ორბელური
ორბელური, ორბელის ოჯალეში, ლეჩხუმის ოჯალეში — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საყურძნე ვაზის ჯიში რაჭიდან.
ვარაუდობენ, რომ ეს ჯიში ოდესღაც სამეგრელოდან გადმოუტანიათ და იმ სოფლის სახელი დაურქმევიათ, სადაც თავდაპირველად გაუვრცელებიათ. მას ორბელის ოჯალეშსა და ლეჩხუმის ოჯალეშსაც უწოდებენ. ამ ჯიშს სამეგრელოს ოჯალეშთან საერთო არაფერი აქვს.
ძირითადად მცირე ნარგაობის სახითაა ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ორბელი, ლაჯანა, უსახელო, ჩხუტელი და სხვა.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოდნავ ოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძალიან თხელ აბლაბუდისებრადაა დაფარული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ხშირად ფრთიანი, იშვიათად ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, საშუალოდ ან ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად მცირედ ოვალური, მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ოდნავ კნატუნაა, ხორციანი და წვნიანი.
ორბელური ძლიერი ზრდით გამოირჩევა, სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 163-168 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 80-90 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5-21.3%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.6-7.2 გ/ლ-ს.
ორბელური გამოიყენება მშრალი და ბუნებრივად ნახევრადტკბილი სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად, აგრეთვე საკუპაჟედ. ღვინო კარგად შეფერილია, მსუბუქი, საშუალოდ ექსტრაქტული, სასიამოვნო გემოთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 284