ნეიროფილოსოფია ან ნეირომეცნიერების ფილოსოფია — ნეირომეცნიერებისა და ფილოსოფიის ინტერდისციპლინარული კვლევა, რომელიც შეისწავლის თუ რა მნიშვნელობის მატარებელი შეიძლება იყოს ნეირომეცნიერული კვლევები ისეთი ფილოსოფიური არგუმენეტების თვალსაზრისით, რომლებსაც, როგორც წესი, გონის ფილოსოფია იკვლევდა. ნეირომეცნიერების ფილოსოფია ცდილობს გამოიკვლიოს ნეირომეცნიერული კვლევების მეთოდები და შედეგები მეცნიერების ფილოსოფიის მკაცრი კონცეპტუალური მეთოდების გამოყენებით.

ქვემოთ ჩამოთვლილია ნეირომეცნიერების ფილოსოფიის კვლევის მნიშვნელოვანი სპეციფიკური საკითხები:

  • გონებისა და ტვინის შესახებ კვლევების არაპირდაპირი ხასიათი[1]
  • ტვინის პროცესინგის გამოანგარიშებადი ან რეპრეზენტაციული ანალიზი[2]
  • ფსიქოლოგიურ და ნეირომეცნიერულ კვლევებს შორის კავშირი[3]
  • გონების მოდულარობა[2]
  • რას წარმოადგენს ნეირომეცნიერულად ადეკვატური ახსნა-განმარტება?[4]
  • კოგნიტური ფუნქციის ლოკაცია[5]

გონებისა და ტვინის შესახებ კვლევების არაპირდაპირი ხასიათი რედაქტირება

ნეირომეცნიერული აღმოჩენებისთვის ცენტრალური მეთოდებისა და ტექნიკების უმრავლესობა ისეთ დაშვებებს ეყრდნობა, რომლებმაც შეიძლება შეზღუდონ მონაცემების ინტერპრეტაცია. ნეირომეცნიერების ფილოსოფოსები განიხილავენ ასეთ დაშვებებს ფუნქციური მაგნიტურ–რეზონანსული დიაგნოსტიკის გამოყენებისას კოგნიტურ ნეიროფსიქოლოგიაში დისოციაციასთან, ცალკეული ერთეულების ჩანაწერებსა და გამოანგარიშებად ნეირომეცნიერებასთან მიმართებით. ქვემოთ აღწერილია თანამედროვე დაპირისპირებები და დებატები ნეირომეცნიერებაში გამოყენებული მეთოდების შესახებ.

fMRI (ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსური დიაგნოსტიკა) რედაქტირება

