საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის"

საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის", სსრკ-ის საპატიო ჯილდო, რომელსაც ხალხთა შორის მშვიდობისათვის ბრძოლაში დიდი დამსახურების გამო ანიჭებდნენ ყველა ქვეყნის მოქალაქეს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, პარტიულობისა, რელიგიის მრწამსისა და რასობრივი განსხვავებულობისა. პრემია ამ სახელწოდებით დაწესდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 6 სექტემბრის ბრძანებულებით (მანამდე 1949-იდან, ერქვა საერთაშორისო სტალინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობისა და მეგობრობის განმტკიცებისათვის").

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს 1989 წლის 11 დეკემბრის № 905-1 დადგენილებით საერთაშორისო ლენინურ პრემიას "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის" სახელი გადაერქვა საერთაშორისო ლენინური პრემია მშვიდობისათვის.

ყოველწლიურად 5-მდე პრემიას ანიჭებდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ შექმნილი სპეციალური კომიტეტი. პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება ჰქონდა საერთაშორისო და ეროვნული დემოკრატიულ ორგანიზაციებს, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებს, მეცნიერების, კულტურის და ხელოვნების მოღვაწეთა ასოციაციების და პერსონალურად საერთაშორისო ლენინური პრემიის კომიტეტის წევრებს. იმ პირს, რომელმაც მიიღო ეს პრემია, გადაეცემოდა საერთაშორისო ლენინური პრემიის ლაურეატის დიპლომი,ოქროს მედალი ვ. ი. ლენინის გამოსახულებით და 25000 მანეთი ფულადი ჯილდო. პრემიის მინიჭების შესახებ ცნობა ქვეყნდებოდა ყოველი წლის 1 მაისს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 8, გვ. 629, თბ., 1984