მია მოტლი (ინგლ. Mia Mottley; დ. 1 ოქტომბერი, 1965, ბარბადოსი) — ბარბადოსელი პოლიტიკოსი, ბარბადოსის პრემიერ-მინისტრი 2018 წლიდან და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 2008 წლიდან. ბარბადოსის მერვე პრემიერ-მინისტრი და პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე. იგი არის ასევე ბარბადოსის პირველი პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკის გამოცხადებისა და კონსტიტუციური მონარქიის გაუქმების შემდეგ.

მია მოტლი
მია მოტლი
ბარბადოსის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა25 მაისი, 2018
პრეზიდენტი  სანდრა მეისონი (2021-დან)
მონარქი  ელისაბედ II (2021-მდე)
წინამორბედიფრეინდელ სტიუარტი

დაბადებული1 ოქტომბერი, 1965 (1965-10-01) (57 წლის)
ბარბადოსი
პოლიტიკური პარტიაბარბადოსის ლეიბორისტული პარტია
განათლებალონდონის ეკონომიკის სკოლა

მია მოტლი არის პარლამენტის წევრი 1994 წლიდან და წარმოადგენს სენტ-მიშელის ოლქს. 1994-2008 წლებში იგი მინისტრთა რამდენიმე პორტფელს ფლობდა. იყო განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და კულტურის მინისტრი ოუენ არტურის მთავრობაში და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ბარბადოსის ისტორიაში. 2001 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად და გენერალურ პროკურორად და გახდა ბარბადოსში პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე. 2006 წელს დაინიშნა ეკონომიკისა და განვითარების მინისტრად და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2008 წლამდე. იგი ასევე არის ინტერამერიკული დიალოგის წევრი.[1]

ბიოგრაფიარედაქტირება

მია მოტლი დაიბადა 1965 წლის 1 ოქტომბერს. იგი არის ერნესტ დეიტონ მოტლის (1907-1973 წწ.) შვილიშვილი, რომელიც იყო უძრავი ქონების ბროკერი და წარმატებული პოლიტიკური მოღვაწე. ერნესტ დეიტონ მოტლი იყო ბრიჯტაუნის პირველი მერი და იყო ბარბადოსის ნაციონალური პარტიის წევრი.

მოტლის ბიძა, ასევე სახელად ერნესტ დეიტონ მოტლი, 1975 წლის მარტში შექმნილი ქრისტიანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის (CSD) პოლიტიკური ლიდერი გახდა. მისი ბიძაშვილი იყო მსახიობი ევა მოტლი.

მიას მამა ელიოტ დეიტონ მოტლი იყო ადვოკატი, რომელიც მცირე ხნით იყო ბარბადოსის პარლამენტის წევრი. მას განათლება მიღებული ჰქონდა ბარბადოსში მდებარე ჰარისონის კოლეჯში და სამართლის სკოლაში. მუშაობდა ბელიზის გენერალურ პროკურორად და იყო ბელიზის სააპელაციო სასამართლოს წევრი. 1967 წელს დაოჯახდა სანტა ამორ ტაპინზე.

მია მოტლიმ განათლება მიიღო გაეროს საერთაშორისო სკოლაში და დედოფლის კოლეჯში (ბარბადოსი). მოგვიანებით სწავლა გააგრძელა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. 1986 წელს დაასრულა ლონდონის უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობით.

პოლიტიკური კარიერარედაქტირება

2008-2010 და 2013-2018 წლებში იყო ოპოზიციის ლიდერი ბარბადოსის პარლამენტში. 2018 წელს, მოტლის ხელმძღვანელობით ლეიბორისტულმა პარტიამ მოიპოვა ისტორიული გამარჯვება 24 მაისის საყოველთაო არჩევნებში, დაიკავა 30-ვე ადგილი პარლამენტში და გახადა პირველი პარტია, რომელმაც მიაღწია მსგავს წარმატებას. არჩევნებში მოიპოვა ხალხის ხმების 72,8 %, რაც ბარბადოსის ისტორიაში არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ოდესმე მიუღია პარტიას არჩევნებში.[2]

მია მოტლიმ ასევე წარმატებას მიაღწია 2022 წლის 19 იანვარს[3] გამართულ ვადამდელ არჩევნებშიც.[4]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. Inter-American Dialogue | Mia Amor Mottely. ციტირების თარიღი: 12 April 2017
  2. Barbados General Election Results 2018. ციტირების თარიღი: 26 May 2018
  3. Jim Wyss. (2022-01-20) Barbados Leader Mia Mottley Re-Elected in Another Landslide. ციტირების თარიღი: 2022-01-21
  4. .. (2021-12-28) Mottley Calls Snap Barbados General Election for January 2022 en-US. ციტირების თარიღი: 2022-01-09