ბევრი fMRI კვლევა ეყრდნობა დაშვებას ფუნქციის ლოკალიზაციის, ანუ ფუნქციური სპეციალიზაციის შესახებ. ფუნქციის ლოკალიზაცია ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა კოგნიტური ფუნქცია ლოკაცლიზებულია ტვინის სხვადასხვა რეგიონში. ფუნქციური ლოკალიზაციის კარგი მაგალითია მოტორული კორტექსის (თავის ტვინის ქერქის მამოძრავებელი ზონის) შესახებ კვლევები. როგორც ჩანს, მოტორულ კორტექსში უჯრედთა სხვადასხვა ჯგუფებია პასუხისმგებელი კუნთების სხვადასხვა ჯგუფების კონტროლზე. ბევრი ნეირომცნიერების ფილოსოფოსი აკრიტიკებს fMRI-ს სწორედ ამ დაშვებაზე ზედმეტად დაყრდნობისთვის. მაიკლ ანდერსონი ხაზს უსვამს იმას, რომ სუბტრაქციულ fMRI -ს გამორჩება ტვინში კოგნიტური პროცესების შესახებ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სუბტრაქციული fMRI აჩვენებს განსხვავებებს ამოცანის უბნის აქტივაციასა და კონტროლის უბნის აქტივაციას შორის, მაგრამ, როგორც წესი, კონტროლის უბნის გააქტიურება, ცხადაია, ამოცანის უბანზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ზოგიერთი ფილოსოფოსი მთლიანად უარყოფს ფუნქციური ლოკალიზაციის ცნებას და აქედან გამომდინარე მათ მიაჩნიათ, რომ fMRI კვლევები უკიდურესად მცდარია. ამ ფილოსოფოსების მიხედვით, ტვინი ერთიანად, ჰოლისტურად მუშაობს და მისი ვრცელი ნაწილები ჩართულია კოგნიტური ამოცანების უმეტესობის შესრულებაში. იმის უკეთ გაგებაში, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ისინი ფუნქციური ლოკალიზაციის იდეას, დაგვეხმარება რადიოს ხელოსნის შესახებ თეორიული ექსპერიმენტი: წარმოვიდგინოთ, რომ რადიოს ხელოსანი ხსნის რადიოს და ამოგლეჯს მავთულს. რადიო იწყებს ხმამღლა შიშინს და ხელოსანი აცხადებს, რომ მას ალბათ შიშინის საწინააღმდეგო მავთული ამოუგლიჯავს. მაგრამ რადიოში რეალურად არ არის შიშინის საწინააღმდეგო მავთული და ცხადია, რომ ხელოსანს ერთმანეთში ერევა ფუნქცია და შედეგი. ეს კრიტიკა თავდაპირველად მიმართული იყო ტვინის ნეიროფსიქოლოგიური დაზიანების ექსპერიმენეტებში გამოყენებული ლოგიკის წინააღმდეგ, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია ნეიროვიზუალიზაციასთან მიმართებაშიც. ეს დაკვირვება ჰგავს ვანორდენისა და პააპის ნეიროვიზუალიზაციის ლოგიკის წრიულობის კრიტიკას. ამ კრიტიკის მიხედვით, ნეიროვიზუალიზაციის თეორია ეყრდნობა დაშვებას, რომ კოგნიტური კომპონენტების დანაწევრება სწორი მიდგომაა და რომ ეს კომპონენტები ზუსტად იყოფა მოდულებად. ეს დაშვება აუცილებელია ტვინის ლოკალიზაციის დასკვნის გასამართლებლად. კრიტიკის მიხედვით, ეს ლოგიკა წრიულია მაშინ, როდესაც მკვლევარები იყენებენ ტვინის კონკრეტული რეგიონის აქტივირებას, როგორც მათი კოგნიტური თეორიების მართებულობის სისწორეს.

fMRI კვლევებთან მიმართებაში არსებული მეორე პრობლემატური მეთოდოლოგიური დაშვებაა რევერსიული დასკვნის (უკუსვლით მოქმედებით დასკვნის) გამოტანა (reverse inference). უკუსვლით დასკვნის გამოტანა ხდება მაშინ, როდესაც ტვინის კონკრეტული რეგიონის აქტივაცია გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტული კოგნიტური პროცესის არსებობა დამტკიცდეს. პოლდრაკი აღნიშნავს, რომ ამ დასკვნის სიძლიერე დამოკიდებულია იმის ალბათობაზე, რომ კონკრეტული ამოცანისთვის საჭიროა ეს კონკრეტული კოგნიტური პროცესი, და ასევე იმის ალბათობაზე, რომ კონკრეტული ტვინის აქტივობის პატერნი გამოხატავს კონკრეტულ კოგნიტურ პროცესს. სხვა სიტყვებით, რევერსიული დასკვნის სიძლიერე დამოკიდებულია როგორც კონკრეტუილი ამოცანის სელექციურობაზე, ასევე ტვინის რეგიონის აქტივაციის სელექციურობაზე. 2011 წელს ნიუ-იორკ თაიმსში გამოქვეყნებული სტატია უკიდურესად გააკრიტიკეს სწორედ რევერსიული დასკვნების არასწორად გამოყენებისთვის. კვლევაში მონაწილეებს აჩვენებდნენ მათი აიფონების ფოტოებს და მკვლევარები ზომავდნენ ტვინის ცენტრალური წილის (insula) აქტივობას, რომელსაც მიიჩნევდნენ სიყვარულის შეგრძნებების დამადასტურებელ საბუთად და გამოჰქონდათ დასკვნა, რომ ადამიანებს უყვარდათ მათი აიფონები. კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს, რომ ტვინის ცენტრალური წილი თავის ტვინის ქერქის არც ისე სელექტიური ნაწილია, შესაბამისად ის ვერ დაექვემდებარება რევერსიულ დასკვნას.

