პიტერ გებრიელი

ბრიტანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და კომპოზიტორი (დაიბადა 1950 წელს)

პიტერ ბრაიან გებრიელი (ინგლ. Peter Brian Gabriel დ. 13 თებერვალი, 1950, სურეის საგრაფო, ინგლისი) — ინგლისელი მუსიკოსი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ ჯენესისის ყოფილი ვოკალისტი და ფლეიტისტი. ჯგუფის დატოვების შემდეგ იგი წარმატებულ სოლო-კარიერას მიჰყვება, მუშაობს ეთნიკური მუსიკის შემსრულებლებთან და ითვისებს ციფრული მუსიკის მიწოდების თანამედროვე სტანდარტებს.იგი აგრეთვე მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებშიც.

პიტერ გებრიელი

პიტერ გებრიელი 2023 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 13 თებერვალი, 1950 (1950-02-13) (74 წლის)
დაბ. ადგილი Chobham
წარმოშობა სურეი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი
პოპ-როკი
ექსპერიმენტული როკი
მსოფლიო მუსიკა
საქმიანობა ვოკალისტი, მუსიკოსი, პროდიუსერი, ქველმოქმედი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, დასარტყმელი საკრავები, ფორტეპიანო, გიტარა, ფლეიტა
აქტიური 1967 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Geffen (აშშ/კანადა)
Real World
Virgin
Charisma
Atlantic (აშშ/კანადა)
EMI (ბრაზილია)
ხელმოწერა
საიტი petergabriel.com
პიტერ გებრიელი ვიკისაწყობში

ადრეული წლები რედაქტირება

პიტერი დაიბადა სურეის საგრაფოში (ინგლისი).[1] მისი მამა იყო ელექტროინჟინერი, ხოლო მისი დედა მუსიკალური ოჯახიდან იყო და ასწავლიდა პიტერს კლარნეტზე დაკვრას.[2] პიტერი დადიოდა კერძო სკოლაში, სურეის საგრაფოში, შემდეგ - 1963 წლიდან, ჩარტერჰაუსის სკოლაში. პირველ როკ-ჯგუფებში გებრიელი დასარტყმელი საკრავებზე უკრავდა. მაიკ რეზერფორდი 1985 წელს ამბობდა: „პიტერი იყო და, ჩემი აზრით, კვლავ არის იმედგაცრუებული დრამერი“.[3]

ჯენესისი რედაქტირება

 
პიტერ გებრიელი ჯენესისში

1967 წელს, ჩარტერჰაუსის სკოლაში სწავლისას, გებრიელმა დააარსა ჯგუფი ჯენესისი. მასთან ერთად კოლექტივში შედიოდნენ ტონი ბენქსი (კლავიშებიანები), ენტონი ფილიპსი (გიტარა), მაიკ რეზერფორდი (ბას-გიტარა) და კრის სტიუარტი (დასარტყმელი საკრავები). ჯგუფის სახელწოდება მათი პროდიუსერის, ჯონათან კინგის იდეა იყო, რომელიც ალბომ From Genesis to Revelation-ის პროდიუსერი იყო.

გებრიელის სიმღერის სტილზე გავლენა იქონია სხვადასხვა მუსიკოსმა, მაგალითად, Family-ს წამყვანმა ვოკალისტმა როჯერ ჩეპმენმა. 1970 წელს მან დაუკრა კეტ სტივენსის ალბომზე Mona Bone Jakon.

ჯენესისმა მიიქცია ყურადღება ბრიტანეთში, შემდგომ კი იტალიაში, ბელგიაში, გერმანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში, ძირითადად გებრიელის ნაირფერი სასცენო ჩაცმულობებით და გამოსვლებით, რასაც ახლდა კომიკური, სიზმრის მსგავსი ამბების თხრობა, მაგალითად, სიმღერების შესავალში (სინამდვილეში გებრიელმა ეს ამბები მოიფიქრა, რათა სიმღერებს შორის სივრცე შეევსო, რომლის პერიოდშიც ჯგუფი მოამზადებდა ინსტრუმენტებს). კონცერტები ძირითადად ნახევრად სიბნელეში ტარდებოდა. ნორმალური განათება იყო მეორეხარისხოვანი ან საერთოდ არ გამოიყენებოდა. სხვადასხვა განათების დახმარებით ჯგუფი სცენაზე სილუეტებად მოჩანდა, ხოლო გებრიელის ფლურესცენციული კოსტიუმი რჩებოდა განათების ერთადერთ წყაროდ.

