მთავარი მენიუს გახსნა

ოლღა ალექსანდრეს ასული ბახუტაშვილ-შულგინა (დ. 13 თებერვალი, 1879, ქუთაისი ― გ. 28 მაისი, 1950, თბილისი) — ქართველი მომღერალი (სოპრანო). საქართველოს სახალხო არტისტი (1941), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი (1921-იდან).

ბიოგრაფიარედაქტირება

ვოკალის ხელოვნებას ეუფლებოდა ე. რიადნოვთან. მისი დებიუტი შედგა თბილისის საოპერო სცენაზე (29 დეკემბერი, 1901). წლების მანძილზე მოღვაწეობდა მოსკოვში (1902-იდან), კიევში (1904–1906), ოდესაში (1906–1910), 1917–1927 წლებში კი კვლავ თბილისის საოპერო სცენაზეა. ბახუტაშვილ-შულგინა იყო ეთერისა (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“) და გულჩინას (არაყიშვილის „შოთა რუსთაველი“) პირველი შემსრულებელი. თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე შეასრულა სოპრანოს პარტია: ტატიანა , ლიზა, იოლანტა, მარია (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, "პიკის ქალი", "იოლანტა", "მაზეპა"), თამარი (რუბინშტეინის "დემონი"), აიდა (ვერდის "აიდა"), ბატერფლაი (პუჩინის "ჩიო-ჩიო-სანი") და მრავალი სხვა.

ბახუტაშვილ-შულგინა პირველი ქართველი მომღერალი ქალია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი პროფესორია ვოკალის დარგში. მისი მოწაფეები (ე. სოხაძე, ნ. ცომაია, პ. ამირანაშვილი, მ. ნაკაშიძე, გ. გოგიჩაძე, მ. ყვარელაშვილი, ლ. გოცირიძე, პ. თომაძე და სხვა) წარმატებით მოღვაწეობდნენ საოპერო თეატრებსა და ესტრადაზე. ავტორია სამეცნიერო-მეთოდური ხასიათის შრომებისა: "ვოკალური პედაგოგიკის ცდა. ბგერის დასაყენებლი საყოველთაო სავარჯიშოების კრებული", "კადენციები და მელიზმები" (1940), " ვოკალიზმები მაღალი ხმისათვის ქართულ ხალხურ თემებზე" (1942).

ლიტერატურარედაქტირება

  • გედევანიშვილი მ., ქსე, ტ. 2, გვ. 256, თბ., 1977
  • გედევანიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 256, თბ., 1977 წელი.