ოსერი

კომუნა საფრანგეთში

ოსერი (ფრანგ. Auxerre [osɛʁ]) — ქალაქი და კომუნა საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ბურგუნდია-ფრანშ-კონტის რეგიონში, იონის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 34 634 მცხოვრები (2017).[1] მდებარეობს მდინარე იონაზე, პარიზიდან 170 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით. ჩქაროსნული ავტომაგისტრალით უკავშირდება პარიზსა და ლიონს; საავტომობილო კავშირი აქვს ქალაქებთან დიჟონი, შალონ-სიურ-სონი, ორლეანი და სხვ. რკინიგზის სადგური; ოსერიდან 20 კილომეტრში გადის მაღალჩქაროსნული (ქსელი TGV) სარკინიგზო ხაზი პარიზი – ლიონი. ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით არის აეროდრომი ოსერი — ბრანში.[3]

ქალაქი
ოსერი
Auxerre

ოსერი, საკათედრო ტაძარი და სააბატო მდინარე იონის მხრიდან
გერბი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
რეგიონი ბურგუნდია-ფრანშ-კონტი
დეპარტამენტი იონის დეპარტამენტი
კოორდინატები 47°47′55″ ჩ. გ. 3°34′02″ ა. გ. / 47.79861° ჩ. გ. 3.56722° ა. გ. / 47.79861; 3.56722
მმართველი Jeanne Hérold
დაარსდა ძვ. წ. I საუკუნე
ადრეული სახელები აუტესიოდორუმი ან აუტისიუდურუმი
ფართობი 49.95 კმ²
ცენტრის სიმაღლე 93–217
მოსახლეობა 34 634[1] კაცი (2017)
სიმჭიდროვე 690 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 89000
ოფიციალური საიტი https://www.auxerre.fr/[2]
ოსერი — საფრანგეთი
ოსერი

ისტორია რედაქტირება

დაარსდა რომაელების მიერ ძვ. წ. I საუკუნეში როგორც აუტესიოდორუმი (ლათ. Autessiodorum) ან აუტისიუდურუმი (Autissiodurum) კელტური ტომის სინონების ტერიტორიაზე. პრინციპატის ეპოქაში შედიოდა ლუგდუნის პროვინციაში, მისი გაყოფის შემდეგ, დომინატის ეპოქაში, — IV ლუგდუნის პროვინციაში. საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, ოსერის ქრისტიანული თემი ახ. წ. III საუკუნის II ნახევარში წარმოიქმნა, ოსერის ეპისკოპოსის შესახებ დოკუმენტური მოწმობა განეკუთვნება 343–346 წლებს. 418–448 წლებში ოსერის ეპისკოპოსი იყო გერმან ოსერელი (გ. 448), ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული იერარქი. 451 წელს ოსერი ჰუნების მიერ განადგურდა, 486 წელს დაიპყრეს ფრანკებმა. შედიოდა ბურგუნდების სამეფოს შემადგენლობაში, VI საუკუნიდან ამავე სახელწოდების საგრაფოს ცენტრი იყო. 715–735 წლებში იყო ავტონომიური საეკლესიო სამთავროს მთავარი ქალაქი; ოსერის საეპისკოპოსოს თავისი სამფლობელოებისა და სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი კარლოს მარტელმა ჩამოართვა. 771 წელს ოსერის გრაფი გახდა ერმენო; მისი შთამომავლები საგრაფოს 841 წლამდე მართავდნენ. IX–X საუკუნეებში ოსერი კაროლინგების იმპერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განათლების ცენტრი იყო. 859 წელს საგრაფოსთან ერთად გადაეცა კონრად II ბურგუნდიელს (გ. დაახლ. 876). 911 წელს გაუძლო ნორმანთა ალყას. 954 წლიდან კაპეტინგთა მფლობელობაშია. 1023 წელს ხანძარმა გაანადგურა. 1028 წელს რობერ II-ის (996–1031) ქალიშვილის მზითევის სახით გადაეცა ნევერის გრაფ რენო I-ს (1028–1040); 1262 წლამდე ოსერი მონსოს დინასტიის ნევერის გრაფების ხელში იყო. 1166–1193 წლებში აიგო სიმაგრეები. 1188 წელს ქალაქის მცხოვრებლებმა მიიღეს პირველი შეღავათები, 1223 წელს — განსაზღვრული თვითმმართველობა. XVIII საუკუნის ბოლომდე მას მართავდა 12 არჩეული მაგისტრი, 1561 წლიდან — აგრეთვე მერი. ქალაქში განვითარებული იყო მაუდის წარმოება, ქვის საქმე, სამხატვრო ხელობა; ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გახდა წმინდა გერმანეს სააბატო, რომელიც მრავალ მომლოცველს იზიდავდა. 1266 წელს მდინარე იონაზე აშენდა ხიდი. 1268 წლიდან შალონის დინასტიის გრაფების მმართველობის ქვეშაა. ასწლიანი ომის დროს, 1359 წელს, გაძარცვეს ინგლისელმა მებრძოლებმა. 1370 წელს მიეყიდა საფრანგეთის გვირგვინს და ბალიაჟის ცენტრი გახდა. 1435 წელს არასის ზავით გადაეცა ბურგუნდიას. საბოლოოდ სამეფო დომენს 1477 წელს შეუერთდა. 1567 წელს ჰუგენოტებმა დაიპყრეს (დააზიანეს რამდენიმე ეკლესიის შენობა), 1568 წელს გათავისუფლდა. ახალი დროის ადრინდელ ხანებში ოსერი საეკლესიო ცენტრად რჩებოდა; ხელობებიდან, მაუდის წარმოების გარდა, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება. საფრანგეთის რევოლუციის დროს (XVIII ს.) ბურგუნდიის, ორლეანისა და შამპანის პროვინციების მომიჯნავე რაიონებისაგან ჩამოყალიბებული იონის დეპარტამენტის მთავარი ქალაქი გახდა (4 მარტი, 1790). 1814 წლის გაზაფხულზე, ნაპოლეონის ომების ბოლო ეტაპზე, რამდენიმეჯერ გადავიდა ხელიდან ხელში; 6 აპრილს ოკუპირებულ იქნა ავსტრიელების მიერ. „ასი დღის“ შემდეგ ბავარიის მებრძოლებმა დაიკავეს. XIX საუკუნეში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, საიდანაც ეს პროდუქცია მდინარეების იონისა და სენის საშუალებით მიეწოდებოდა პარიზსა და რუანს. 1855 წელს ლა-როშ-სიურ-იონის გავლით რკინიგზით დაუკავშირდა პარიზსა და ლიონს, 1870 წელს — კლამსის, 1885 წელს — ჟიენს. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის 15 ივნისს, დაიკავეს გერმანელმა ჯარისკაცებმა, გათავისუფლდა 1944 წლის 28 აგვისტოს.[3]

