მესამე ფიტნა
ოთხი ფიტნის ნაწილი

ომაიანთა სახალიფო დაახლ. 740 წლის მდგომარეობით.
თარიღი 744-750
მდებარეობა არაბთა სახალიფო
შედეგი აბასიანთა გამარჯვება
მხარეები
ომაიანები, კაისიტები ომაიანები, ქელბიტები ომაიანთა ოპონენტები
მეთაურები
ვალიდ II,
მარვან II იბნ მუჰამადი,
აბუ ალ-ვარდი,
იაზიდ იბნ უმარ ალ-ფაზარი,
ნასრ იბნ სააიარი
იაზიდ III,
სულეიმან იბნ ჰიშამი,
იაზიდ იბნ ხალიდ ალ-ქასრი
აბდალაჰ იბნ მუავია,
ალ-დაჰაკ იბნ კაის ალ-შაიბანი,
ჰაფზ იბნ ალ-ვალიდ იბნ იუსუფ ალ-ჰადრამი,
აბუ მუსლიმი
მესამე ფიტნა ვიკისაწყობში

მესამე ფიტნა (არაბ. فتنة , فتن; „გამოცდა“, „განსაცდელი“, „არეულობა“) — სამოქალაქო ომებისა და აჯანყებების პერიოდი არაბთა სახალიფოში, რომელიც ომაიანთა ხალიფების წინააღმდეგ გამოსვლებით დაიწყო 744 წელს. დაპირისპირება იყო თავად ომაიანთა დინასტიის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ არაბულ ტომებს ეყრდნობოდნენ. ხელისუფლებას აგრეთვე ებრძოდნენ პირველი და მეორე ფიტნის დროს დამარცხებული ალიდები და ხარიჯიტები. მიუხედავად იმისა, რომ 747 წლისთვის ომაიანებმა მოახერხეს აჯანყებებისა და წინააღმდეგობის ძირითადი კერების ჩახშობა სირიაში, ერაყსა და ირანის დასავლეთში, ხორასანში დაწყებულმა ახალმა, მძლავრმა ოპოზიციურმა მოძრაობამ აბასიანთა ხელმძღვანელობით 750 წელს დაამხო უკანასკნელი ომაიანი ხალიფა მარვან II იბნ მუჰამადი და ისლამური სახელმწიფოს ტახტზე ახალი დინასტია დაამკვიდრა.

საფუძვლები რედაქტირება

მეორე ფიტნის (680-692) შემდეგ გამარჯვებულმა ომაიანებმა საფუძვლიანად გარდაქმნეს სახალიფოს მმართველობის სისტემა; გაძლიერდა ხალიფის ძალაუფლება, რეფორმირდა არმია და მოხდა სახელმწიფო აპარატის არაბიზაცია და ისლამიზაცია. ამასთანავე, მეორე ფიტნის მოვლენებმა კიდევ უფრო გააძლიერა შიდასარწმუნოებრივი წინააღმდეგობები ისლამში. VIII საუკუნის პირველ მეოთხედში მუსლიმების წინაშე წამოიჭრა პოლიტიკური და რელიგიური ხასიათის საკითხების წყება, რომლის გადაჭრის სურვილს და უნარს ბევრი ომაიანთა დინასტიის წარმომადგენელთა შორის ვერ ხედავდა. ბევრი ორთოდოქსი მორწმუნე ომაიანებს ადანაშაულებდა იმაში, რომ მათ ხელში ხალიფის ინსტიტუტი ჭეშმარიტი სულიერი წინამძღოლობიდან სამხედრო-ადმინისტრაციულ აპარატზე დამყარებულ მონარქიად გადაიქცა.

