ნესოსი (ბერძნ. Nesos — კუნძული) — ისტორიული გამაგრებული პუნქტი ეგრისის სამეფოში. ნესოსს მოიხსენიებს აგათია სქოლასტიკოსი 552–556 წლების ეგრისის დიდი ომის აღწერის დროს. ნესოსი ხელოვნურ კუნძულს წარმოადგენდა. აქ იყო ბიზანტიის ჯარების ერთ-ერთი მთავარი ბანაკი. 555 წელს ნახორაგანმა 60 ათასი მეომრით შეუტია ნესოსს, სადაც გამაგრებული იყვნენ ბიზანტიელი სარდლები მარტინე და იუსტინე. 556 წელს აქედან გაიგზავნა ბიზანტიის ჯარი როდოპოლისის ასაღებად.

მდებარეობა რედაქტირება

ნესოსი 25–27 კილომეტრით იყო დაცილებული ტელეფისის ციხეს და მდებარეობდა იქ სადაც მდინარე ტეხური ერთვის მდინარე რიონს. სიმონ ყაუხჩიშვილის მოსაზრებით ნესოსი მდებარეობდა ახლანდელ სოფელ ისულას, რომელიც მდინარეების აბაშისა და ტეხურის შესართავში მდებარეობს, სამხრეთით, რიონისკენ. ყაუხჩიშვილი იშველიებს ისულასა და რიონს შორის დაფიქსირებულ ტოპონიმებს ნაოჩუ, ნადოხორი (დოხორი — სასახლე) და ნაოხვამი (ოხვამე — სალოცავი). ამ მიდამოებში ციხე-სიმაგრის კვალი არ ჩანს. ციხეს არც აგათია სქოლასტიკოსი იხსენიებს. ნესოსის მნიშვნელობას მისი კუნძულისებური და მიუდგომელი მდებარეობა განაპირობებდა. ამჟამად ძველი ნესოსის მიდამოები დაუსახლებელია; ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა მას კოდორეს ეძახის.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჩანეიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 396.
  • უჩანეიშვილი დ., ნესოსის ადგილმდებარეობის შესახებ // საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. 75, №3, 1967.
  • ყაუხჩიშვილი, ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1936. — გვ. 316-317.