ნეიროფსიქოლოგმა მაქს კოჰარტმა რევერსიული დასკვენის შესახებ დისკუსია ერთი ნაბიჯით წინ წაწია და გამოიწვია ნეიროვიზუალიზაციის თეორეტიკოსები, მოეყვანათ მაგალითი, როდესაც ნეიროვიზუალიზაციამ რაიმე შემატა ფსიქოლოგიურ თეორიებს. კოლჰარტი ამის დამტკიცებისთვის საჭიროდ თვლის ისეთი მაგალითის მოყვანას, როდესაც ნეიროვიზუალიზაციის მონაცემები შესაბამისობაში იქნება ერთ კონკრეტულ თეორიასთან მაგრამ ამავდროულად შეუსაბამო იქნება მეორე თეორიასთან. როსკიე ამბობს, რომ კოლჰარტის ულტრაკოგნიტური პოზიცია მისი გამოწვევის მოგებას შეუძლებელს ხდის, რადგან კოლჰარტის მიხედვით, კოგნიტური მდგომარეობა თვითონ მის ფუნქციაზე არაფერს ამბობს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი გამოდის ნეიროვიზუალიზაციის მონაცემებმა რაიმე გავლენა მოახდინონ ფსიქოლოგიურ თეორიებზე იმ ფორმით, როგორც კოლჰარტი ამას ითხოვს. ისინი ყოველთვის ჩამოქვეითებული იქნება კოგნიტური მდგომარეობის განხორციელების დონემდე და შეუძლებელია განისაზღვროს ესა თუ ის კოგნიტური თეორია, რომელიც მას ახსნის. 2006 წელს დაწერილ სტატიაში რიჩარდ ჰენსონს ახალი წინადადება შემოაქვს, რომ რევერსიული, ანუ უკუსვლის გზით დასკვნის მაგივრად, პირდაპირი დასკვნები შეიძლება იქნას გამოყენებული ფუნქციების დისოციაციის შესახებ ფსიქოლოგიურ დონეზე დასკვნების გამოსატანად. მისი თქმით, ასეთი დასკვნები შეიძლება გაკეთდეს მაშინ, როდესაც ტვინის ორი რეგიონი ერთდროულად აქტიურდება ორი ტიპის ამოცანებისთვის, ხოლო საერთო კონტროლის რეგიონში ცვლილება არ არის.

ბოლო ვარაუდი ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ვახსენოთ არის FMRI-ის პირდაპირი ჩასმა. ამ დაშვების მიხედვით, კონკრეტული კოგნიტური პროცესი შეიძლება ჩაისვას სხვა კოგნიტური პროცესების კომპლექტში ისე, რომ მათ ფუნქციონირებაზე გავლენა არ მოახდინოს. მაგალითად, თუ თქვენ გინდათ იპოვოთ წაკითხულის აღქმის უნარის შესაბამისი რეგიონი ტვინში, თქვენ შეგიძლიათ ტომოგრამა გადაუღოთ მონაწილეებს, როდესაც მათ წარმოუდგენთ შინაარსიან სიტყვას, ან უშინაარსო ასოებს (მაგ. ფდჯლ). თუ თქვენ გამოიტანთ დასკვნას, რომ განსხვავებები ტვინის აქტივობის შედეგებში ასახავს ტვინის იმ რეგიონებს, რომლებიც წაკითხულის აღქმის პროცესშია ჩართული, თქვენ დაეყრდნობით დაშვებას, რომ ეს განსხვავებები არ ასახავს ამოცანის სირთულეებს შორის განსხვავებებს. პირდაპირი ჩასმის მეთოდი დონდერსის ტერმინია, რომლითაც მან გააკრიტიკა რეაქციის დროის გაზომვის მეთოდი.

