ოფშკვითის ბრძოლა
ოფშკვითის ბრძოლა 1590 — ბრძოლა იმერეთის მეფე როსტომსა, ოდიშის მთავარ მანუჩარ I დადიანისა და ქართლის მეფე სიმონ I-ს შორის.
სიმონ I-მა გადაწყვიტა დასავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარება იქ თავისი გავლენის განსამტკიცებლად გამოეყენებინა. იგი იმერეთის ტახტის დაუფლებისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში ჩაება. სიმონს მხარს უჭერდა იმერელ თავადთა ერთი ჯგუფი. მრავალრიცხოვანი ჯარითა და ზარბაზნებით სიმონ I იმერეთში გადავიდა, დაიპყრო სკანდის, კვარის, კაცხის, სვერის ციხეები. შემდეგ ქუთაისი აიღო და ოდიშისკენ სალაშქროდ სოფ. ოფშკვითთან (ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) დაბანაკდა. იმერეთის მეფე როსტომი ოდიშის მთავარ მანუჩარ I დადიანთან გაიქცა, რომელიც სიმონ I-ს როსტომთან ერთად მორჩილებას ჰპირდებოდა. სიმონ I-მა, რომელსაც იმერეთის საბოლოო შემოერთება ჰქონდა გადაწყვეტილი, როსტომის გადაცემა მოითხოვა, რაზედაც უარი მიიღო. მანუჩარ I-მა და როსტომმა შეძლეს სიმონ I-თან მყოფი იმერელი თავადების გადაბირება და გარიჟრაჟზე მოულოდნელად თავს დაესხნენ სიმონ I-ის ბანაკს. ძმათა შორის ბრძოლა დამთავრდა ქართლის მეფის დამარცხებით, რომლის მთელი ბანაკი და ზარბაზნები დადიანსა და როსტომს დარჩათ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
- ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 609.