კოსტიუმები რედაქტირება

 
გებრიელი "ბრიტანიის" როლში, იგივე "მთვარის რაინდი", 1974

ჯენესისის ადრეული კონცერტები გამოირჩეოდა ცუდი გამაძლიერებლებით, რის გამოც გებრიელის ვოკალი ცუდად ისმოდა. მაიკ რეზერფორდის თანახმად, გებრიელი ამან აიძულა, მსმენელზე შთაბეჭდილება სხვა გზით მოეხდინა და სხვადასხვა კოსტიუმებით გამოსულიყო.[3]

2007 წლის ბრიტანული დოკუმენტური სერიალის Seven Ages of Rock ეპიზოდში სტივ ჰეკეტი იხსენებს გებრიელის კოსტიუმით გამოჩენი პირველ შემთხვევას. ეს იყო კაბა, ხოლო თავზე მუსიკოსს ეკეთა მელიის ნიღაბი. ეს პერსონაჟი შემდგომში მოხვდა ალბომის Foxtrot გარეკანზე. ჰეკეტს და ჯგუფის სხვა წევრებს არ ჰქონდათ წარმოდგენა, თუ რა ჰქონდა ჩაფიქრებული გებრიელს, ამიტომ სიტი ღელავდა, რომ ამით მთელი გამოსვლა ჩაიშლებოდა. სინამდვილეში ამან წარმატება იქონია და გებრიელმა განაგრძო სცენაზე კოსტიუმებით გამოჩენა.

სხვადასხვა ჩაცმულობას შორის, რომელიც ჯგუფის მუსიკალური იდეების განვრცობას ემსახურებოდა, იყო "ღამურის ფრთები", რომლებსაც გებრიელი იყენებდა "Watcher of the Skies"-ში, სიმღერაში, რომელიც ტრადიციულად ხსნიდა კონცერტებს.

"ბრიტანიას" მუსიკოსი ატარებდა "Dancing with the Moonlit Knight"-ში, "ღირსის" ჩაცმულობა - "The Battle of Epping Forest"-ში (ორივე სიმღერა შეტანილია ალბომში Selling England by the Pound). "მოხუცი" გამოდიოდა "The Musical Box"-ში, Nursery Cryme-იდან."მოლიპული" და "რაელი" გამოდიოდნენ "The Colony of Slippermen"-ში, რომელშიც მონაწილეობდა ალბომის The Lamb Lies Down on Broadway მთავარი პერსონაჟი რაელი.

ჯგუფიდან წასვლა რედაქტირება

გებრიელის ჯგუფიდან 1975 წელს წასვლამ გააოგნა მსმენელები და ბევრი დააფიქრა, იარსებებდა თუ არა კოლექტივი კვლავაც. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. მისი ლიდერობის გამო მასსა და ჯგუფის წევრებს შორის დაძაბულობას ჰქონდა ადგილი. ჯენესისი ყოველთის ერთიანი კოლექტივის სახით მუშაობდა, ხოლო გებრიელის ამბიციების გამო წარმოიშვა სამართლიანი შიშები. ჯგუფის დანარჩენ წევრებს აგრეთვე აწუხებდათ ის, რომ მსმენელები ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობდნენ თეატრალიზებულ სანახაობებად ქცეულ კონცერტებს, ვიდრე თავად მუსიკას.

დაძაბულობამ იმატა ამბიციური ალბომის The Lamb Lies Down on Broadway შექმნისას და მისი კონცერტების დადგმისას. ეს იყო გებრიელის მიერ შექმნილი ნაწარმოები, სადაც მას ტექსტების შექმნაში ლომის წილი მიუძღვოდა. ალბომის ჩაწერისას მას დაუკავშირდა რეჟისორი უილიამ ფრიდკინი, როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც უკანასკნელმა ალბომის Genesis Live ანოტაციებში დაბეჭდილი ამბავი წაიკითხა, რამაც დააინტერესა. გებრიელმა დატოვა ჯგუფი და ფრიდკინთან ერთად ფილმის პროექტზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ დაბრუნდა ერთი კვირის შემდეგ.[3] ჯგუფის დატოვების გადაწყვეტილება მიღებული იქნა ტურნეს The Lamb Lies Down on Broadway დაწყებამდე. გებრიელმა აუხსნა ჯგუფის წევრებს, რომ არ სურდა, ამის შესახებ პრესას სცოდნოდა ტურნეს დასრულებამდე. მაიკ რეზერფორდი იხსენებდა, რომ ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო.[3] მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა დიდი იყო, როგორც გებრიელმა, ასევე ჯგუფის წევრებმა დაადასტურეს, რომ მუსიკოსმა ჯენესისი მშვიდად დატოვა.

