სამსრის ქარიანი ხვრელი

სამსრის ქარიანი ხვრელი — ბუნებრივი წარმონაქმნი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მთა სამსრის ფერდობის ჩრდილო-დასავლეთ ძირში, ბარალეთის იაილოს მიდამოებში, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე. ლავებში გამომუშავებული ნაპრალია, რომლებიდანაც ცხელ ამინდში უბერავს ცივი ნიავი, რაც მოწმობს ლავებში ჰაერით გამოვსებული მიწისქვეშა სიღრუეების (ლავური გვირაბების) არსებობას. ცხელი ზაფხულის დღეებში ხვრელთან გასაგრილებლად თავს იყრის ცხვარი. მისასვლელი იწყება ქალაქ ახალქალაქიდან ავტომობილით სოფელ ბარალეთამდე (20 კმ), იქიდან ცხენით ან ფეხით, მეცხვარეთა ბინაზე გავლით ადგილამდე. სამსრის ქარიანი ხვრელი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, გვ. 200, წელი 1982.