პანტიანის ჯვარპატიოსნის ეკლესია

პანტიანის ჯვარპატიოსნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ერთ კილომეტრზე. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

თავდაპირველად ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა. მოგვიანებით, XV-XVII საუკუნეებში გადააკეთეს. ეკლესია (12,8 X 12 მ) ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. იგი თავდაპირველად სვეტზე დაყრდნობილ ორთაღიან ღიობს წარმოადგენდა. ნავები ერთმანეთისგან გეგმით ჯვაროვანი სვეტების ორი წყვილითა და მათზე დაყრდნობილი თაღებით იყო გამოყოფილი. სამხრეთის ნავი აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლიდან ნათდებოდა. შუა ნავი გვერდითებზე სიგანით ორჯერ მეტი იყო და აღმოსავლეთით ნალისებრი, გარედან შვერილი აფსიდით მთავრდება. აფსიდში გაჭრილი იყო ორი სარკმელი. სიგანით ნავზე ნაკლები აფსიდი მისგან ბრტყელი მხრებით იყო გამოყოფილი. ჩრდილოეთ ნავსაც აღმოსავლეთით ჰქონდა აფსიდი, რომლის ღერძზე გაჭრილი იყო ერთი სარკმელი. ნავები გადახურული იყო ცილინდრული კამარით. გადაკეთების შედეგად სამნავიანი ბაზილიკის სტრუქტურა მთლიანად დაირღვა; ამჟამად ორთაღიანი შესასვლელის ჩრდილოეთ ნაწილი მთლიანად ამოშენებულია, ხოლო მეორე ნაწილში არქიტრავით გადახურული სწორკუთხა კარია გაჭრილი. სამხრეთის ნავში ამოშენებულია სამი თაღით გახსნილი ღიობის ნაწილი. კედლის აღმოსავლეთ ნაწილში კი გაჭრილია შუა ნავთან დასაკავშირებელი საკმაოდ განიერი შეისრულთაღიანი გამოსასვლელი. მნიშვნელოვნად შეცვლილია შუა ნავი. აფსიდი ნავისგან საკმაოდ მასიური ქვის კანკელითაა გამოყოფილი. ჩრდილოეთ კედლის მთელ სიგრძეზე და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე 0,4 მეტრის სისქის კედელია მიშენებული. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში დატოვებულია ვიწრო კარი ჩრდილოეთ ნავში გასასვლელად. სამხრეთის ნავი კარიბჭედ გამოიყენეს. ლილვითა და წრეთარგით შედგენილი ლავგარდნის ფრაგმენტი მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადზე, საკმაოდ მასიურ შვერილ აფსიდზეა შემორჩენილი. გადაკეთებისას ეკლესიას სამხრეთიდან მიაშენეს მცირე ზომის სწორკუთხა სათავსი.

ეკლესიის სამხრეთით დგას ორსართულიანი სამრეკლო (5,6 X 5,6 მ). თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. პირველი სართულის ოთხივე კედელში აგურის ნახევარწრიული თაღით დასრულებული ღიობებია. ეს სართული ცილინდრული კამარით იყო გადახურული. გუმბათოვანი მეორე სართული გეგმით რვაკუთხედია. მის წახნაგებში თითო შეისრულთაღიანი მაღალი სარკმელია.

ლიტერატურა რედაქტირება