ახლახან მკვლევარებმა ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსური დიაგნოსტიკის ახალი ტექნიკის - დასვენების მდგომარეობის ფუნქციური კავშირის მაგნიტურ-რეზონანსური დიაგნოსტიკის გამოყენება დაიწყეს - ტომოგრამის გადაღება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი უმოქმედოდ იმყოფება აპარატში. ტვინის ბუნებრივ აქტივობაზე დაკვირვებით მაშინ, როდესაც ადამიანი ისვენებს, მკვლევარებს შეუძლიათ დაინახონ, თუ ტვინის რომელი რეგიონები არიან ერთდროულად გააქტიურებულები და რომლები ეცვლებიან ერთმანეთს, რის მიხედვითაც მათ შეუძლიათ ფუნქციურად დაკავშირებული ტვინის რეგიონების ასახვა. ეს კარგი მეთოდია ტვინში ვრცელი კავშირების შესასწავლად, თუმცა მონაცემები პირდაპირ მხოლოდ ერთდროულად გააქტიურებაზე ან ერთმანეთის ჩანაცვლებაზე მეტყველებს და არა ფუნქციურ კავშირზე. მეთოდოლოგიურადაც სხვადასხვა პრობლემებიც იქმნება. მაგალითად, ზუსტად როგორ დავყოთ ტვინი სხვადასხვა რეგიონებად ან რომელი მათემატიკური ტექნიკები გამოვიყენოთ ამ რეგიონების დასახასიათებლად.

დისოციაცია კოგნიტურ ნეიროფსიქოლოგიაში რედაქტირება

კოგნიტური ნეიროფსიქოლოგია შეისწავლის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებს და სელექტიური გაუარესების ინფორმაციას იყენებს მისი საფუძველმდებარე კოგნიტური სტრუქტურების შესახებ დასკვნების გასაკეთებლად. კოგნიტურ ფუნქციებს შორის დისოციაცია ამავე ფუნქციების ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოქმედების გამოხატულებაა. თუმცა თეორეტიკოსების მიხედვით, ამ დასკვნების გასაკეთებლად აუცილებელია შემდეგი დაშვებების გაკეთება: 1) ფუნქციონალური მოდულარობა - გონება შედგება ფუნქციურად განსხვავებული კოგნიტური მოდულებისგან. 2) ანატომიური მოდულარობა - ტვინი შედგება ფუნქციურად განსხვავებული მოდულებისგან - ეს დაშვება ძალიან ჰგავს ფუნქციური ლოკალიზაციის შესახებ დაშვებას და ორივე განსხვავდება ფუნქციონალური მოდულარობის დაშვებისგან, რადგან შესაძლებელია განსხვავებული კოგნიტური მოდულების არსებობა, რომლებიც ტვინის გაფანტული აქტივირებით რეალიზდება. 3) უნივერსალურობა - ფუნქციონალური და ანატომიური მოდულარობა დამახასიათებელია ყველა ნორმალური ადამიანისთვის. ეს დაშვება აუცილებელია, თუ ფუნქციური ორგანიზების შესახებ დისოციაციიდან გამომდინარე რაიმე ისეთი დასკვნის გაკეთება გვინდა, რომელიც განზოგადდება კონკრეტული მაგალითიდან მთელ საზოგადოებაზე. 4) გამჭვირვალობა / სუბტრაქციულობა - ტვინი ტრავმის შემდეგ არსებითად არ რეორგანიზდება, და ერთი ფუნქციური მოდულის ამოღება შესაძლებელია ისე, რომ მნიშვნელოვნად არ დაზიანდეს მთლიანი სტრუქტურა. ეს აუცილებელი დაშვებაა იმისთვის, რომ გამართლდეს ტვინის ტრავმის მქონე პაციენტების გამოყენება ჯანმრთელი ადამიანის კოგნიტური სისტემის შესახებ დასკვენის გაკეთებისთვის.

