მერი დე ბოჰუნი (ინგლ. Mary de Bohun; დ. 1369/1370 — გ. 4 ივნისი, 1394) — ინგლისელი არისტოკრატი ბოჰუნთა გვარიდან. ინგლისის მეფე ჰენრი IV-ის ცოლი, რომელიც მის გამეფებამდე დაიღუპა. ინგლისის მეფე ჰენრი V-ისა და დანიის დედოფალ ფილიპას დედა.

მერი დე ბოჰუნი
წოდებები
ნორთემპტონის გრაფინია
დერბის გრაფინია
დაიბადა 1369/1370
გარდაიცვალა 4 ივნისი, 1394, (26 წლის)
საგვარეულო ბოჰუნები
მეუღლე(ები) ჰენრი, ნორთემპტონის ერლი
შვილ(ებ)ი ჰენრი V, ინგლისის მეფე
თომასი, კლარენსის ჰერცოგი
ჯონი, ბედფორდის ჰერცოგი
ჰამფრი, გლოსტერის ჰერცოგი
ბლანკა, პფალცის კურფიურსტი
ფილიპა, დანიის დედოფალი
მამა ჰამფრი, ჰერეფორდის ერლი
დედა ჯოან ფიცოლანი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

მერი დაიბადა დაახლოებით 1369-70 წლებში. იგი იყო ჰერეფორდის ერლ ჰამფრი დე ბოჰუნისა და მისი მეუღლის, გრაფინია ჯოან ფიცოლანის ასული. დედის მხრიდან იგი არუნდელის ერლ რიჩარდ ფიცოლანისა და ელეონორა ლანკასტერელის შვილიშვილი იყო, ხოლო ბებიამისი, თავისმხრივ ინგლისის მეფე ჰენრი III-ის შვილთაშვილი იყო.

მერის უფროსი და, ლედი ელეონორა დე ბოჰუნი ცოლად გაჰყვა ინგლისის მეფე ედუარდ III-ის შუათანა ძეს, გლოსტერის ჰერცოგ თომას ვუდსტოკელს, რითაც ბოჰუნების გვარი ერთობ ამაღლდა და დაუახლოვდა სამეფო კარს. თავისი ცოლის მემკვიდრეობის დასაცავად თომას ვუდსტოკელი ცდილობდა დაერწმუნებინა სიმამრი, რომ მერი მონაზვნად აღეკვეცათ, თუმცა არ გამოუვიდა. სულ მალე თომასს გადამტერებულმა მისსავე ძმამ, ლანკასტერის ჰერცოგმა ჯონ გენტელმა გადაწყვიტა მერის მისსავე წინააღმდეგ გამოყენება.

ამ მიზნით 1380 წლის 27 ივლისს არუნდელის სასახლეში მერი დე ბოჰუნი დაქორწინდა ჯონის უფროს ვაჟზე, ნორთემპტონის ერლ ჰენრი ლანკასტერელზე (შემდეგში მეფე ჰენრი IV). ექვსწლიანი უნაყოფობის შემდეგ მერიმ 1386 წლის 16 სექტემბერს მონმაუთის სასახლეში თავისი პირველი ვაჟი, მომავალი მეფე ჰენრი V გააჩინა, რასაც კიდევ სამი ვაჟისა და ორი გოგონას დაბადება მოჰყვა.

მერი დე ბოჰუნი 1394 წლის 4 ივნისს, 26 წლის ასაკში გადაჰყვა თავის მეექვსე შვილზე, პრინცესა ფილიპაზე მშობიარობას. იგი დაკრძალეს ლესტერის წმინდა მარიამ ღვთისმშობლის სახელობის კათედრალში. მისი გარდაცვალებიდან ხუთ წელიწადში მისი ქმარი ინგლისის მეფე გახდა და ცოლად ნავარის მეფის ასული ჟანა შეირთო, თუმცა მასთან შვილები აღარ ჰყოლია.

შვილები რედაქტირება

  1. ჰენრი V (1386-1422), ინგლისის მეფე 1413-1422 წლებში. ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე შარლ VI-ის ასული კატრინ დე ვალუა, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე, ჰენრი VI;
  2. თომასი (1387-1421), კლარენსის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარგარეტ ჰოლანდი, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია;
  3. ჯონი (1389-1435), ბედფორდის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I-ის ასული ანა ბურგუნდიელი, მისი დაღუპვის შემდეგ კი ჟაკეტა ლუქსემბურგელი, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
  4. ჰამფრი (1390-1447), გლოსტერის ჰერცოგი, პირველად იქორწინა ნიდერლანდების მმართველ ჟაკლინ ენოელზე, რომელსაც უნაყოფობის გამო გაეყარა და ცოლად შეირთო ელეონორა კობჰემი, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
  5. ბლანკა (1392-1409), ცოლად გაჰყვა პფალცის კურფიურსტ ლუდვიგ III-ს, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
  6. ფილიპა (1394-1430), ცოლად გაჰყვა დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე ერიკ VII-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Allmand, Christopher (1992). Henry V. The University of California Press.
  • Given-Wilson, Chris (2016). Henry IV. Yale University Press.
  • Goodman, Anthony (2013). John of Gaunt: The Exercise of Princely Power in Fourteenth-Century Europe. Routledge.
  • Knighton, Henry (1995). Martin, G.H. (ed.). Knighton's Chronicle, 1337-1396. Clarendon Press.
  • Luxford, Julian M. (2008). "The Collegiate Church as Mausoleum". In Burgess, Clive; Heale, Martin (eds.). The Late Medieval English College and Its Context. York Medieval Press.
  • Mortimer, Ian (2007). The Fears of Henry IV. Random.
  • Richardson, Douglas (2011). Plantagenet Ancestry: A Study In Colonial And Medieval Families. Genealogical Publishing Company.
  • Staley, Lynn (2006). Languages of Power in the Age of Richard II. The Pennsylvania State University Press.
  • Ward, Jennifer C., ed. (1995). Women of the English Nobility and Gentry, 1066–1500. Manchester University Press.
  • Ward, Jennifer (2006). Women in England in the Middle Ages. Hambledon Continuum.