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

მდინარე იონის მარცხენა ნაპირზე განლაგებულ ოსერის ისტორიულ ცენტრში შემონახულია შუა საუკუნეების არარეგულირებული დაგეგმარება ვიწრო დაკლაკნილი ქუჩებით, ეკლესიისა და სავაჭრო მოედნით. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი დომინანტია წმინდა სტეფანეს გოტიკური ტაძარი (XIII–XVI სს.; 3-ნავიანი კრიპტა1023–1035 წწ. XII ს.-ის შუა ხანებისა და XIII ს.-ის ფრესკებით, მ. შ. ცხენზე ამხედრებული ქრისტეს გამოსახულება; პატრონიკე1215–1245 წწ.; დასავლეთი ფასადი XIII ს.-ის სკულპტურული დეკორით, ჩრდილოეთის კოშკი დასრულდა 1543 წელს; XIII–XVI სს.-ის ვიტრაჟები; ჩრდილოეთ ტრანსეპტის ფასადის პორტალისა და ვარდის სკულპტურა — 1528), მის გვერდით — კაპიტულის ბიბლიოთეკის შენობა (XIII ს.). ტაძრის ჩრდილოეთით — სენ-ჟერმენის ყოფილი ბენედექტური სააბატოს ანსამბლი (დაარსდა გერმან ოსერელის მიერ V ს.-ში): ეკლესია [ IX ს. (გადაკეთდა 1277XIV ს.), კრიპტა — IX ს.-ის შუა ხანები, ფრესკები წმინდა სტეფანეს ცხოვრების სცენებით (840–850-იანი წწ., გაიხსნა 1927 წელს), რომანული სამრეკლო (XII ს.) ქვის შპილით], კლუატრი (არკადა გადაკეთდა XVIII ს.-ში, ჟ.-ჟ. სუფლოს არქივი) და სხვა ნაგებობები (XII ს.-ის კაპიტულის შენობა; XVIII საუკუნის დასაწყისის აბატის რეზიდენცია), რომლებშიც დღეს განთავსებულია მუზეუმი (არქეოლოგიური კოლექცია, სააბატოს ისტორია). ქალაქის არქიტექტურის სხვა ძეგლებს შორისაა: წმ. ევსების რომანო-გოტიკური ეკლესია (დაარსდა VII ს.-ში, XII ს.-ის კოშკი, XII–XV სს.-ების ნავი, რენესანსული პატრონიკე — 1530, XVI–XVII სს.-ების ვიტრაჟები), წმ. ამატორ ოსერელის ეკლესიის კრიპტა (XII ს.), წმ. მარიამ მაგდალინელის (XII ს.) და წმ. კლემენტისა და მიხეილის სამლოცვლელოები (XII–XIII სს., IX ს.-ის წმ. კლემენტის ეკლესიის საფუძველზე), პ. ბერის ხიდი (ან ძველი ხიდი; 1226), საათის კოშკი (1483; XVII ს.-ის საათი), ეპისკოპოსის სასახლე (XVI ს., ჩრდილოეთი ნაწილი — დაახლ. 1130), წმ. პერეგრინ ოსერელის ეკლესია (XVI ს., 303 წლის ეკლესიის ადგილზე; VI ს.-ის კრიპტა), სენ-პიერ-ან-ვალიეს გვიანკოტიკური ეკლესია ეკლესია (1536–1672; სამხრეთი სამრეკლო — 1536–1557 წწ., ფასადი — 1630–1658 წწ.), მართლმსაჯულების სასახლე (1622, გაფართოვდა 1868 წელს), რატუშა (1735). დასავლეთ გარეუბანშია ხადიჯის მეჩეთი (2007). პოლ ბერის ძეგლი (1889). პ. ლებლან-დიუვერნუას მუზეუმი (კერამიკის კოლექცია, გობელინები ბოვედან).[3]