გარდამტეხი მომენტი იყო გებრიელის ცოლის, ჯილის ფეხმძიმობა და მათი პირველი შვილის, ანა-მარიას დაბადება. როდესაც მას დასჭირდა ოჯახისთვის დიდი ყურადღების დათმობა, ჯგუფის მხრიდან წინააღმდეგობას შეხვდა, ამიტომაც მან საბოლოოდ დატოვა კოლექტივი. Solsbury Hill, მისი სადებიუტო სინგლის სიმღერა, დაიწერა ჯენესისიდან წასვლის გავლენით. ეს სიმღერა 1978 წელს ბილბორდის ცხელი ასეულის #70 პოზიციამდე ავიდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი 1976 წელს იქნა ჩაწერილი და 1977 წელს გამოვიდა მუსიკოსის პირველ სტუდიურ სოლო-ალბომზე.[4] 1982 წელს გებრიელი კოლეგებს შეუერთდა ერთადერთი კონცერტისთვის, Six of the Best, რომელიც მიზნად WOMAD-ის ფინანსურ მხარდაჭერას ისახავდა.

სოლო-კარიერა რედაქტირება

გებრიელმა უარი თქვა პირველი სოლო-ალბომების დასათაურებაზე. ყოველი მათგანი ცნობილი იყო, როგორც Peter Gabriel, იყენებდა ერთსა და იმავე შრიფტს დასახელებაში, მაგრამ განსხვავდებოდა ყდები, რომლებიც Hipgnosis-ის შექმნილი იყო. ყველა ამ დიზაინში გებრიელის სახე ნაწილობრივ ან მთლიანად იქნა ამოშლილი ან დაფარული. ალბომები ცნობილია თანმიმდევრობითი ნომრებით (I, II, III, IV) ან ყდების დიზაინებით. პირველი სამი ალბომი ცნობილია, როგორც Car, Scratch და Melt, მათზე გამოტანილი გამოსახულებების მიხედვით. მეოთხე სოლო ალბომს, Peter Gabriel, აშშ-ში Geffen Records-ზე გამოცემისას ოფიციალურად ეწოდა Security.

შემდეგი ალბომები გამოირჩებოდა ორ-ასოიანი სათაურებით: So, Us და Up. ერთ-ერთ უკანასკნელ კრებულს ეწოდება Hit. აქედან პირველ დისკს ეწოდება "Hit", ხოლო მეორეს - "Miss".

ალბომები Peter Gabriel-ის სათაურებით (1977–1985) რედაქტირება

 
გებრიელის გამოსვლა, 1978

ალბომი Peter Gabriel ჩაწერილი იქნა 1976-1977 წლებში, პროდიუსერ ბობ ეზრინის დახმარებით. პირველი სოლო-წარმატება გებრიელს ეწვია სინგლის Solsbury Hill დახმარებით,[5] რომელშიც მუსიკოსი ირონიულად მღერის, ჩემს მეგობრებს ეგონა, რომ სულელი ვიყავი. აქ იგი მიგვითებს საკუთარ გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა ჯენესისი, მიწათმოქმედებით დაკავებულიყო, მუსიკალურ ექსპერიმენტებთან ერთად.

სადებიუტო დისკით პიტერი ასე თუ ისე კმაყოფილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ Here Comes the Flood, მისი აზრით, გადამატებული გამოვიდა. სიმღერის უფრო მოგვიანებით გამოცემული ვერსიები სრულდება მხოლოდ ფორტეპიანოს და ვოკალის თანხლებით.

მეორე სოლო-ალბომზე, Scratch, გებრიელმა ითანამშრომლა გიტარისტ რობერტ ფრიპთან, დისკი უფრო ბნელი და ექსპერიმენტული გამოვიდა, მაგრამ ჰიტ-სინგლებს არ შეიცავდა.

