მრავალფარფლასნაირნი (ლათ. Polypteriformes) — თევზების რიგი ხრტილიანი განოიდების ქვეკლასისა. ცნობილია ადრეული ცარცული პერიოდის ნამარხებიდან.[1] დაფარული არიან განოიდური ქერცლით. ზურგის ფარფლი წარმოდგენილია 5–18 მცირე ზომის ფარფლით, რომლებიც შედგებიან ერთი ეკლისგან და მასზე მიმაგრებული რბილი სხივებისგან. ზედა ყბა მტკიცედაა ქალაზე მიბმული. ნაწლავებში სპირალური სარქველია. სასუნთქად ნაწილობრივ ფილტვებს იყენებენ. მალები გაძვალებული ცენტრებით და ნერვული არხებითაა. სახეობების მაქსიმალური სიგრძე 90 სმ-მდეა, თუმცა უმრავლესობა 30 სმ-ზე მოკლეა. რიგი მოიცავს ერთადერთ ოჯახს — მრავალფარფლასებრნი (Polypteridae).[2]