ნოე რამიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან რამიშვილი, ნოე)

ნოე რამიშვილი (დ. 5 აპრილი, 1881, დიდივანი, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 7 დეკემბერი, 1930, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე. ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით „პეტრე“, „ტფილისელი პეტრე“, „ბორცოვი“, „ნ. სემიონოვი“, „ნ. რ.“ „რ. ნ.“ ნ. რ-ი“.

ნოე რამიშვილი
ნოე რამიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 მაისი, 1918 – 17 მარტი, 1921
პრემიერ-მინისტრი  ნოე ჟორდანია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 თებერვალი, 1919 – დეკემბერი, 1919
პრემიერ-მინისტრინოე ჟორდანია
წინამორბედიგრიგოლ გიორგაძე
მემკვიდრეგრიგოლ ლორთქიფანიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 მაისი, 1918 – 24 ივნისი, 1918[1][2]
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრენოე ჟორდანია

დაბადებული5 აპრილი, 1881
დიდივანი, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი7 დეკემბერი, 1930 (49 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიარსდმპ (1902-1918)
სსდპ (1918-1930)
მამაბესარიონ რამიშვილი
დედამაკა მგელაძე
მეუღლემარიამ გოგიაშვილი (1905-დან)
შვილებიბენო, აკაკი, ნინო, თამარი
განათლებაქუთაისის სასულიერო სემინარია
რელიგიამართლმადიდებელი
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

ნოე რამიშვილი დაიბადა 1881 წლის 5 აპრილს ოზურგეთის მაზრაში, მთაგორიან სოფელ დიდვანში, გლეხის ოჯახში. მისი მამა, ბესარიონ რამიშვილი, ხის სახლების აშენების ოსტატი იყო. ბესარიონ რამიშვილს და მაკა მგელაძეს ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდათ. ნოე მესამე ვაჟი იყო. 1887 წელს შევიდა სოფლის დაწყებით სკოლაში, სადაც ასწავლიდა ისიდორე რამიშვილი. 1890-1894 წლებში სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. 1894 წელს სწავლა გააგრძელა ქუთაისის სასულიერი სემინარიაში, სადაც ჩაება მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. რომლის დამთავრების შემდეგ, 1900 წელს ჩაირიცხა იურიევის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო გარიცხეს 1901 წლის 3 მარტს. იქვე გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1902 წლის თებერვალში აღადგინეს, მაგრამ რევოლუციური გამოსვლებისათვის საბოლოოდ გარიცხეს და გადაასახლეს კავკასიაში.

საქართველოში დაბრუნებულმა ნოე რამიშვილმა დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. ცხოვრობდა ბათუმში, ატარებდა კერძო გაკვეთილებს, ჩაერთო რსდმპ ბათუმის კომიტეტის მუშაობაში. 1903 წელს იყო ბათუმის კომიტეტის დელეგატი თბილისში რსდმპ კავკასიის საკავშირო კომიტეტის დაარსებისას. 1903 წლის ივნისში მისი ხელმძღვანელობით დაარსდა გურიის გლეხთა სოციალ-დემოკრატიული კომიტეტი. რამიშვილი იქცა ბათუმისა და გურიის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად. თანამშრომლობდა პარტიულ პრესაში. 1903 წელს მოამზადა არალეგალური წიგნაკი „სალდათობა“. 1904 წელს დატოვა ბათუმი, რადგან ჟანდარმერია სდევნიდა და დასახლდა თბილისში არალეგალური პასპორტით, აპოლონ სოფრომის ძე ლომაძის სახელით. იქ გახდა რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი. 1904 წლის 3 ოქტომბერს დააპატიმრეს და გაგზავნეს ბათუმში. 18 ოქტომბერს მგზავრთა დახმარებით საბარგო სადგურზე ბადრაგს გაექცა. არალეგალურად ცხოვრობდა დონის როსტოვსა და ნოვოროსიისკში. იქ აგრძელებდა პარტიულ მუშაობას, იყო რსდმპ დონის კომიტეტის წევრი. პარტიაში განხეთქილების დაწყების შედეგ მიემხრო მენშევიკებს. მონაწილეობდა მენშევიკებისა და ბოლშევიკების დებატებში ბათუმში, ჭიათურაში, ხიდისთავში.

 
ნოე რამიშვილი ჟანდარმის ბარათზე 1910 წ.

1905 წლის თებერვალში დაბრუნდა თბილისში. მენშევიკთა ორგანიზაციების არალეგალურ ყრილობაზე ის აირჩიეს ბიუროს წევრად. იყო რსდმპ(მ) კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. ცნობილი იყო ორატორული ნიჭით, აქტიურად გამოდიოდა დისკუსიებზე ბოლშევიკების წინააღმდეგ და მონაწილეობდა პროვინციებში გამართულ დისკუსიებში ბოლშევიკთა გავლენის შესამცირებლად. ნოე ჟორდანიასთან ერთად ხელმძღვანელობდა მენშევიკების არალეგალურ ჟურნალ „სოციალ-დემოკრატს“. 1905 წლის რევოლუციის დროს იყო ერთ-ერთი ლიდერი და ორგანიზატორი თბილისში, ჩართული იყო შეიარაღებული „წითელი რაზმების“ ფორმირებაში. „ოხრანკის“ მასალებში მოიხსენიებდნენ რევოლუციური ტერორის მამად. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, მაგრამ ახერხებდა თავის დახსნასა და იატაკქვეშა მოძრაობაში დაბრუნებას. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ხელმძღვანელობდა დასუსტებული ორგანიზაციების აღდგენას, იყო არალეგალური პარტიული გამოცემების ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმას არჩევნებისთვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიას. 1907 წელს, ლონდონში რსდმპ-ის V ყრილობაზე მონაწილეობდა როგორც თბილისის ორგანიზაციის დელეგატი, აირჩიეს ცკ-ის წევრად მენშევიკებისგან.