ომაიანთა შინაომი რედაქტირება

მესანე ფიტნა 744 წელს ხალიფა ალ-ვალიდ II იბნ იაზიდის წინააღმდეგ აჯანყებით დაიწყო. ხალიფას ოპონენტები მიწიერი სიამოვნებებისკენ ჭარბ ლტოლვაში ადანაშაულებდნენ. ვალიდს მისი მცირეწლოვანი შვილების მემკვიდრეებად დასახელების და საკუთარი ბიძაშვილის, ბიზანტიელებთან ომის ვეტერანის — სულეიმან იბნ ჰიშამის დაპატიმრების მიზეზითაც ედავებოდნენ. ვალიდმა მტრები ადამიანის თავისუფალი ნების მქადაგებელთა — ყადარიტების სექტის წინააღმდეგ რეპრესიებისა და კაისიტებისა და ქელბიტების არაბულ ტომთა კონფლიქტში ჩარევის გამოც გაიჩინა. 744 წლის აპრილში ვალიდის მეტოქემ და ბიძაშვილმა, იაზიდ იბნ ალ-ვალიდი თავის თანამოაზრეებთან და ქელბიტებთან ერთად დამასკო დაიკავა. იმ დროს ქალაქგარე სასახლეში მყოფმა ვალიდმა თავი ალ-ბახრას (პალმირის ახლოს) შეაფარა, მაგრამ მომხრეთა მობილიზება ვერ მოახერხა. ის მოკლეს და მოკვეთილი თავი დამასკოში გაგზავნეს. ამას მოჰყვა ჰომსში კაისიტების გამოსვლა და ომაიანთა ნათესავის, აბუ მუჰამედ ალ-სუფიანის მეთაურობით დამასკზე წარუმატებელი ლაშქრობა, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლებულმა სულეიმან იბნ ჰიშამმა დაამარცხა. აბუ მუჰამედი ტყვედ ჩავარდა და მოკლული ვალიდის შვილებთან ერთად დამასკის ციხეში დაატუსაღეს.[1]

ახალი ხალიფა იაზიდი მალევე, 744 წლის სექტემბერში გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძმა იბრაჰიმი ავიდა. მის ხელისუფლების აღიარებაზე უარი განაცხადა ჩრდილოეთ მესოპოტამიის მმართველმა, ომაიანთა ნათესავმა მარვან იბნ მუჰამადმა (ქართული წყაროების „მურვან-ყრუ“), რომელმაც თავი მოკლული ხალიფა იაზიდის შვილების ინტერესების დამცველად გამოაცხადა, ქინასრინელი კაისიტების დახმარებით ჰომსი და ჩრდილოეთი სირია დაიკავა და აინ ალ-ჯართან (ბაალბექსა და დამასკს შორის) სულეიმან იბნ ჰიშამი და მისი ქელბიტი მეომრები დაამარცხა. იბრაჰიმმა და სულეიმან იბნ ჰიშამმა სასწრაფოდ დატოვეს დედაქალაქი და თავი ქელბიტების დასაყრდენს — პალმირას შეაფარეს. მანამდე ციხეში იაზიდის ტყვე შვილები დახოცეს. 744 წლის დეკემბერში მარვანი უბრძოლველად შევიდა დამასკოში და საპატიმროდან გათავისუფლებული აბუ მუჰამედ ალ-სუფიანის წაქეზებით თავი ხალიფად გამოაცხადა. იბრაჰიმმა და სულეიმან იბნ ჰიშამმა ამნისტიის სანაცვლოდ მარვანის ძალაუფლება აღიარეს. ახალმა ხალიფამ თავის რეზიდენციად მისი ძველი საგამგებლო ქალაქი ჰარანი (ჩრდილოეთ მესოპოტამიაში) აირჩია, თუმცა სირიაში დაწყებულმა არეულობამ ის აიძულა უკან დაბრუნებულიყო. ამჯერად აჯანყება პალესტინელმა ქელბიტებმა მოაწყეს ადგილობრივი მმართველის, თაბიტ იბნ ნუაიმის მეთაურობით. მალე მათ ჰომსიც აჰყვა. აჯანყებულთა ერთმა ჯგუფმა იაზიდ იბნ ხალიდ ალ-ქასრის მეთაურობით დამასკოს შეუტია, მეორემ, თაბიტ იბნ ნუაიმის ხელმძღვანელობით — ტიბერიას. 745 წლის ივლისში მარვანმა ჰომსი დაიმორჩილა, შემდეგ ქელბიტების ორივე ლაშქარი დაამარცხა, დატყვევებული თაბიტ იბნ ნუაიმი სიკვდილით დასაჯა და აჯანყებულთა სოფლები ცეცხლს მისცა. საბოლოოდ, პალმირაში გამაგრებულმა ქელბიტემა იარაღი დაჰყარეს და მარვანმა სირიაზე კონტროლი სრულად აღადგინა, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა.[2]

