ნაბადი, მოთელილი მატყლისაგან დამზადებული წინ გახსნილი მთლიანი წამოსასხამი. XIX საუკუნის ქართველების და სხვა კავკასიელ ხალხთა ეროვნული კოსტიუმის ელემენტი, აქვს მთლიანი ზურგი და კალთები, ღრმად ამოღებული ყელი და განიერი მხრები, დანიშნულების მიხედვით მზადდება მოკლე ან გრძელი, მსუბუქი ან მძიმე, დაბალი ან მაღალხაოიანი. XIX საუკუნეში საუკეთესო ნაბადის წარმოებით განთქმული იყო ჩრდილოეთ კავკასია, ყაბარდო-ჩერქეზეთი, დაღესტნის მთიანეთი და ოსეთი, ამიერკავკასიაშისაქართველო (იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი და დუშეთის კუთხე). ნაბადის წარმოების ქართული ხალხური ტრადიციები ბოლოდრომდე კარგად იყო შემონახული შინამრეწველობაში. მაგალითად, სოფელი ჯვარის (სამეგრელო) ერთ-ერთ უბანში, ჩქვალერში, ქალები ოჯახებში თარგის მიხედვით საუკეთესო გრძელბეწვიან მთლიან ნაბადებს თელავდნენ. ამ შრომატევად სამუშაოში შედიოდა მატყლის რეცხვა, ჩეჩვა „გაწვერგულება“, შეთელვა და სხვა. XIX საუკუნეში ნაბადი ჩოხა-ახალუხთან ერთად ფართოდ გავრცელდა ყუბანისა და თერგის კაზაკობაში როგორც სამხედრო ამუნიციის ნაწილი, რომელმაც ხელი შეუწყო ქართულ-კავკასიური წარმოების ნაბადზე მოთხოვნილების ზრდას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგიჩაიშვილი ფ., ხელოსნობა საქართველოში, თბ., 1976;
  • გუგუშვილი პ., შინამრეწველობის საქართველოსა და ამიერკავკასიაში 1801-1920 წწ., «ეკონომიკის ინსტიტუტის შრომები», 1950, ტ. 4;
  • კოსვეინი მ. ო., პირველყოფილი კულტურის ისტორიის ნარკვევები, თბ., 1971;
  • ლამბერტია ა., სამეგრელოს აღწერა, გამოც. მე-2, თბ., 1938;
  • ჩაჩაშვილი გ., ქართლელი გლეხი მამაკაცის კოსტიუმი XIX საუკუნისა, «ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1957, ტ. 19A და 21B;
  • ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, თბ., 1984;
  • ქსე, ტ. 7, გვ. 279-280, თბ., 1980