რომანოზ შელეგია
რომანოზ (რემა) შელეგია (დ. 7 ოქტომბერი, 1883, სოფ. ჯოლევი, სენაკი ― გ. 1955) — ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი.
ბიოგრაფია
რედაქტირებარომანოზ (რემა) შელეგია დაიბადა 1883 წლის 7 ოქტომბერს სენაკის მაზრის სოფელ ჯოლევში. ბავშვობაშივე დაისწავლა ყველა ის სიმღერა, რომელიც თავის სოფელში ესმოდა. პირველდაწყებითი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რემას უსახსრობის გამო სკოლა ვერ დაუმთავრებია და თერძს დადგომია შეგირდად. ამ ხელობის გარდა მან შეისწავლა ფოტოგადაღება, უნაგირების კეთება, ჩექმა "აზიურების" კერვა. XIX საუკუნის ბოლო წლებში, გარდა ხალხურ გუნდში მღერისა, გალობდა საეკლესიო გუნდშიც. მისი მასწავლებელი იყო ცნობილი მგალობელი დიმიტრი ჭალაგანიძე. "გალობიდან გვიან დაბრუნებულს, ზოგჯერ სახლშიც არ მიშვებდნენო" - იხსენებდა რემა შელეგია. ახალგაზრდა რემას კორნელი მაღრაძესაც ემოწაფებოდა.
- 1897 წელს ქუთაისში ცნობილი ლოტბარი ძუკუ ლოლუა ჩამოდის. მისი გუნდის მიერ შესრულებული სიმღერებით აღფრთოვანებულმა რემა შელეგიამ გადაწყვიტა, ხალხური მომღერალი გამხდარიყო.
ქუთაისში იმხანად მეტად პოპულარული იყო ლადო მესხიშვილის დასის მიერ გათამაშებული სპექტაკლები. ერთ-ერთ ასეთ წარმოდგენაში სცენაზე ხალხური სიმღერის ახმოვანება დასჭირდათ, რა საქმესაც შესანიშნავად გაართვა თავი რემა შელეგიას მიერ შეკრებილმა პატარა ანსამბლმა.
- 1902-1903 წლებში რემა კოტე ფოცხვერაშვილის გუნდში მღეროდა.
- 1904 წელს რემა შელეგია საცხოვრებლად ახალსენაკში გადადის, სადაც ბავშვთა და მოზარდთა არაერთ გუნდს აყალიბებს.
- 1907 წელს კი სოხუმში მიემგზავრება, ძირითადად _ ძუკუ ლოლუასთან დაახლოების სურვილით. დიდ ლოტბარს მოეწონა რემა შელეგია და მისი გუნდი და თავის გუნდში მიიწვია. აქ ასევე მღეროდნენ მომავალში ცნობილი ლოტბარები კირილე პაჭკორია და კიწი გეგეჭკორი. მალე რემა ძუკუს "მარჯვენა ხელი" გახდა. ამ გუნდს წარმატებული გასტროლები ჰქონდა არა მარტო საქართველოში, არამედ მის მოსაზღვრე რეგიონებშიც.
- 1915 წელს რემა ახალსენაკში ბრუნდება და ახალ გუნდს აყალიბებს.
საბჭოთა პერიოდში რემა შელეგია უკვე სენაკის, ხობისა და ფოთის რამდენიმე გუნდს უძღვება.
- 1931 წლიდან იგი სენაკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ეთნოგრაფიული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია. ამ გუნდმა არაერთი გამარჯვება მოიპოვა სხვადასხვა ფესტივალებში.
- 1936 წელს გუნდი თბილისში მიიწვიეს გრამფირფიტებზე ჩასაწერად.
- 1939 წელს რემა შელეგია ინიშნება დასავლეთ საქართველოს გაერთიანებული გუნდის ხელმძღვანელად. ამავე წელს გუნდი მოსკოვში მიდის გასტროლებზე და დიდ წარმატებას იხვეჭს.
- 1940 წელს რემა შელგიამ წარმატებით დაამთავრა ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული სალოტბარო კურსები.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რემა შელეგიას გუნდი რეგულარუად მართავს კონცერტებს ჰოსპიტლებში, სამხედრო ნაწილებში. მის შემდეგ გრძელდება რემა შელეგიას წარმატებული საკონცერტო მოღვაწეობა.
- 1955 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ რემა შელეგია გარდაიცვალა.
ლოტბარს რეპერტუარში 500-მდე სიმღერა ჰქონდა. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ახალგაზრდებისთვის ცოდნის გადაცემას. რემა შელეგიას მოსწავლეები იყვნენ: ნოკო ხურცია, პორფილე გაბელია, ვალერიან სვანიძე, ბიქტორ აბშილავა, მაქსიმე გოგია, იროდი ალანია, ვ. გარუჩავა, ლონგი მიმინოშვილი, კოლია კაკაჩია. რემა შელეგია სიცოცხლეშივე დაფასდა, როგორც მეგრული სიმღერის ერთ-ერთი უდიდესი მცოდნე და მომღერალი.
წყაროები
რედაქტირება- ნინო კალანდაძე და ლელა ურუშაძე. რემა შელეგია (შტრიხები პორტრეტისათვის). წიგნში - ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები.სამეგრელო. ტ. 2. თბილისი, 2007.გვ. 109-136. „საქართველოს მაცნე“
- [1]