Plasmodium.jpg

პლაზმოდიუმი (ლათ. Plasmodium) — პარაზიტული უმარტივესების გვარი ჰემოსპორიდიების რიგისა. შეიცავს 60-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ხერხემლიანებისა და ადამიანის პარაზიტებია და იწვევენ მალარიას. პლაზმოდიუმის გადამტანია მალარიის კოღო ლათ. Culicidae-თა ოჯახისა. კოღოს კბენისას ნერწყვთან ერთად მასპინძლის ორგანიზმში ხვდებიან პლაზმოდიუმები სპორპზოიტების სახით. ისინი იჭრებიან სისხლძარღვთა ენდოთელიუმში ან ღვიძლში, სადაც შიზოგონიის გზით იძლევიან უამრავ პატარა ერთუჯრედიან მეროზოიტს, რომლებიც იჭრებიან ერითროციტებში. აქ ისინი მრავალჯერ განიცდიან შიზოგონიას და შემდეგ გამოდიან სისხლში. მეროზოიტების ნაწილი იჭრება ახალ ერითროციტებში და გარდაიქმნება მდედრ (მაკრო-) და მამრ (მიკრო-) გამეტოციტებად.

მაკროგამეტოციდები მასპინძლის ორგანიზმშივე გარდაიქმნება მაკროგამეტებად, მიკროგამეტოციტების განვითარება კი მხოლოდ კოღოს ორგანიზმში მიმდინარეობს. მაკროგამეტები მიკროგამეტოციტებთან ერთად სისხლის წოვის დროს ხვდება კოღოს კუჭში; აქ მიკრო გამეტოციტი იძლევა რამდენიმე მიკროგამეტას, რომლებიც ერწყმიან მაკროგამეტებს და იქცევიან მოძრავ ზიგოტებად — ოოკინეტებად. ესენი იფარებიან გარსებით და გარდაიქმნებიან ოოცისტებად (ზიგოცისტებად). მათი მრავალჯერადი გაყოფით მიიღება მრავალი (10 ათასამდე) აქტიურად მოძრავი სპოროზოიტი, რომლებიც ხვდებიან სანერწყვე ჯირკვლებში და სისხლის წოვის დროს კვლავ მასპინძელში ხვდებიან. ადამიანის პარაზიტია პლაზმოდიუმის 4 სახეობა: ლათ. Plasmodium vivax, ლათ. Plasmodium malariae, ლათ. Plasmodium falciparum და ლათ. Plasmodium ovalis, რომელთა გადამტანია ლათ. Anofeles-ის გვარის კოღოები. პრიმატების პარაზიტებია ლათ. Plasmodium reichenowi, ლათ. Plasmodium knowlesi და სხვა. დანარჩენი ხერხემლიანებისა — ლათ. Plasmodium berghei, ლათ. Plasmodium relictum, ლათ. Plasmodium agamae, ლათ. Plasmodium bufonis და სხვა.

ლიტერატურარედაქტირება