ჟინვალის ზღუდე კარიბჭით

ჟინვალის ზღუდე კარიბჭით — არქიტექტურული, არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სოფლის ჟინვალის სამხრეთით, 700 მეტრზე, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, წობენის ველთან. დაინგრა ჟინვალჰესის კაშხლის მშენებლობის დროს. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. 1973 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

ზღუდე მიმართული იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, მდინარე არაგვისკენ. ნაგები იყო დამუშავებული ნატეხი ქვითა და დუღაბით. ზღუდის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ფერდობის ძირს ადგება, მოწყობილი იყო კარიბჭე. კარიბჭის კედლებში შემორჩენილი იყო ჩამოსაშვები კარის სამოძრაო ღარი და საურდულე ხვრელები. აღმოჩნდა წითელკეციანი სამტუჩა დოქის პირყელის, მოჭიქული ჯამის, ქოთნის პირის, რელიეფურსარტყლიანი ქვევრის და სხვა ნატეხები, რომლებიც დაცულია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა

რედაქტირება