ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია

ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლოზის აღმოსავლეთით, მდინარე ათრევის მარჯვენა ნაპირზე.

ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (6,9 × 10,8 მ), თარიღდება X–XI საუკუნეებით. ნაგებია შირიმის ქვის თლილი კვადრებით. დაზიანებულია: ჩანგრეულია საბჯენი თაღები, კამარა, აფსიდის კონქი, დანგრეულია კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს — სამხრეთით (ნაშთი შემორჩენილია კედლის დასავლეთ ნაწილში) და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში (შედარებით მცირე ზომისაა, შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავიანი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. თაღში სინგურისფერ ფონზე ყავისფერი ხაზით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტია. სარკმლის ქვემოთ, კედლიდან მოცილებით დგას შირიმის ქვის სატრაპეზო. აფსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცირე სწორკუთხა სათავსებია, რომლებიც დიდი ზომის ბრტყელი ქვებითაა გადახურული. სათავსებში აღმოსავლეთით მცირე თაღოვანი სარკმლებია. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია განიერი, მარტივი კაპიტელით დასრულებული მხრებით, რომლებსაც ეყრდნობოდა სატრიუმფო თაღი. დარბაზის გრძივი კედლები წყვილი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის ცენტრში მუქი ღვინისფერი ფერით ჯვარია გამოსახული. ჩრდილო-აღმოსავლეთით, კუთხეში, შემორჩენილია თარო-ლავგარდნის ფრაგმენტი.

ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით მინაშენები (გარშემოსავლელი) აქვს. კედლები შემორჩენილია 0,5–0,7 მ სიმაღლეზე. დასავლეთ მინაშენის კედლები დაფარულია მიწით, სამხრეთისა ჩახერგილია ქვებით. ქვებში შერეულია შესასვლელის (სამხრეთით უნდა ყოფილიყო) თაღის ქვა, სარკმლის წირთხლის და საბჯენი თაღის ქვები, ბრტყელი კრამიტი. სამხრეთ მინაშენის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ბოლოში, მცირე ზომის სათავსია, რომლის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია ეკლესიის კედელში ჩადგმული კრონშტეინი. კრონშტეინს ეყრდნობოდა კამარის საბჯენი თაღი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.