მუცოს კოშკიანი ციხე-სახლი

მუცოს კოშკიანი ციხე-სახლი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუცოში, ქვედა, მ

მუცოს კოშკიანი ციხე-სახლიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუცოში, ქვედა, მესამე ტერასის ცენტრალურ ნაწილში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკისა და ციხე-სახლის სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. კოშკი (3,8 x 3,8 მეტრი) ოთხსართულიანია (სიმაღლე 12,8 მეტრი), შესასვლელი პირველ სართულზეა, სამხრეთით, მიწიდან 2,5 მეტრ სიმაღლეზე. კარი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული და წირთხლებში საურდულე ხვრელები აქვს. დასავლეთით მოგვიანებით გაჭრილია გასასვლელი, რომელიც კოშკს ციხე-სახლის მეორე სართულთან აკავშირებს. ჩრდილო კედელში ორი სათოფური, აღმოსავლეთისაში - ერთი. მეორე სართულის სამხრეთ კედელში დიდი ზომის, ნახევარწრიული თაღით დასრულებული, ხოლო ჩრდილო და დასავლეთ კედლებში - თითო სათოფური. მესამე სართულზე სამხრეთით, აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით თითო სარკმელია. მეოთხე სართულზე, ოთხივე მხარეს, დიდი ზომის ოთხკუთხა ღიობებია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო გამართული. პირველი სამი სართული ოჯახის წევრთა თავშესაფარიც იყო და სათავდაცვოც. მეოთხე სართული - მხოლოდ სათავდაცვო. კოშკს მიწურბანიანი სახურავი ჰქონდა. ციხე-სახლი (6,4 x 6,25 მეტრი) სამსართულიანია. შესასვლელი პირველ სართულზეა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. კარი გადახურულია ნახევარწრიული თაღით, წირთხლებში საურდულე ხვრელებია. დასავლეთით ერთი თაღოვანი სარკმელია. მეორე სართულს სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთი თაღოვანი სარკმელი და ორი სათოფური აქვს. აღმოსავლეთით გაჭრილი კარი კოშკის მეორე სართულზე გადის. ჩრდილოეთით ორი ნიშია, დასავლეთით - თაღოვანი სარკმელი და სწორკუთხა ნიში. მესამე სართულზე ჩრდილო-აღმოსავლეთით თაღოვანი კარი და ერთი პატარა ნიშია, სამხრეთ-აღმოსავლეთით სათოფური და ნიში, დასავლეთით - თაღოვანი სარკმელი და ნიში. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭების ბუდეები. სახურავი მიწურბანიანი ყოფილა. პირველი სართული საქონლის სადგომი იყო, მეორე - საცხოვრებელი, მესამე - სათავდაცვო.

ლიტერატურა

რედაქტირება