პეტრე კონჭოშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან პეტრე (კონჩუევი))

ეპისკოპოსი პეტრე (ერისკაცობაში პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი; დ. 1836, თელავი, საბუე — გ. 5 თებერვალი, 1909) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ღვთისმეტყველი, ალავერდელი ეპისკოპოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი დაიბადა 1836 წელს თელავის მაზრის სოფელ საბუეში, მღვდლის ოჯახში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.[1]

თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, მღვდლად იყო საინგილოში, იქიდან ოსეთში გადაიყვანეს, შემდეგ ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულს ასწავლიდა. მონაწილეობდა საღვთო წიგნების, მ.შ. ბიბლიის ქართული ტექსტის შესწორებასა და ბეჭდვაში. 1899 იმოგზაურა იერუსალიმში. თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში: „მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ“.(თბილისი, 1901)[2]

1905 წლის 26 აგვისტოს მამა პეტრე ეპისკოპოსად აკურთხეს. 1906 წელს იგი იმერეთის ეპარქიის მმართველად, ხოლო 1907 წლის აპრილში გორის ეპარქიის მმართველად იქნა გადაყვანილი.[1]

აქტიურად იღვწოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ სასულიერო და საზოგადო მოღვაწესთან, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელთან (ქიქოძე). დაკრძალულია ალავერდის მონასტერში.[2] ეპისკოპოსი პეტრე მუდამ მხარს უჭერდა ეპისკოპოს კირიონს (საძაგლიშვილი).[1]

იგი 1909 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა.[1] მისი პირადი საარქივო ფონდი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.[2]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 77-79.
  2. 2.0 2.1 2.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 654.