1908–1910 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, სწავლობდა მარქსიზმს, ეცნობოდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას, იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. მისი ინტერესის სფერო იყო ეკონომიკური მეცნიერება და ფილოსოფია. ამ პერიოდში მოამზადა ნაშრომი „ისტორიული მატერიალიზმი“. 1908 წელს ლაიფციგიდან ჟენევაში ჩავიდა რსდმპ ცეკა-ს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც დაუპირისპირდა სტალინს, რასაც ამ ორს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.[3] 1910 წელს დაბრუნდა საქართველოში. 2 ნოემბერს დააპატიმრეს და გადაახალეს დონის როსტოვში. იყო როსტოვში ქართველ გადასახლებულთა კოლონიის ხელმძღვანელი. 1913 წელს რამდენიმე თვით მუშაობდა პეტროგრადში სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში, შემდეგ კი არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში და ხელმძღვანელობდა არალეგალურ პარტიულ პრესას ჯერ ქუთაისში, 1914 წლიდან კი თბილისში. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო პარტიაში ნაციონალური საკითხის გადაჭრის მიზნით დისკუსიების ინიციატორი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა თბილისის მაზრის კომისრად. იმავე წელს იყო თბილისის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის წევრი. 1917 წელს რსდმპ(მ) სიით აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად, მაგრამ პეტროგრადში გამგზავრებამდე ბოლშევიკებმა დამფუძნებელი კრება გარეკეს. 1917 წლის ნოემბერში ნოე რამიშვილი აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს და წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 22 აპრილს დაინიშნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად. იყო ბათუმის სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარე ოსმალეთის იმპერიასთან მოლაპარაკებებისას.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, იმავე დღეს აირჩიეს ახლადშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველ თავმჯდომარედ. ამ პოსტზე 24 ივნისს შეცვალა ნოე ჟორდანიამ,[1][2] ხოლო ნოე რამიშვილი დარჩა შინაგან საქმეთა, განათლების და სამხედრო მინისტრად. 1918 წლის განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი, ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას, პარალელურად იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცკ–ის წევრი, თავჯდომარის ამხანაგი და პარტიულ გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი.

1919 წლის თებერვლიდან არჩეული იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მთავრობაში ეკავა შინაგან საქმეთა, ხოლო 1919 წლის განმავლობაში ასევე სამხედრო მინისტრის თანამდებობა. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, სკოლის რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ. რამიშვილი ებრძოდა თბილისის სომხურ ბურჟუაზიას, ჩაახშო 1918 და 1919 წლების გლეხთა გამოსვლები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული. დამფუძნებელ კრებას დააშვებინა სიკვდილით დასჯა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ მკაცრი რეაქციის და დიქტატორული მისწრაფებების გამო.

 
რამიშვილის ბიუსტი სოფელ სურებში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს, რამიშვილი საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. თავდაპირველად ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სენ–კლუში, შემდეგ ლევილის მამულში, 1929 წლიდან კი ფონტენეი ო როზში. თავის სარჩენად მოჰყავდა ბოსტანი. ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია. იყო ევროპის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის პროპაგანდისთვის შექმნილი კომისიის წევრი, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების აქტიური ორგანიზატორი. 1924 წლის სექტემბერში აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[4] რამიშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლონეთის მიერ წარმოებულ ანტისაბჭოთა პრომეთეისტულ მოძრაობაში.

1930 წლის 7 დეკემბერის ქართველმა ემიგრანტმა პარმენ ჭანუყვაძემ „ჩეკას დავალებით მოკლა პარიზში, იტალიის მოედანზე. დაკრძალეს ბანიოს სასაფლაოზე, შემდეგ კი გადაასვენეს ლევილში. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა მისი ოჯახი, რომელიც საქართველოში იყო დარჩენილი. 1949 წელს ყაზახეთში გადაასახლეს ნოე რამიშვილის და, 87 წლის მართა რამიშვილი.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ნოე რამიშვილი, ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი, სტამბოლი, 1922.
  • ნოე რამიშვილი, რუსული კომუნიზმი და საქართველოს დემოკრატია, პარიზი, 1922.
  • ნოე რამიშვილი, საქართველო და რუსეთი, არტანუჯი, 2006 [1924], ISBN 99940-55-29-1.
  • ნოე რამიშვილი, საქართველო და რუსეთი, ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010 [1924], ISBN 978-9941-18-004-0.
  • ნოე რამიშვილი, დემოკრატიული სოციალიზმი, უნივერსალი, 2013 [1931].

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი. (2018). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-9941-13-718-1. გვ. 149, 273, 322, 328.
  2. 2.0 2.1 მთავრობის განახლება. (26 ივნისი, 1918). ერთობა N130.. თბილისი: ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა ორგანიზაციების ორგანო.
  3. სულაძე გ. „ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები“ გვ. 252 — 2012
  4. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.