ქელბიტების დამარცხების შემდეგ მარვანმა ომაიანთა წარმომადგენლები შეკრიბა და თავისი შვილები ხალიფის ტახტის მემკვიდრეებად გამოაცხადა, შემდეგ სახალიფოს დარჩენილი პროვინციების დამორჩილება განიზრახა. მალევე, ხალიფის მიერ ერაყის ნაცვლის, იაზიდ იბნ ჰუბაირის გასაძლიერებლად გაგზავნილი სირიულმა კონტიგენტმა გზად, ალ-რუსაფთან ამბოხება მოაწყო და იქ მცხოვრები, წარსულში მარვანთან შერიგებული სულეიმან იბნ ჰიშამი ხალიფად გამოაცხადა. აჯანყება სირიის დიდ ნაწილს მოედო და მის ჩასახშობად მარვანი იძულებული გახდა ერაყიდან ჯარები გამოეხმო. ქინასრინთან ბრძოლაში სულეიმანი დამარცხდა და ჰომსისკენ უკუიქცა, იქ სარდლობა თავის ძმას გადააბარა და თავად ქუფაში გაიქცა. მარვანმა ჰომსი რამდენიმეთვიანი ალყის შემდეგ აიღო და მისი სიმაგრეები მიწასთან გაასწორა. 746 წლის ზაფხულისთვის სირია კვლავ მარვანს ემორჩილებოდა.[3]

ხარიჯიტებისა და ალიდების მარცხი რედაქტირება

ერაყსა და მესოპოტამიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლამ უფრო დიდხანს გასტანა. თავდაპირველად, მარვანმა ხალიფა იაზიდის მიერ დანიშნული ომაიანი მმართველის, აბდ ალაჰ იბნ უმარ იბნ აბდ ალ-აზიზის კაისიტი ალ-ნადრ იბნ საიდ ალ-ჰარაშით ჩანაცვლება სცადა. მათ შორის ბრძოლა გაგრძელდა მანამ, სანამ 745 წელს ორივეს სძლია შაიბანის ტომებს შორის აღზევებულმა ხარიჯიტულმა მოძრაობამ, რომელმაც ალ-დაჰაკ იბნ კაის ალ-შაიბანის ხელმძღვანელობით ერაყის დიდი ნაწილი მოიცვა. ალ-დაჰაკმა ქუფაში გამაგრება შეძლო და მარვანის მეტოქე სულეიმან იბნ ჰიშამი მიიმხრო, მაგრამ 746 წლის გაზაფხულზე კვლავ ჩრდილოეთით გაბრუნდა და მოსული დაიკავა. მარვანმა ალ-დაჰაკის წინააღმდეგ თავისი ძე აბდ ალაჰი გაგზავნა, რომელიც ნისიბინთან ალყაში მოექცა, მაგრამ, ვიდრე მამამისი ჰომსის აჯანყებას ჩაახშობდა, შეძლო ხარიჯიტების მთავარი ძალების შეკავება. 746 წლის ზაფხულის ბოლოს ჰომსში გამარჯვებულმა მარვანმა თავად შეუტია ხარიჯიტებს და მათ მოსული დაატოვებინა; ბრძოლაში დაიღუპა თავად ალ-დაჰაკი. მისმა შემცვლელმა აბუ დალაფმა ტიგროსის აღმოსავლეთით დაიხია. ამასობაში, მარვანის მიერ ერაყში დანიშნულმა იაზიდ იბნ ჰუბაირამ 747 წლის გაზაფხულის ბოლოს გაანადგურა ხარიჯიტები ქუფაში და დაამარცხა მათი მოკავშირე — ალიდების წარმომადგენელი აბდ ალაჰ იბნ მუავია, რომელიც მანამდე ირანის დასავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთში ვრცელ ტერიტორიას აკონტროლებდა. ამან საშუალება მისცა მარვანს მეტი ძალებით შეეტია ხარიჯიტებისთვის და საბოლოოდ განედევნა ისინი მესოპოტამიიდან. აბდ ალაჰ იბნ მუავია აღმოსავლეთით, ხორასანში გაიქცა, სადაც მოკლეს. სულეიმან იბნ ჰიშამმა და ქელბიტების ლიდერმა მანსურ იბნ ჯუმჰურმა თავი ინდოეთს შეაფარეს და იქ სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდნენ.[4]