ოსერიდან 7 კილომეტრით სამხრეთით, სოფელ ესკოლივ-სენტ-კამილში მდებარეობს ახ. წ. I–V საუკუნეების გალურ-რომაულ ნაგებობათა ნანგრევები (თერმები, ტაძარი, ვილა), მეროვინგული დროის სასაფლაოს ნაშთები, სენ-პიერის რომანული ეკლესია (XI–XII სს.), არქეოლოგიური მუზეუმი.[3]

ჰავა რედაქტირება

წლიური ამინდი — ოსერი (1981–2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
რეკორდ. მაღალი °F 62 73 80 86 90 100 103 106 96 88 73 65
საშუალო მაღალი °F 43 46 54 60 68 73 79 78 71 62 50 44
საშუალო დღიური °F 38 40 46 51 58 64 68 68 61 54 45 39
საშუალო დაბალი °F 33 34 38 42 49 54 58 57 52 47 39 35
ნალექი დუიმი 2.2 1.9 1.9 2.2 2.7 2.4 2.1 2.3 2.4 2.8 2.4 2.4
რეკორდ. მაღალი °C 16.8 23.0 26.6 29.8 32.1 37.7 39.6 41.1 35.3 31.3 22.8 18.4
საშუალო მაღალი °C 6.3 7.9 12.2 15.6 19.8 23.0 26.1 25.8 21.5 16.6 10.2 6.7
საშუალო დღიური °C 3.6 4.4 7.8 10.5 14.5 17.7 20.2 20.0 16.3 12.4 7.1 4.1
საშუალო დაბალი °C 0.8 0.9 3.3 5.3 9.2 12.3 14.4 14.1 11.0 8.2 4.0 1.6
ნალექი მმ 56.3 47.7 48.9 56.0 69.5 61.5 53.9 59.3 61.1 70.8 61.1 61.2
წყარო: მეტეოკლიმატი[4][5] 5 იანვარი, 2016
Source #2: Infoclimat.fr (ტენიანობა, 1961–1990)[6] 5 იანვარი, 2016

ეკონომიკა რედაქტირება

ეკონომიკის საფუძველია მომსახურების სფერო; დიდი მნიშვნელობა აქვს ტურისტულ ბიზნესს, კულტურულ, სპორტულ და სხვა მასობრივ ღონისძიებათა ორგანიზაციებს. გარეუბნებში მისდევენ მევენახეობას და მეღვინეობას (ოსერიდან 15 კილომეტრით აღმოსავლეთით არის ქალაქი შაბლი, საფრანგეთში თეთრი მშრალი ღვინის „შაბლის“ წარმოების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი).[3]

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

ოსერი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:

ლიტერატურა რედაქტირება

  • Louis R. Autessiodurum Christianum. P., 1952;
  • Pineaux D. Architecture civile et urbanisme à Auxerre (1800–1914). Auxerre, 1978;
  • Histoire d’Auxerre: des origines à nos jours. Roanne, 1984;
  • Auxerre. Documents d’evaluation du patrimoine archéologique des villes de France. Tours, 1998. № 16;
  • Sapin C. Peindre à Auxerre au Moyen Âge. IXe–XIVe siècles. Auxerre; P., 1999;
  • Les prémices de l’art roman en Bourgogne: d’Auxerre à Cluny... Auxerre, 1999;
  • Les gestes des évêques d’Auxerre. P., 2002–2009. Vol. 1–3;
  • Deflou-Leca N. Saint-Germain d’Auxerre et ses dépendances (Ve–XIIIe siècle). Saint-Etienne, 2010;
  • Saint-Etienne d’Auxerre: la seconde vie d’une cathédrale. P., 2011.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Populations légales 2017. INSEE. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2020.
  2. Annuaire de service-public.fr
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Филиппов И. С. ОСЕР // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 523.
  4. Moyennes 1981/2010: Région Bourgogne ფრანგული. Météoclimat. ციტირების თარიღი: 5 იანვარი, 2016.
  5. STATION Auxerre ფრანგული. Météoclimat. ციტირების თარიღი: 5 იანვარი, 2016.
  6. Normes et records 1961-1990: Auxerre (89) - altitude 207m ფრანგული. Infoclimat. ციტირების თარიღი: 5 იანვარი, 2016.
  7. British towns twinned with French towns. Archant Community Media Ltd. ციტირების თარიღი: 2013-07-11.