კონსტანტინე მეღვინეთუხუცესი

(გადამისამართდა გვერდიდან მეღვინეთუხუცესი, კონსტანტინე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეღვინეთუხუცესი.

კონსტანტინე ვასილის ძე მეღვინეთუხუცესი (დ. 27 ნოემბერი, 1891, სოფ. ხიდისთავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 30 ნოემბერი, 1972, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946).

ბიოგრაფია რედაქტირება

1909 წელს დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1913 წელს პეტერბურგის კონსერვატორია პროფესორ ანატოლი ლიადოვის საკომპოზიციო კლასით. პარალელურად მუსიკალურ ესთეტიკას ეუფლებოდა და პროფესორ ლ. საკეტის ხელმძღვანელობით. დაამთავრა ასევე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

ფართო განათლების სპეციალისტი დაბრუნდა სამშობლოში და ჩაება კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჯერ ადმინისტრაციულ თანამდებობაზეა, შემდეგ იწყებს მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიაში, 1932 წლიდან პროფესორია.

1943 წელს კ. მეღვინეთუხუცესი აირჩიეს თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მუსიკის კათედრის გამგედ და კითხულობდა ლექციებს მუსიკის ისტორიაში. პარალელურად ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას. მის კალამს ეკუთვნის ოპერები: „ამირანი“, „დავით გურამიშვილი“ და „ბეკინას ქორწინება“, ექვსი სიმფონია, ერთი ბალეტი — „ჭანი გოგონა“. ამასთანავე კომპოზიტორი საქართველოს წამყვან თეატრებში მუსიკალურად აფორმებდა სპექტაკლებს, წლების მანძილზე მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობა ჰქონდა კოტე მარჯანიშვილთან. ფართო ერუდიციის მქონე შემოქმედი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორიცაა. მათ შორის აღსანიშნავია „შემავალი ტონის ისტორია“, „ქართული ხალხური პოლიფონია“ და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 268, თბ., 1994