პატარძეულის კვირაცხოვლის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

პატარძეულის კვირაცხოვლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის ცენტრში. თარიღდება XVlll საუკუნით.

პატარძეულის კვირაცხოვლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა პატარძეული
დეტალები
ეკლესიის სამშენებლო წარწერა.

ეკლესია დარბაზულია (11,2x6,5 მეტრი). შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ორ საშენ ფენას, რომელთა შორის დიდი ქრონოლოგიური შუალედი არ ჩანს. შენობის თავდაპირველ და გვიანდელ ნაწილთა შორის საზღვარი კედლების სიმაღლის ნახევარზე გადის. ორივე ნაწილი რიყის ქვითაა ამოყვანილი. თუმცა, როგორც წყობის ხასიათით, ისე ხარისხითაც, ისინი ერთმანეთისგან რამდენამდე განსხვავდება. განსხვავებულია გარეთა კუთხეების ამოსაყვანად გამოყენებული საშენი მასალაც — შენობის ქვედა ნახევრის კუთხეები მოზრდილი, რიყის ქვებითაა ამოყვანილი, ზედა ნახევრისა კი — კვადრატული აგურით. კედლები, როგორც ქვედა, ისე ზედა ნახევარში, გასწორებულია ბათქაშით, რომელიც ქვების ზედაპირის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთით და დასავლეთით (ამოშენებულია შიგნიდან). სამხრეთ შესასვლელი სწორკუთხაა. დასავლეთისა კი— შეისრულთაღოვანი. სამხრეთ შესასვლელის გარეთა ღიობი ტლანქად დამუშავებული ქვიშაქვის, მოზრდილი სამი ქვითაა გამოყვანილი — თითო-თითო გვერდებში და ერთი — გადასახურად. დასავლეთ შესასვლელის გვერდებიც ქვიშაქვისაა, თაღი კი — აგურის, რაც დიდი ალბათობით, ეკლესიის განახლების პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. ამავე დროს უნდა იყოს აღდგენილი სამხრეთ შესასვლელის აღმოსავლეთ გვერდის ზედა ნაწილშიც. ეს უკანასკნელიც, ისევე როგორც დასავლეთ შესასვლელის თაღი, აგურითაა გამოყვანილი. კედლების უმეტესი ნაწილი, შიგნით, დაფარულია ნალესობით, რის გამოც, შენობის ნაწილებს შორის ქრონოლოგიური განსხვავება არ ჩანს. აღმოსავლეთით, ღრმა, ოდნავ ნალისებრი აფსიდია, რომელიც დარბაზის იატაკის მიმართ ოციოდე სანტიმეტრითაა შემაღლებული. აფსიდში ერთი ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი და სამი ნიშია მოწყობილი. ნიშებიდან ერთი სარკმლის სამხრეთითაა, ორი — ჩრდილოეთით. სამივე ნიში ოთხკუთხაა. მათ შორის ორი (სამხრეთით მდებარე და აფსიდის ჩრდილო მხრის მიმდებარე), სიმაღლეში ორ ნაწილადაა გამოყოფილი. მესამე ნიში, როგორც ჩანს, ადრე თაღით იყო დასრულებული (ნიშის ზემოთ, ნალესობის ჩამოცვენილი ნაწილის ქვეშ, თაღის კვალი იკითხება). იგი მოგვიანებით დაუბრალებიათ და ბრტყლად გადაუხურავთ. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. კონქის თაღი ნახევარწრიულია, მსგავსი ფორმისაა კამარაც და მისი საბჯენი თაღებიც. კონქი, კამარა და საბჯენი თაღები აგურითაა გამოყვანილი. თითოეული თაღის ქუსლებთან მარტივი პროფილის იმპოსტებია გამოყოფილი. დარბაზის გრძივ კედლებზე კედლის სიბრტყიდან ოდნავ გამოშვერილი. თითო პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღია გადაყვანილი. პილასტრები დასავლეთ კუთხეებშიცაა. მათ კედლის მიმდებარე თაღი ეყრდნობა. საკურთხევლის სარკმლის გარდა, ეკლესიის შიდა სივრცეს კიდევ სამი თაღოვანი სარკმელი აშუქებს. მათ შორის თითო-თითო — გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში ერთმანეთის მოპირდაპირედაა გაჭრილი. მესამე — დასავლეთ კედელშია — შესასვლელის გასწყვრივ. ყველა სარკმელი აგურითაა გამოყვანილი. ჩრდილო კედლის დასავლეთ ნაწილში გეგმით ნახევარწრიული, კონქით გადახურული ნიშია, რომელიც სავარაუდოდ, მოგვიანებით უნდა იყოს მოწყობილი. ეკლესიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონებზე აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი, საფეხურებიან კვარლცხბეკზე დადგმული ჯვრის თითო გამოსახულებაა.

სამხრეთ შესასვლელის ზემოთ, კედლის განახლებულ ნაწილში, მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია, რომელშიც მოთავსებულია მარმარილოს ფილა. ფილაზე ამოკვეთილი ყოფილა მხედრული დამწერლობით შესრულებული, შვიდსტრიქონიანი სამშენებლო წარწერა. დაზიანების მიუხედავად, წარწერის პირველი სამი სტრიქონი მეტ-ნაკლებად იკითხება, დანარჩენი კი განადგურებულია. წარწერის მესამე სტრიქონის ბოლოში გარკვევით მხოლოდ ეკლესიის ამშენებლის სახელი — „გოგია“ იკითხება.

ეკლესიის კედლები დასრულებულია აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც შედგება ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურებით გამოყვანილი რიგების მონაცვლეობით. ეკლესიის ირგვლივ ძველი საფლავის ქვებია. 2006 წელს, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (შემსრულებელი კავშირი "ორიენტირი"): გამაგრდა ყველა ავარიული ადგილი, გაკეთდა რკინა-ბეტონის სარტყელი, აღდგა ლავგარდანი და ალაგ-ალაგ (ძირითადად ლავგარდნის ძირის დონეზე) კედლების მონგრეული ნაწილები. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა რედაქტირება