მოძღვართ-მოძღვარიგელათის აკადემიის რექტორი[1]. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, იგი ძალიან პატივსაცემი პიროვნება იყო და განსაკუთრებით საპატიო ადგილი ეკავა სახელმწიფოში. იგი ეკლესიის ოთხ უმაღლეს იერარქს შორის პირველი იყო: „ამ ოთხთაგან (იგულისხმებიან მოძღვართ-მოძღვარი, ორი კათალიკოსი და მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი[2]) ერთი საჯდომი მარჯვენით (იგულისხმება მეფის მარჯვნივ[3]) დაუწერია მოძღვართ მოძღვარსა“. „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ ჩანს, მოძღვართ-მოძღვარი მეფისთვის ძლიერ საპატიო პიროვნება იყო. მიღების დროს პირველად მოძღვართ-მოძღვარს იწვევდნენ მეფესთან და მეფეც ყველაზე დიდი პატივით იღებდა მას.

„ხელმწიფის კარის გარიგებაში“ არაფერი არ არის ნათქვამი მოძღვართ-მოძღვარის ფუნქციების შესახებ. ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდით, იგი გელათის აკადემიის რექტორი უნდა ყოფილიყო. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, მოძღვართ-მოძღვარს განსაკუთრებული ადგილი ეკავა სამონასტრო ცხოვრებაში, როგორც მეცნიერ ბერს, რომელსაც ჰყავდა საკუთარი მოწაფეები და რომელთანაც სხვადასხვა მხრიდან მიდიოდნენ ხოლმე სასწავლებლად[4]. ივ. ჯავახიშვილი ასევე ამბობს, რომ მოძღვართ-მოძღვარი მოძღვრების უფროსი უნდა ყოფილიყო[5].

მოძღვრები საქართველოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ და, შესაბამისად, მათი უფროსი უფრო მეტად პატივსაცემი იქნებოდა.

მოძღვართ-მოძღვარი არ იყო სახელმწიფო ან საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული რომელიმე მოხელე. იგი სწავლულ ბერად ითვლებოდა. მისი სახელი — მოძღვართ-მოძღვარი — მეცნიერული წოდების აღმნიშვნელი უფრო იქნებოდა, ვიდე თანამდებობისა. მისი ავტორიტეტი და მნიშვნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ მას ჰყავდა საკუთარი მოწაფეები და ჰქონდა საკუთარი სკოლა[6].

ლიტერატურარედაქტირება

  • ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბ. 2003.

სქოლიორედაქტირება

  1. „ხელმწიფის კარის გარიგება“, ექ. თაყაიშვილის რედ., წინასიტყვაობა, გვ. XXXII
  2. ივ. სურგულაძე
  3. ივ. სურგულაძე
  4. ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, წ.II , ნ.II , 1929. გვ. 55
  5. ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, წ.II , ნ.II , 1929. გვ. 56
  6. ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბ. 2003, გვ. 258.