რაინდობა

(გადამისამართდა გვერდიდან რაინდები)

რაინდობა — სამხედრო-მსახურეული ფენა შუა საუკუნეების დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. რაინდობას მიეკუთვნებოდა ყველა საერო ფეოდალი, მაგრამ უმთავრესად ის მაინც წვრილი ფეოდალებისაგან შედგებოდა. რაინდობა პირველად იხსენიება X საუკუნის ბოლოს. ამ დროს რაინდობაში იგულისხმებოდნენ სამხედრო მსახურეულნი (უმთავრესად მხედრები), რომლებიც ფეოდალური დიდკაცობის ვასალები იყვნენ. ფეოდალური დაქსაქსულობის გაძლიერება ხელს უწყობდა რაინდთა უფლებების ზრდას, მათი პრივილეგიების განმტკიცებას. განსხვავება დიდკაცობასა და რაინდობას შორის თანდათან ქრებოდა.[1]

რაინდები
მონტელის ბრძოლა (1369)

XII საუკუნეში საერო ფეოდალების გარდა რაინდობაში შედიოდნენ რაინდულ-სასულიერო ორდენებში გაერთიენებული სასულიერო ფეოდალებიც. რაინდი, ჩვეულებრივ, ფეოდის მფლობელი უნდა ყოფილიყო. ეს განსაზღვრავდა რაინდთა მატერიალურ უზრუნველყოფას, შესაძლებლობას ჰყოლოდათ სალაშქრო ცხენები და ჰქონოდათ რაინდის შეიარაღება (მახვილი, ფარი, მუზარადი და სხვა), რაინდთა მთავარ საქმიანობას ომებში მონაწილეობა შეადგენდა, ომებს შორის რაინდები ეგრეთ წოდებულ ტურნირებში (რაინდული ასპარეზობანი) მონაწილეობდნენ. ცეცხლმსროლელი იარაღის გამოყენებამ გააქარწყლა რაინდის, როგორც მთავარი საომარი ძალის, მნიშვნელობა.[1]

საქართველოში რაინდთა ფენას აღნიშნავდა ტერმინი მოყმე და ჭაბუკი. ტერმინი რაინდი პირველად გვხვდება „ამირანდარეჯანიანში“, სადაც იგი მოხსენიებულია ცხენის გამხედნავის აღმნიშვნელად. იმ აზრით, როგორც დღეს ჩვენ მას ვიყენებთ, ის გვხვდება „ქართლის ცხოვრებაში“. თამარ მეფის მემატიანე თამარის ქმრის დავით სოსლანის შესახებ წერს, რომ იყო „რაინდობითა და მშვილდოსნობით უსწორო შემმართებელი“. ქართული რაინდობის, ანუ, როგორც ის საქართველოში აღინიშნებოდა, მოყმეთა იდეები ყველაზე მაღალმხატვრულად არის გადმოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Cohen О., Histoire de la chevalerie en France..., P., 1949;
  • Boutruche R., Seigneurie et féodalité, t. 1-2, P., 1968-70;
  • Galitier L., La chevalerie. P., 1960;
  • Duby G., Guerriers et paysans. P., 1973;
  • Duby G., Hommes et structures du moyen age, P., 1973.
  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 292.
  2. რაინდები შუასაუკუნეების ევროპაში: რაინდობის წარმოშობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-04. ციტირების თარიღი: 2018-10-24.