 1955
  11. ბეჟან ხორავა, აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა, გამომცემლობა – არტანუჯი, თბ., 2004
  12. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLI, указ 43551, ст. 1022-1025
  13. Кавказский календарь на 1848 год, Тифлис, 1847
  14. Кавказский календарь на 1849 год, Тифлис, 1848.
  15. Кавказский календарь на 1851 год, Тифлис, 1850.
  16. Кавказский календарь на 1853 год, Тифлис, 1852.
  17. Кавказский календарь на 1855 год, Тифлис, 1854
  18. Кавказский календарь на 1856 год, Тифлис, 1855.
  19. Кавказский календарь на 1857 год, Тифлис, 1856
  20. Кавказский календарь на 1858 год, Тифлис, 1857.
  21. Кавказский календарь на 1859 год, Тифлис, 1858.
  22. Кавказский календарь на 1860 год, Тифлис, 1859.
  23. Кавказский календарь на 1861 год, Тифлис, 1860
  24. Кавказский календарь на 1862 год, Тифлис, 1861
  25. Кавказский календарь на 1865 год, Тифлис, 1864