რუსუდან ლორთქიფანიძე

რუსუდან ლორთქიფანიძე (დ. 5 აგვისტო, 1947, თბილისი, საქართველო) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი (დეკემბერი, 2004აპრილი, 2006).

რუსუდან ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი 5 აგვისტო, 1947
თბილისი, საქართველო
ალმა-მატერი თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
მეუღლე(ები) გიორგი ბერიძე (არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: რევაზ ლორთქიფანიძე
დედა: ელენე ლორთქიფანიძე
ჯილდოები

1987 – იტალიის ქალთა მოძრაობის მედალი (სან-მარინო);

1995 – იტალიის ქალთა მოძრაობის მედალი (რომი).

ბიოგრაფია

რედაქტირება

რუსუდან ლორთქიფანიძე დაიბადა მეცნიერ მუშაკის ოჯახში; მამა — რევაზ ლორთქიფანიძე, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; დედა — ელენე ლორთქიფანიძე, ეკონომისტი, ამჟამად პენსიონერი.

რუსუდან ლორთქიფანიძემ 1965 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს შევიდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც 1970 წელს წარჩინებით დაამთავრა. მისი სადიპლომო ნაშრომი: „ბავშვთა აღზრდისა და დასვენების ცენტრი” დაჯილდოვდა საკავშირო პირველი პრემიით. 1972 წლიდან არის არქიტექტორთა კავშირის წევრი. 1971-75 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი (მოსკოვის საზოგადოებრივ ნაგებობათა კვლევით ინსტიტუტში) და იმავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1977 წელს გაიმარჯვა თბილისში საბავშვო კომპლექს „მზიურის” პროექტების კონკურსში. 1975 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ჯერ უმცროსი, ხოლო 1981 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. პარალელურად 1976 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის საფუძვლების კათედრაზე ჯერ დოცენტად, ხოლო 1993 წლიდან – პროფესორის თანამდებობაზე. 1989-91 წლებში გაიარა დოქტორანტურის კურსი მოსკოვის არქიტექტურის თეორიისა და ისტორიის კვლევით ინსტიტუტში. 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ისტორიული მემკვიდრეობის როლი თანამედროვე იტალიურ არქიტექტურაში”. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სამი მონოგრაფიისა, ერთ-ერთი მათგანი: „იტალიის თანამედროვე არქიტექტურა 1970-1990 წლებში” – გამოიცა რომში 1995 წელს და მიიღო მაღალი შეფასება იტალიურ არქიტექტურულ ჟურნალებში. გარდა ამისა უცხოეთში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, რომლებიც ეხება დასავლეთის თანამედროვე არქიტექტურის და ქართული არქიტექტურის პრობლემატიკას. ამავე თემატიკით სისტემატურად მონაწილეობს უცხოეთში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. თავისუფლად ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს.

1982-83 წლებში ერთი წლით მივლინებული იყო სამეცნიერო სტაჟირებით რომის უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. აქედან მოყოლებული, ყოველწლიურად, რამდენიმე თვით იტალიური ნაციონალური კვლევების ცენტრის ხაზით აწარმოებდა კვლევით მუშაობას მილანის, ვენეციის და რომის უნივერსიტეტების არქიტექტურის ფაკულტეტებზე. გარდა ამისა „მიწვეული უცხოელი პროფესორის” რანგში (რომელიც მიენიჭა 1995 წელს რომის უნივერსიტეტ – „ლა საპიენცაში”) რეგულარულად ატარებდა ლექციებსა და სემინარებს, ეწეოდა ქართული კულტურის პროპაგანდას. 1995-96 წლებში, რომსა და ვენეციაში პროფესორებთან ჯ. სკარჩიასა და ლ. მაგაროტოსთან ერთად მოამზადა, ქართული კულტურისადმი მიძღვნილი კონფერენციები. 1998 წელს გენუის უნივერსიტეტში პროფესორებთან ად. ალჰაგო - ნოველოსა და ნ. ყაუხჩიშვილთან ერთად მოამზადა სიმპოზიუმი – „საქართველოს კულტურა წარსულსა და მომავალს შორის”. 1996 წელს ორი თვით მიწვეული იყო გერმანიის აკადემიის მიერ და ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა: „ბერლინის, როგორც ხელმეორე დედაქალაქის არქიტექტურულ - ურბანისტულ პრობლემებზე”. 1996 წელს 4 თვე მუშაობდა რომში NATO-ს გრანტით, ხოლო შემდეგ ორი თვე ვენეციის უნივერსიტეტში, სადაც ცნობილ ქართველოლოგ, პროფესორ ლუიჯი მაგაროტოსთან ერთად მოამზადა კონფერენცია თემაზე: „1920 – იანი წლების ქართული ავანგარდი. მხატვრობა, კულტურა, პოეზია”. რომის უნივერსიტეტში, იტალიელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მუშაობდა თემაზე: „არქიტექტურა და რეჟიმი. მსგავსება და თავისებურება”.

იტალიის ქალთა მოძრაობის მიერ რუსუდან ლორთქიფანიძე ორჯერ დაჯილდოვდა მედლით (1987 წ. სან-მარინო, 1995 წ. რომი).

2002 წელს მიენიჭა რომის ანგელოზებისა და კონსტანტინეს ხელოვნების მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება. რუსუდან ლორთქიფანიძე არის აგრეთვე ფლორენციის დიდებულთა აკადემიის საპატიო წევრი.

1998 წლიდან – 2004 წლის 1 ოქტომბრამდე იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში. ამ პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა მის მიერ იტალიაში გამართული ქართული კულტურის, ისტორიის, რელიგიის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, გამოფენები, რასაც მიეძღვნა სპეციალური გამოცემები.

კერძოდ: 1999 წელს რომში დაიბეჭდა მოხსენებების კრებული „წმინდა ნინო და საქართველოკულტურა, ისტორია, ხელოვნება“: ქრისტეშობის საიუბილეოდ, 2000 წელს მოეწყო გამოფენა — „საქართველო — ქრისტიანული მიწა“; ქალაქ ტრიესტში გაიმართა საერთაშორისო გამოფენა ვრცელი ექსპოზიციით — „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. კატალოგში შესულია ქართველ მეცნიერთა სტატიები; 2000-2002 წლებში გამოიცა ქართველ და იტალიერ მკვლევართა ნაშრომების ოთხტომიანი კრებული — „ქრისტიანული აღმოსავლეთის შესწავლისათვის“, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ელენე მეტრეველის დაბადების 80 წლის იუბილეს. წიგნები პრემირებულია იტალიის „კონსტანტინესა და ანგელოზების“ ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების აკადემიის მიერ; 2001 წელს რომის აღმოსავლეთ ქრისტიანობის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობების შესახებ; 2003 წელს პალერმოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია — თეათინელი ბერები საქართველოში". კონფერენციის ფარგლებში მომზადდა გამოფენა დონ ქრისტეფორე დე კასტელის ნახატების უცნობი კოლექციიდან.

რუსუდან ლორთქიფანიძე არის იტალიის „კონსტანტინეს და ანგელოზების“ ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და ფლორენციის დიდგვაროვანთა აკადემიის წევრი.

2004 წლის 1 ოქტომბრიდან დანიშნულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე.

2004 წლის 13 დეკემბერს არჩეულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 24-ე რექტორად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება