პორტალი:აშშ/რჩეული სტატია/5
ქალაქი-მშვენიერი (ინგლ. City Beautiful) იყო პროგრესული რეფორმატული მიმდინარეობა ჩრდილოეთ ამერიკის არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებაში XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე, რომლის მიზანი ქალაქებში კეთილმოწყობისა და მონუმენტური გრანდიოზულობის მეშვეობით გაღარიბებულ ურბანულ გარემოში მორალურ დეგრადაციასთან შეწინააღმდეგება იყო. მიმდინარეობის თვითმიზანი, რომელიც თავდაპირველად ჩიკაგოს, დეტროიტსა და ვაშინგტონს უკავშირდებოდა, სილამაზე არ ყოფილა — მიმდინარეობის აქტივისტებს სწამდათ, რომ ამგვარი კეთილმოწყობის პროექტები საფუძველს ჩაუყრიდა ჰარმონიულ სოციალურ წყობას, რომელიც უკიდურესად ხელმოკლე ქალაქელებისთვის ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს.
მიმდინარეობის წარმოშობის მიზეზი აშშ-ში ქალაქების ცენტრალურ უბნებში შექმნილი გაუსაძლისი ცხოვრების პირობები გახდა, რომელიც უცხოელთა მოზღვავებული იმიგრაციისა და სოფლის მოსახლეობის სამსახურის ძიებაში ქალაქებში მასიური გადანაცვლების შედეგი იყო. მიმდინარეობა მხოლოდ ორიოდე ათწლეულს იყო აქტუალური, თუმცა დიდი ზეგავლენა იქონია ქალაქგეგმარებაზე მთელი XX საუკუნის განმავლობაში.(...სრულად)
- სურათზე: ქალაქ ვაშინგტონის მაკმილანის გეგმა.