სხვადასხვა ეთნიკური მუსიკით დაინტერესება პიტერმა შემდეგ ალბომებზე მუშაობისას გამოხატა. მესამე დისკზე რამდენიმე სიმღერაში ფილ კოლინზმაც დაუკრა (მაგალითად, Intruder-ზე).

1981-1982 წლებში პიტერი მუშაოდა მეოთხე სტუდიურ დისკზე. აქ აქტიურად გამოიყენებოდა სინთეზატორი Fairlight, რომელსაც სხვა 1980-იან წლებში სხვა მუსიკოსებიც იყენებდნენ. ამით გებრიელის სიმღერების ჟღერადობა უფრო გაფართოვდა.

ყოველ ალბომს თან ახლდა მასშტაბური საკონცერტო ტურნე. საკონცერტო გამოსვლების დროს კვლავ ადგილი ჰქონდა თეატრალიზებულ სანახაობებს, რამაც სახელი გაუთქვა მუსიკოსს ჯერ კიდევ ჯენესისში ყოფნის დროს. მეორე სოლო-ტურნეს მსვლელობისას ბენდის ყველა წევრმა სპეციალურად გაიპარსა თავები. მეოთხე ალბომთან დაკავშირებული ტურნეს დროს კი უკვე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სასცენო გაფორმებას, მოულოდნელ მაკიაჟსა თუ სამოსს.

1982-1983 წლების ტურნეების დროს ჩაწერილი იქნა საკონცერტო ალბომი Plays Live. შემდეგი სტუდიური ნამუშევარი მხოლოდ 1986 წელს გამოვიდა, დისკის So სახით. შუალედში გებრიელმა დაწერა მუსიკა ალან პარკერის ფილმისათვის ’’ჩიტუნა’’. ასევე გამოიცა ალბომი Birdy, ამ მუსიკალური მასალით.

წარმატებული ალბომები: Melt, Security, So, Passion, Us რედაქტირება

1980 წლის დისკმა Peter Gabriel 3 (იგივე Melt) კრიტიკოსთა მაღალი შეფასება მიიღო. მასში შეტანილია ცნობილი სიმღერები - Games Without Frontiers, I Don't Remember, და Biko.

1982 წელი აღინიშნა დისკის Security გამოცემით. აქ მოხვდა ორი ცნობილი სიმღერა Shock the Monkey და I Have The Touch. Shock the Monkey ასევე გამოვიდა მუსიკალური ვიდეოს სახით და ითვლება გებრიელის ერთ-ერთ წარმატებულ ნამუშევრად ვიდეოპროდუქციის განხრით.

უდიდესი წარმატება გებრიელმა მოიპოვა 1986 წლის ალბომით So, რომელიც აშშ ჩარტში შევიდა სინგლის Sledgehammer დახმარებით.[6] ასევე დიდი წარმატება ჰქონდა სინგლებს Big Time, In Your Eyes, Red Rain და კეიტ ბუშთან დუეტს Don't Give Up.

სინგლის Sledgehammer მუსიკალურმა ვიდეომ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მუსიკალურ ვიდეოპროდუქციაზე. 1987 წლის MTV-ს დაჯილდოებაზე მას არაერთი ჯილდო ერგო. იმავე სტილში (პლასტილინის ანიმაციის ელემენტებით) გადაღებული იყო სიმღერის Big Time ვიდეორგოლიც.

მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო კულტურაში მუსიკოსმა შეიტანა ორგანიზაციასთან Amnesty International თანამშრომლობით და 1986 წლის ტურნეთი A Conspiracy of Hope Tour. 1988 წელს მან მიიღო მონაწილეობა კიდევ ერთ ტურნეში Human Rights Now. საქველმოქმედო და ადამიანთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გებრიელმა მიიზიდა სხვა მუსიკოსებიც, რომლებმაც მასთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს.

1989 წელს პიტერმა გამოსცა ალბომი Passion: Music for The Last Temptation of Christ - მუსიკა მარტინ სკორსეზეს ფილმიდან ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება, ეს იყო მისი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნამუშევარი და განამტკიცა მუსიკოსის, როგორც მსოფლიოს ყველა ხალხთან ეთნიკური მუსიკის მოყვარულის სახელი.

