ნესტან-დარეჯანი (ქართლის დედოფალი)

ნესტან-დარეჯანი, ნესტანჯარი,[1] (ჩანს 1556–1612) — ქართლის სამეფოს დედოფალი, სიმონ I-ის მეუღლე, კახთა მეფის ლევანის ქალიშვილი მეორე ქორწინებიდან. მის შესახებ ცნობები ძირითადად დაცულია ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში.

ბიოგრაფია რედაქტირება

ნესტან-დარეჯანი იყო კახთა მეფის ლევანისა და მისი მეორე ცოლის, შამხლის ასულის ქალიშვილი. საბუთებში პირველად 1556 წელს იხსენიება.[1] 1559 წელს დაქორწინდა ქართლის მეფე სიმონ I-ზე. ეს იყო ერთ-ერთი პირველი დინასტიური ქორწინება ქართლისა და კახეთის ბაგრატიონებს შორის და პოლიტიკური მიზანი ჰქონდა. ორი მეფის დამოყვრებას უნდა მოჰყოლოდა ლევანის გამოსვლა სიმონის მხარეზე თბილისში გამაგრებული ყიზილბაშების წინააღმდეგ. კახთა მეფემ საბოლოოდ ლაშქრობისგან თავი შეიკავა, თუმცა ნება დართო თავის ვაჟს, გიორგი ბატონიშვილს სიმონს ჯარით დახმარებოდა. ქართლ-კახელთა ეს წამოწყება უშედეგოდ დასრულდა და გიორგი 1561 წელს ძეგვთან ბრძოლაში დაიღუპა. 1569 წელს ფარცხისთან ყიზილბაშებმა სიმონ მეფე ტყვედ ჩაიგდეს და ალამუთის ციხეში გამოკეტეს. შაჰმა ტახტი სიმონის გამაჰმადიანებულ ძმასა და მეტოქეს, დაუთ-ხანს მისცა. ქართლში დარჩენილი ნესტან-დარეჯანი მტრულ გარემოცვაში აღმოჩნდა: მას ავიწროებდნენ როგორც დაუთ-ხანი, ისე საკუთარი ნახევარ-ძმა, კახთა მეფე ალექსანდრე II, რომელსაც თავის დროზე ტახტის მოპოვება ნესტან-დარეჯანის ძმებთან — ელმირზასთან და ხოსროსთან ბრძოლით მოუწია. ალექსანდრეს სიმამრი, თავადი ბარძიმ ამილახვარი და ქსნის ერისთავი თავს დაესხნენ დედოფალს კავთისხევში და მისი ქონება დაიტაცეს. ვახუშტის მიხედვით, ამის შემდეგ ქართლში გავრცელებული ყოფილა თქმა: „ვაი სვიმონ მეფისა საქონელსაო“.[2]

1578 წელს ქართლში მუსტაფა ლალა-ფაშას სარდლობით ოსმალები შეიჭრნენ. დაუთ-ხანი თბილისიდან გაიქცა. სპარსეთის შაჰი მუჰამად ხუდაბანდა იძულებული გახდა სიმონი გაეთავისუფლებინა, რათა მისი ავტორიტეტი და შესაძლებლობები ოსმალებთან დაპირისპირებაში გამოეყენებინა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე სიმონი სათავეში ჩაუდგა გამათავისუფლებელ ბრძოლას. ამასთანავე მან შეიპყრო შინაური მტრები, მათ შორის, ბარძიმ ამილახვარი. ამილახვარმა და ქსნის ერისთავმა შეწყალება ითხოვეს, რაზეც სიმონ მეფე ნესტან-დარეჯანის თხოვნით და მათი სათავადოების ტერიტორიის შეკვეცის პირობით დათანხმდა.

ამასობაში, ალექსანდრე კახთა მეფე კვლავ განაგრძობდა სიმონისა და ნესტან-დარეჯანის მტრობას. 1580 წელს ის მოულოდნელად თავს დაესხა დიღომში ჯარის გარეშე მდგომ სიმონს, რომელმაც გაქცევით უშველა თავს. ალექსანდრემ ნესტან-დარეჯანი დაატყვევა და, ვახუშტის ცნობით, „იავარჰყო დედოფალი დაჲ თჳსი და ნიფხავი მისი ააცუა შუბსა ზედა და წარვიდა: იკადრა უკადრო, არა ჯერ საყოფი, ვითარცა ავაზაკმან“.[3] გაუგონარი შეურაცხყოფით განრისხებულმა სიმონმა სასწრაფოდ იძია შური: ჭოტორთან შეება ალექსანდრეს, დაამარცხა იგი და კახი დიდებულები ტყვედ წამოიყვანა. სიმონის მღელვარე მეფობა 1600 წელს ოსმალთა მიერ მისი შეპყრობით დასრულდა. ქართლის ტახტზე მისი ვაჟი გიორგი X ავიდა. ნესტან-დარეჯანი მოესწრო მისი შვილისა და მეუღლის სიკვდილს. 1611 წელს დედოფალმა ტყვეობაში გარდაცვლილი სიმონის ნეშტი, რომელიც ვაჭარმა დიაკვნიშვილმა სტამბულიდან ჩამოასვენა, სვეტიცხოველში დაკრძალა. ნესტან-დარეჯანის სახელით გაცემული უკანასკნელი საბუთი 1612 წლით თარიღდება.[1] ამის შემდეგ ნესტან-დარეჯანის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართლის ცხოვრება : ბატონიშვილი ვახუშტი – აღწერა სამეფოსა საქართველოსა / ტომი IV / რედაქტორი: სიმონ ყაუხჩიშვილი ; საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი. თბილისი : საბჭოთა საქართველო , 1973.
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით : ტომი III / თბილისი : არტანუჯი, 2004. ISBN 99940-11-79-0.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. III, გვ. 287-288.
  2. ვახუშტი, გვ. 409 (ელ. ვერსია).
  3. ვახუშტი, გვ. 412 (ელ. ვერსია).