მთავარი მენიუს გახსნა

საკათალიკოსო საბჭოსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანო 1917-1934 წლებში. შედგებოდა როგორც სასულიერო, ისე საერო პირებისაგან. საკათალიკოსო საბჭოს წევრების არჩევნები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ ადგილობრივი კრების დასრულებისთანავე, 1917 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა. საბჭოს შექმნით, საქართველოში გაუქმდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური მმართველობა. საბჭოს დაარსებისთანავე საეკლესიო კრებაზე აირჩიეს ოთხი საბჭოს წევრი: რაფიელ ივანიცკი, პავლე ინგოროყვა, პეტრე ბარათაშვილი და ქრისტეფორე კაპანაძე, რომელთაც დაევალათ, შეესწავლათ ეკლესიის მიმდინარე მდგომარეობა, ჩამოეყალიბებინათ მისი მართვა-გამგეობის ფუნქციები, თვალყური ედევნებინათ, თუ რამდენად შესაბამისობაში იქნებოდა საეკლესიო კრების მიერ მიღებული მართვა-გამგეობის დებულებანი და წლის თავზე მოწვეულ საეკლესიო კრებაზე გაეკეთებინათ მოხსენება.

საკათალიკოსო საბჭო
უწყების შესახებ
შეიქმნა 1917
გაუქმდა 1934
თანამშრომლები რაფიელ ივანიცკი, პავლე ინგოროყვა, პეტრე ბარათაშვილი და ქრისტეფორე კაპანაძე

1918-21 წლებში საკათალიკოსოს მოუწია აქტიური მუშაობა, მისი საქმიანობა იყო რამდენამდე რთული, რადგან მას, ერთი მხრივ, ახლად ავტოკეფალიააღდგენილი ეკლესიის მდგომარეობა უნდა გაეთვალისწინებინა, მეორე მხრივ, პასუხი უნდა გაეცა რუსეთის ეკლესიის პრეტენზიებისათვის და ადეკვატური დამოკიდებულება გამოენახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის რელიგიურ პოლიტიკასთან. საკათალიკო საბჭო ცდილობდა საეკლესიო განათლების გავრცელების ორგანიზებას ქვეყნის მასშტაბით, რასაც ხელს უშლიდა ცენტრალური ხელისუფლების მკვეთრი სეკულარისტული პოლიტიკა. გარდა ამისა, საკათალიკოსო საბჭომ 1918-1921 წლებში სცადა კონტაქტები დაემყარებინა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან.

საკათალიკოსო საბჭო გაუქმდა 1934 წლის 31 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვიდე ადგილობრივ კრებაზე, მის ნაცვლად შეიქმნა საქართველოს წმინდა სინოდი, რომლის წევრები მხოლოდ სასულიერო პირები უნდა ყოფილიყვნენ.

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართველიშვილი მ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 347, თბ., 2018 წელი.