აბასიანთა გამოსვლა რედაქტირება

 
აბუ ლ-აბას ალ-საფაჰი ხალიფად გამოცხადება. მინიატურა ბალამის „თარიხნამედან“. XIV საუკუნე.

ვიდრე მარვანი და მისი სარდლები სირიას, ერაყსა და დასავლეთ ირანს იმორჩილებდნენ, შინაომები გრძელდებოდა აღმოსავლეთის ერთ-ერთ მსხვილ პროვინციაში, ხორასანში, სადაც ომაიანთა ნაცვალი ნასრ იბნ საიიარი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა არაბ მოახალშენეთა და ადგილობრივ მცხოვრებთა სხვადასხვა დაჯგუფების აჯანყებებს გამკლავებოდა. ყველაზე მძლავრი აღმოჩნდა შიიტური სექტის — ჰაშიმიტების გამოსვლა, რომელმაც 747 წლის ივნისში იფეთქა. ჰაშიმიტებს შორის გამოირჩეოდა აბასიანთა გვარი, რომელიც აშკარა აჯანყების დაწყებამდე გულმოდგინედ ქმნიდა მხარდამჭერთა იატაკქვეშეთს. აბასიანები მაჰმადს ენათესავებოდნენ, მაგრამ მისი პირდაპირი შთამომავლები არ იყვნენ. ამიტომ ისინი ღიად ხალიფობაზე პრეტენზიას ჯერჯერობით არ გამოთქვამდნენ და ტახტზე მაჰმადის ოჯახიდან ნებისმიერი ღირსეულის აყვანას მოითხოვდნენ. მათ მოხერხებულად ისარგებლეს ხორასნელი არაბების უკმაყოფილებით პროვინციის ადმინისტრაციაში სირიელების უპირატესობის გამო, ასევე ომაიანი ხალიფების მიმართ სირია-ერაყში არსებული იმედგაცრუებით და სახალიფოში მცხოვრები არარაბი მუსლიმების და არამუსლიმების პროტესტით ომაიანთა დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო. ისლამური სამყაროს წინაშე მდგარი ფუნდამენტური სარწმუნეობრივი საკითხების გადაუჭრელობამ და არაბულ კლანებს შორის მუდმივმა დაძაბულობამ ომაიანთა სახელმწიფო იმდენად დაასუსტა, რომ მარვანის ენერგიული მოქმედებები მისი გადარჩენისთვის საკმარისი აღარ აღმოჩნდა. თავად მარვანის დამოკიდებულება უპირატესად ერთი ჯგუფის — კაისიტების მხარდაჭერაზე, ასევე მისი მცდელობა სახალიფოს ცენტრი მტრულ ბანაკებად დაყოფილი სირიიდან მესოპოტამიაში გადაეტანა, ომაიანთა დინასტიის მზარდი სისუსტეებისა და ლეგიტიმურობის რღვევის კიდევ ერთი გამოხატულება იყო.[5][6][7]