მისი შემდეგი ალბომი იყო 1992 წლის Us (პროდიუსერი - დენიელ ლანუა), რომელშიც აისახა მისი იმჟამინდელი ცხოვრება - განშორება მეუღლესთან, მისი ურთიერთობა როზანა არკეტთან და საყვარელ ქალიშვილთან განშორების პრობლემა.

როგორც წინა სტუდიურ დისკთან მიმართებაში, გებრიელმა ამ ალბომის შემთხვევაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ვიდეოპროდუქციას - სინგლების Digging in the Dirt, Come Talk To Me, Blood of Eden, Steam და Kiss that Frog ვიდეოკლიპებმა ასევე დაიმსახურეს მსმენელებისა და კრიტიკოსების მოწონება. 1994 წელს გამოვიდა ვიდეოფილმი Secret World Live, რომელიც ასახავდა თეატრალიზებული საკონცერტო ტურნეს ერთ-ერთ კონცერტს.

ალბომის Us გამოცემას თან ახლდა ნოვატორული მიდგომა მარკეტინგის საკითხებში. პიტერს არ სურდა, რომ ალბომზე გამოეტანათ მხოლოდ მისი ფოტოსურათები. ამიტომ ალბომის თითოეული სიმღერისათვის შეიქმნა სპეციალური გრაფიკული გაფორმება. ამასთან, გამოვიდა სპეციალური ინტერაქტიული დისკი Xplora, რომელიც იყო მუსიკოსის მიერ მულტიმედიური საშუალებებით დაინტერესების კიდევ ერთი ნიშანი. დისკს თან ახლდა სარეკლამო ვიდეო All About Us, რომელშიც ასახული იყო ალბომის შექმნის პროცესიც.

გებრიელმა 1992-1993 წლებში მიიღო გრემის ჯილდოები ვიდეოკლიპებისათვის Digging in the Dirt და Steam. 1995 წელს მან ასევე მიიღო გრემი - მუსიკალური ფილმისათვის Secret World Live.

ბოლო ალბომები რედაქტირება

 

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გებრიელმა იმუშავა პროექტზე OVO. ეს იყო მუსიკა ათასწლეულის გუმბათის შოუსათვის (2000). მოგვიანებით, 2002 წელს გამოვიდა ფილმის ბაჭიების ღობე საუნდტრეკი Long Walk Home: Music from the Rabbit-Proof Fence. ამ ალბომმა ასევე დაიმსახურა წლის ოქროს გლობუსი - ფილმისათვის შექმნილი საუკეთესო ორიგინალური მუსიკის კატეგორიაში.

2002 წლის სექტემბერში გამოვიდა გებრიელის შემდეგი სოლო-ალბომი Up. ეს ალბომი, რომელიც მთლიანად გებრიელის პროდიუსერობით არის ჩაწერილი, უბრუნდება '70-იანებსა და '80-იანებში მის მუსიკაში წარმოჩენილ თემებს. სინგლების ჩარტებში დიდი წარმატება ჰქონდა სამ სიმღერას - იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის ყველა სიმღერა ამ ალბომიდან ექვს წუთზე უფრო მეტი ხანგრძლივობის იყო. მსოფლიო მასშტაბით ალბომმა უდიდესი წარმატება იქონია. გამოცემას მოჰყვა მსოფლიო ტურნე Up და ორი საკონცერტო DVD - Growing Up Live და Still Growing Up: Live & Unwrapped, ასევე მუსიკოსის შვილის, ანა გებრიელის დოკუმენტური ფილმი Growing Up: A Family Portrait.

საკონცერტო ტურნე იმდენად წარმატებული იყო, რომ 2007 წელს გებრიელი დაუბრუნდა სცენას, განსხვავებული საკონცერტო პროგრამით, რომელზეც უდიდესი ყურადღება დაეთმო მისი პირველი ალბომების მასალას - ეს მოხდა ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე.

წლების განმავლობაში პიტერი ასევე წერდა სიმღერებს ამა თუ იმ ფილმისათვის, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება იქონია საუნდტრეკმა 2008 წლის ფილმიდან WALL-E - Down to Earth.

2009 წელს მუსიკოსმა დაიწყო ახალი ტურნე, სახელწოდებით Small Places. ტურნემ მოიცვა რამდენიმე ადგილი, სადაც გებრიელი იშვითად მოგზაურობდა - ვენესუელა, არგენტინა, მეხიკო, ჩილე და პერუ.

პარალელურად მზადდება ალბომი Scratch My Back, რომელზეც გებრიელი შეასრულებს სხვა მუსიკოსების ცნობილ სიმღერებს, ხოლო ეს მუსიკოსები - მის რომელიმე ჰიტ-სინგლს.

მუსიკოსები და თანამშრომლობა რედაქტირება

სოლო-კარიერის დაწყებიდან დღემდე გებრიელმა ითანამშრომლა არაერთ ცნობილ მუსიკოსთან. მისი ალბომების ჩაწერასა და საკონცერტო ბენდში მუდმივად მონაწილეობს ბას-გიტარისტი ტონი ლევინი. 1979 წლიდან გებრიელთან თანამშრომლობს გიტარისტი დევიდ როუდსი. ალბომამდე So გებრიელის ალბომისა და საკონცერტო ბენდში დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა ჯერი მაროტა. შემდეგ ალბომებზე, So და Us და მათთან დაკავშირებულ ტურნეებზე დასარტყმელ საკრავებზე უკრავდა მანუ კაჩე. ალბომის Up ჩაწერისა და შემდგომ ტურნეზე იგი შეცვალა ჯედ ლინჩმა. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდში გებრიელთან თანამშრომლობდნენ - ბობ ეზრინი, რობერტ ფრიპი, სტივ ლილიუაიტი, დენიელ ლანუა, ლ. შანკარი, ტრენტ რეზნორი, იუსუ ნ'დური, ლარი ფასტი, ნუსრატ ფატე ალი ხანი, შინეიდ ო'კონორი, კეიტ ბუში, პოლა კოული, ჯონ გიბლინი, პაპა უემბა, მანუ კაჩე, ბაიეტი და სტიუარტ კოუპლენდი.

ასევე აღსანიშნავია პიტერის თანამშრომლობა მუსიკოს ლორი ანდერსონთან და კომპოზიცია Excellent Birds, რომელიც შევიდა როგორც ალბომში So, ასევე ლორის დისკში Mister Heartbreak (1994). გებრიელმა ასევე მონაწილეობა მიიღო რობი რობერტსონისა და ჯონი მიტჩელის ალბომის ჩაწერაში.

2007 წელს პიტერმა შეასრულა ვოკალური პარტია სიმღერაში Salala, ანჯელიკ კიდჯოს ალბომზე Djin Djin.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

პირველი მეუღლისგან, ჯილ მურისგან პიტერ გებრიელს ჰყავს ორი ქალიშვილი - ანა-მარი (დ. 1974 წლის 26 ივლისს) და მელანი (დ. 1976 წლის 23 აგვისტოს). ჯილის მამა იყო ვოლვერკოტის ლორდი, ფილიპ მური. პიტერი და ჯილი დაქორწინდნენ 1971 წელს და დაშორდნენ 1987 წელს.

ანა-მარი არის რეჟისორი. მელანი მუსიკოსია. ანა-მარის ეკუთვნის დოკუმენტური ფილმი მამის შესახებ - Growing Up: A Family Portrait. მელანი ვოკალისტის სახით მონაწილეობს პიტერის ყველა საკონცერტო ტურნეში 2003 წლიდან.

1980-იან და 1990-იან წლებში გებრიელი ცხოვრობდა მსახიობ როზანა არკეტთან, მაგრამ ოფიციალურად ისინი არასოდეს დაქორწინებულან. მეორე მეუღლისგან, მებ ფლინისგან პიტერს ჰყავს ორი ბიჭი - აიზეკ რალფი (დ. 2001 წლის 27 სექტემბერი) და ლუკი (დ. 2008 წლის 5 ივლისი). მები და პიტერი დაქორწინდნენ 2002 წლის 9 ივნისს.

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები
საუნდტრეკები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.lyricsondemand.com/artistinfo/p/petergabrielprofile.html
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-19. ციტირების თარიღი: 2011-07-20.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Neer, Dan (1985). Mike on Mike [interview LP], Atlantic Recording Corporation.
  4. Solsbury Hill by Peter Gabriel Songfacts.com
  5. http://www.songfacts.com/detail.php?id=393
  6. http://www.brits.co.uk/history/shows/1987