ოსმალების ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში (1703)
ოსმალების ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში (1703) | |||
---|---|---|---|
დასავლეთ საქართველო 1724 წლის ფრანგულ რუკაზე | |||
თარიღი | 1703 | ||
მდებარეობა | დასავლეთ საქართველო | ||
შედეგი | საქართველოს გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ოსმალების 1703 წლის ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში — ოსმალეთის სულთნის მუსტაფა II-ის ინიცირებული სადამსჯელო ღონისძიება დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების წინააღმდეგ, რომლებმაც უარი განაცხადეს ოსმალეთის მორჩილებაზე და ხარკის გადახდაზე.
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებმა უარი განაცხადეს ოსმალეთისთვის ხარკის გადახდაზე რუსეთის იმპერიის იმედით. ოსმალეთმა გადაწყვიტა სასწრაფოდ დაესაჯათ და დაემორჩილებინათ ურჩი ქართველი მთავრები. მთავარსარდლად დაინიშნა არზრუმის ბეგლარ-ბეგი ხალილ-ფაშა. ოსმალებს თან ახლდათ მოკული სიმონ მეფის ძმა გიორგი. ოსმალეთის ჯარი 1703 წლის აგვისტოში იმერეთის სამეფოს სამი მხრიდან მიადგა: მთავარსარდალი ხალილ-ფაშა გურიის სამთავროში შეიჭრა და ბათუმი დაიკავა, მისი მოადგილე და ახალციხის ფაშა ისაყ I ზეკარის გადასასვლელით იმერეთს მიადგნენ, ხოლო ოსმალეთის ფლოტმა სამეგრელოში გადასხა ჯარი. მათ მხარი დაუჭირა აფხაზეთის მთავარმა შერვაშიძემ. ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში გიორგი-მალაქია აბაშიძე ჩაუდგა. მან შემოიფიცა ქვეყნის მთავარი ფეოდალები და მტერს შემოსასვლელები ჩაუკეტა. ოსმალები ყოველ ნაბიჯზე მედგარ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ.[1] ხალილ-ფაშას ეახლა და მორჩილება გამოუცხადა გურიის მთავარმა მამია III გურიელმა, ოსმალებს ეახლა გიორგი ლიპარტიანზე განაწყენებული თავადი მიქელაძეც. და იმერეთში მეგზურობა გაუწია. ზეკარის გზით გადასულმა ოსმალებმა გაიარეს ხანისწყლის ხეობა, ბრძოლით აიღეს კაკასხიდთან ნაჩქარევად აგებული ციხესიმაგრე და ბაღდათში შევიდნენ, იქ თხმელის ციხე ააგეს და შიგ ოსმალური გარნიზონი ჩააყენეს.
ოსმალეთის ჯარმა წარმატებას მიაღწია სამეგრელოშიც. აიღეს რუხის ციხე, ააშენეს ანაკლიის ციხე და იქაც თავისი მეციხოვნეები ჩააყენეს, რითაც შავი ზღვის სანაპიროზე ახალი დასაყრდენი პუნქტი გაიჩინეს.
სულთანი დამატებით ჯარს გზავნიდა დასავლეთ საქართველოს სრული დამორჩილების მიზნით, რა დროსაც ოსმალეთში იფეთქა დიდმა აჯანყებამ. მუსტაფა II ტახტიდან ჩამოაგდეს და მისი ადგილი აჰმედ III-მ დაიკავა. ახალმა სულთანმა აჯანყება ჩაახშო, მაგრამ დამსჯელი ექსპედიციის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდა. გურიაში მდგარ ოსმალეთის ჯართან მოლაპარაკება გამართა გიორგი-მალაქია აბაშიძემ. მოლაპარაკების მიხედვით ქართველებმა დაანგრიეს შორაპნის ციხე, ოსმალებს გადასცეს მძევლები, ტახტი დაიკავა გიორგი VI-მ, ხოლო გიორგი აბაშიძე ფაქტობრივი მმართველი დარჩა,[2] უკანდაბრუნებულ ოსმალებს ქართველები ფერსათთან თავს დაესხნენ და დაამარცხეს, მოკლეს კოლის ფაშა და დაჭრეს ისაყ ფაშა.
საბოლოოდ, ქართველთა მედგარი წინააღმდეგობის და სტამბოლში მომხდარი გადატრიალების შედეგად ოსმალებმა ძირითად მიზანს, რეგიონის საბოლოო დაპყრობას ვერ მიაღწიეს, მაგრამ დიდი ზიანი მიაყენეს დასავლეთ საქართველოს: დაარბიეს მოსახლეობა, ააოხრეს სოფლები, დაანგრიეს ეკლესია-მონასტრები, თავიანთი გარნიზონები ჩააყენეს ქუთაისის, ფოთის, ანაკლიის, რუხის და ბაღდათის ციხეებში, გურიის სამთავროს წაართვეს ბათუმი.
ოსმალეთის წარუმატებლობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია ოსმალეთის მეზობელ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, 1703 წლის 3 აგვისტოს თავის წერილში უკრაინის კაზაკთა ჰეტმანი ივან მაზეპა რუსეთის იმპერიის მთავრობას წერდა, რომ თურქებმა „მნიშვნელოვანი მარცხი განიცადეს საქართველოს მიწაზე“.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 149-152.