ომაიანთა დამხობა რედაქტირება

აბასიანთა აჯანყება, რომელსაც მონაყოფილი სპარსელი აბუ მუსლიმი მეთაურობდა, მალევე გავრცელდა მთელს ხორასანში. 748 წლის თებერვალში აბუ მუსლიმმა ქალაქი მერვი დაიკავა, მოგვიანებით კი აბასიანთა სარდალმა ქაჰთაბა იბნ შაბიბ ალ-თაიმ ნიშაბური აიღო, აგვისტოში დასავლეთ ირანში, გორგანთან ხალიფის მიერ ნასრ იბნ საიიარის დასახმარებლად გაგზავნილი ჯარი დაამარცხა და ქალაქი რეი დაიკავა. ამასობაში, აბუ მუსლიმმა სახალიფოს უკიდურეს აღმოსავლეთ პროვინციებზე — მავერანაჰზე და ბაქტრიაზე დაამყარა კონტროლი. 749 წლის აგვისტოში ალ-თაი თავისი არმიით უკვე მესოპოტამიაში იყო. ქუფისკენ მიმავალ გზაზე მან ომაიანთა სარდალი იაზიდ იბნ უმარ ალ-ფაზარი დაამარცხა, მაგრამ თვითონ ბრძოლაში დაიღუპა. უკუქცეული ალ-ფაზარი თავის ჯართან ერთად ქალაქ ვასიტში ალყაში მოექცა. აბასიანებმა ალ-თაის შვილის, ალ-ჰასან იბნ ქაჰთაბას მეთაურობით გზა განაგრძეს, ევფრატი გადალახეს და 2 სექტემბერს ქუფა დაიკავეს. იქვე, 749 წლის 28 ნოემბერს აბასიანი აბუ ლ-აბას ალ-საფაჰი, მაჰმადის ბიძა ალ-აბასის შთამომავალი, ხალიფად გამოაცხადეს.

750 წლის იანვარში მარვანმა თავად უსარდლა ომაიანთა არმიას, რომელიც აბასიანთა წინააღმდეგ ჰარანიდან დაიძრა. 25 იანვარს მდინარე ზაბის (ტიგროსის შენაკადია) ნაპირას მომხდარ ბრძოლაში მარვანის ჯარი მთლიანად განადგურდა. მომხრეთა მცირე გუნდით მარვანი სირიის გავლით ეგვიპტეში გაიქცა. აბასიანები უმალვე დაედევნენ მას და 750 წლის ივნისში ზემო ეგვიპტეში, ბუსირთან ხანმოკლე შეტაკებაში მოკლეს. მანამდე, აპრილში აბასიანებმა ომაიანთა დედაქალაქი დამასკო დაიკავეს. ივლისში ალყაშემორტმული ვასიტიც დაეცა, ტყვედ დანებებული ალ-ფაზარი სიკვდილით დასაჯეს. ამგვარად, ხორასანში აბასიანთა აჯანყების დაწყებიდან სამი წლის შემდეგ ომაიანთა სახალიფომ არსებობა დაასრულა.[8][9]

სქოლიო რედაქტირება

  1. Hawting 2000, pp. 93–94.
  2. Hawting 2000, pp. 96–97.
  3. Hawting 2000, pp. 97, 98–99.
  4. Hawting 2000, pp. 100–101.
  5. Shaban 1979, pp. 134–136.
  6. Sharon 1990, pp. 44–45.
  7. Hawting 2000, pp. 107–108.
  8. Hawting 2000, pp. 116–118.
  9. Shaban 1979, p. 161.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Hawting, Gerald R. (2000) The First Dynasty of Islam: The Umayyad Caliphate AD 661–750, 2nd, London and New York: Routledge. ISBN 0-415-24072-7. 
  • Kennedy, Hugh (1998). „Egypt as a province in the Islamic caliphate, 641–868“, Cambridge History of Egypt, Volume One: Islamic Egypt, 640–1517. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 62–85. ISBN 0-521-47137-0. 
  • Shaban, M. A. (1979). The ʿAbbāsid Revolution. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-29534-3. 
  • Sharon, Moshe (1990). Revolt: the social and military aspects of the ʿAbbāsid revolution. Jerusalem: Graph Press Ltd.. ISBN 965-223-388-9. 
  • Zetterstéen, K. V. (1987). „ʿAbd Allāh b. Muʿāwiya“. In Houtsma, Martijn Theodoor (ed.). E.J. Brill's First Encyclopaedia of Islam, 1913–1936, Volume I: A–Bābā Beg. Leiden: BRILL. pp. 26–27. ISBN 90-04-08265-4.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება