ოხოტური ჭოვილო[1] (ლათ. Tringa guttifer) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 29–32 სმ. ნისკარტი ოდნავ ზევითაა აღუნული, ორფეროვანია — წვერი შავი, ხოლო შუა და ძირი ყავისფერი ან მორუხოა. ფეხები მოკლეა, ყვითელი ფერის. სამი თითი აპკითაა გადაბმული. საქორწინო შეფერილობაში ზურგი შავია, აყრია თეთრი ლაქები. თავის გვერდები მურაა მუქი მურა ლაქებით. სხეულის ქვედა ნაწილი თეთრია. ბუდობს რუსეთში, ოხოტის ზღვის სანაპიროებსა და კუნძულ სახალინზე. იზამთრებს ტაივანზე, ხაინანზე, ფილიპინებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სანაპიროებზე. ზრდასრული ფრინველების მიგრაცია გამრავლების სეზონის დასრულებისთანავე იწყება — ივლის-აგვისტოში, მოზარდები სექტემბერში მიგრირებენ. სახლობს ლაგუნების დაჭაობებულ სანაპიროებზე. იკვებება მცირე ზომის თევზებით, წყლის და იშვითად ხმელეთის მწერებით. ბუდობს ტბებთან, მდინარეებთან და ჭაობებთან ახლოს, ტყეების განაპირა მხარეებში. ბუდეს ხეებზე აკეთებს, მიწიდან 2–4 მ სიმაღლეზე. დანამდვილებით ცნობილია მისი ბუდეების არსებობს სახალინის ყურეებში. ორივე მშობელი იღებს მონაწილეობას ბუდის შენებაში, კრუხობაში და ბარტყების გამოკვებაში. ძალიან იშვიათი და ნაკლებად შესწავლილი ფრინველია. საერთო რაოდენობა 1000-ზე ნაკლებია.

ოხოტური ჭოვილო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tringa guttifer (Nordmann, 1835)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 22693225

ლიტერატურა რედაქტირება

  • Dominic Couzens: Seltene Vögel – Überlebenskünstler, Evolutionsverlierer und Verschollene. Haupt Verlag, Bern 2011, ISBN 978-3-258-07629-4.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 87, 177, 203.