კოგნიტურ ფსიქოლოგიაში სამი ძირითადი ტიპის მტკიცებულება არსებობს: ასოციაცია, ცალკეული დისოციაცია და ორმაგი დისოციაცია. ასოციაციიდან გამომდინარე დასკვნების მიხედვით, რაღაც ტიპის ნაკლოვანებები დიდი ალბათობით ერთდროულად ხდება. მაგალითად, ტვინის დაზიანების შემდეგ ხშირად ერთდროულად ჩნდება პრობლემები როგორც აბსტრაქტული, ისე კონკრეტული სიტყვების გაგების უნარის მხრივ. ასოციაციის კვლევები ყველაზე სუსტი ტიპის მტკიცებულებად მიიჩნევა, რადგან შედეგები შეიძლება გამოწვეული იყოს გვერდიგვერდ მყოფი რეგიონების დაზიანებით და არა ერთი კოგნიტური სისტემის დაზიანებით.

ცალკეული დისოციაციის დასკვნების მიხედვით, ტვინის დაზიანების შედეგად ერთი კოგნიტური უნარი შეიძლება გადარჩეს, ხოლო მეორე დაზიანდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ან სხვადასხვა ეს სხვადასხვა უნარები სხვადასხვა კოგნიტურ სისტემას იყენებენ, ან ისინი ერთსა და იმავე სისტემას იყენებენ მაგრამ დაზიანებული ნაწილი გადარჩენილის ქვემოთ არის, ან რომ გადარჩენილი უნარი დაზიანებულზე ნაკლებ კოგნიტურ რესურსს საჭიროებს.

კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიის „ოქროს სტანდარტი“ ორმაგი დისოციაციაა. ორმაგი დისოციაცია ხდება მაშინ, როდესაც ტვინის დაზიანება აზიანებს A უნარს და არ აზიანებს B უნარს ერთ პაციენტში, მაგრამ მეორე პაციენტში პირიქით - აზიანებს B უნარს და არ აზიანებს A უნარს. მიჩნეულია, რომ ასეთი ორმაგი დისოციაციის ერთი შემთხვევა სხვადასხვა ცალკეული კოგნიტური მოდულების არსებობის საკმარისი მტკიცებულებაა.

თუმცა მრავალი თეორეტიკოსი აკრიტიკებს კოგნიტურ ნეიროფსიქოლოგიას სწორედ იმის გამო, რომ ის ზედმეტად ეყრდნობა ორმაგ დისოციაციას. მათი თქმით, ორმაგი დისოციაციისთვის დამახასიათებელი ქცევითი პატერნები შეიძლება ერთი მოდულის შიგნით მომხდარმა შემთხვევითმა დაზიანებებმაც გამოიწვიოს და ორმაგი დისოციაციის ერთი მაგალითი არ არის საკმარისი მტკიცებულება მრავალი მოდულის არსებობისა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bechtel, Mandik & Mundale 2001, p. 15.
  2. 2.0 2.1 Bechtel, Mandik & Mundale 2001, pp. 15–16, 18–19.
  3. Bechtel, Mandik & Mundale 2001, p. 16.
  4. Craver, "Explaining the Brain: Mechanisms and Mosaic Unity of Neuroscience" 2007, Oxford University Press, citation: preface vii
  5. Bickle, John, Mandik, Peter and Landreth, Anthony, "The Philosophy of Neuroscience", The Stanford Encyclopedia of Philosophy (Summer 2010 Edition), Edward N. Zalta (ed.), URL = <http://plato.stanford.edu/archives/sum2010/entries/neuroscience/


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.